კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და სეკრეციის დათრგუნველი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

H2 ანტიჰისტამინური საშუალებები

H2-ანტიჰისტამინური პრეპარატები ამუხრუჭებენ პარიეტული უჯრედებით მარილმჟავასა და პეპსინის გამომუშავებას. ჰისტამინური H2-რეცეპტორების აგზნებას თან სდევს საჭმლის მომნელებელი, სანერწყვე, კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლების და აგრეთვე, ნაღვლის გამოყოფის სტიმულაცია. მაგრამ უფრო მეტად აქტიურდება კუჭის პარიეტალური უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ მარილმჟავას. ეს ეფექტი ძირითადად განპირობებულია ციკლო-ადენოზინმონოფოსფატის (ცამფ) შემცველობის გაზრდით (კუჭის H2-რეცეპტორები შეკავშირებულია ადენილაცტეკლაზასთან), რომელიც ზრდის ქლორისა და წყალბადის თავისუფალი იონების წარმოქმნაში მონაწილე კარბოანჰიდრაზას აქტივობას. ამჟამად კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება H2-ანტიჰისტამინური პრეპარატები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი და სხვა), რომლებიც თრგუნავენ კუჭის (როგორც სპონტანურის, ასევე ჰისტამინით სტიმულირებულის) წვენის გამოყოფას და, აგრეთვე, ამცირებენ პეფსინის გამოყოფას. გარდა ამისა, ისინი გავლენას ახდენენ იმუნურ პროცესებზე (რადგან აბლოკირებენ ჰისტამინის მოქმედებას), აქვეითებენ პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ანთებისა და ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოყოფას.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ამ ჯგუფის პრეპარატები ახდენენ კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების აპიკალურ მემბრანაზე არსებული H+-K+-ატფ-აზას (პროტონული ტუბოს) ინჰიბირებას. ფერმენტი H+-K+-ატფ-აზა ახორციელებს პარიეტული უჯრედიდან კუჭის სანათურში იონების გადატანას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მაღალი სელექტიურობა განპირობებულია იმით, რომ მათი აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ მჟავა pH-ის დროს (<<4). აქტივაციის შემდეგ ისინი ქმნიან მდგრად კოვალენტურ ბმებს 813-ე ამინომჟავის (ცისტეინი) H+-K+-ATÔ-აზას სულფჰიდრილურ ჯგუფებთან და ამუხრუჭებენ მარილმჟავას სეკრეციის დამამთავრებელ ეტაპს. ამ პრეპარატების მიერ მჟავაწარმოქმნის დათრგუნვა არ არის  პარიეტული უჯრედების ბაზალურ მემბრანაზე დამოკიდებული რეცეპტორების (H2, M3 და სხვა) მდგომარეობაზე. პროტონული ტუმბოს ინჰიბირება ომეპრაზოლით, ლანსოპრაზოლით, პანტოპრაზოლით უკუქცევადია, რაბეპრაზოლით – ნაწილობრივად შექცევადია (მისი კომპლექსი H+-K+-ატფ-აზასთან შეიძლება დისოცირდეს). პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დოზაზე დამოკიდებულებით ახშობენ მარილმჟავას, როგორც ბაზალურ (ღამის და დღის), ასევე სტიმულირებულ სეკრეციას (სტიმულის სახეობის მიუხედავად, წინ უსწრებენ საჭმლის მიღების შემდეგ სეკრეციას. პრეპარატის მოხსნას არ მოჰყვება რიკოშეტის ფენომენი, ხოლო მჟავაწარმოქმნა აღდგება რამდენიმე დღის განმავლობაში (H+-K+-ATÔ-აზას ახალი მოლეკულების სინთეზის შემდეგ).
H+-K+-ატფფ-აზას ინჰიბიტორები უზრუნველყოფენ კლინიკურ-ენდოსკოპური რემისიის მიღწევას ყველა მჟავადამოკიდებული დაავადების დროს, მათ შორის ისეთებშიც, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ და მუდმივ თერაპიას. ისინი კუჭში დიდხანს, დღე-ღამის განმავლობაში, ინარჩუნებენ pH-ის ისეთ დონეს, რომელიც ხელსაყრელია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის. მკურნალობის ფონზე აღინიშნება მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება (ქრება ტკივილის სინდრომი და დისპეფსიის მოვლენები), კუჭის ლორწოვანი გარსის მორფოფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზაცია, პეპტიკური წყლულების შეხორცების ვადების შემცირება. მათი გამოყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს ხელს უწყობს საყლაპავ მილში მარილმჟავას ექსპოზიციის დროის შემცირებას, კუჭის შიგთავსის დამაზიანებელი თვისებების შესუსტებას. ამსაშუალებების გამოყენების შედეგად კუჭსშიდა სეკრეციის დათრგუნვის ხანგრძლივობა (pH>>4) 12 სთ-მდე გრძელდება, ეროზიული ეზოფაგიტის შეხორცების შესაძლებლობას 8 კვირაში უზრუნველყოფს. პრეპარატები ეფექტურია H2-ბლოკატორებით თერაპიისადმი რეფრაქტერობის დროს. ისინი ზრდიან კუჭის ლორწოვან გარსში ანტიბაქტერიულ საშუალებათა კონცენტრაციას და pH-ის უფრო მაღალ მნიშვნელობების შენარჩუნების პირობებში ზრდიან სხვადასხვა ანტიბიოტიკურ საშუალებათა აქტივობას. ეს ოპტიმალურ პირობებს ქმნის ერადიკაციური ანტიჰელიკობაქტერული თერაპიის (სამმაგი ან კვადროთერაპია) სქემაში შემავალი ანტიბაქტერიალური კომპონენტების ეფექტების მისაღწევად. H+-K+-ატფ-აზას ინჰიბიტორებს გააჩნიათ აგრეთვე საკუთარი ანტიჰელიკობაქტერული ეფექტი (in vivo მოქმედებენ ბაქტერიების ატფ-აზებზე და თრგუნავენ Helicobacter pylori-ს ზრდას), H+-K+-ატფ-ზას ინჰიბიტორების ჩართვა ერადიკაციულ თერაპიაში რეკომენდებულია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, რომელიც გამწვავების და რემისიის პერიოდში ასოცირებულია H.pylori-სთან, სისხლმდენი პეპტიკური წყლულის, კუჭის ლორწოვანი გარსის გამოხატული ცვლილებებით მიმდინარე ჰელიკობაქტერიული გასტრიტის, ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის  კუჭის მალტომების სამკურნალოდ, კუჭის სიმსივნის ენდოსკოპიური ამოკვეთის შემდეგ. H+-K+ატფ-აზას ინჰიბიტორები გავლენას ახდენენ H.pylori-ს ინფექციის ბიოქიმიური მეთოდებით დიაგნოსტიკის შედეგებზე. ამიტომ H.pylori-ს ერადიკაციის სისრულის კონტროლის ურეაზული ტესტები შეიძლება ჩატარდეს მიღების შეწყვეტიდან არა ნაკლებ 4 კვირის შემდეგ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ხელს უშლიან  ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული საშუალებებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ამცირებენ განმეორებითი კუჭ-ნაწლავური სისხლდენების სიხშირეს (წყლულოვანი დაავადების გართულება), განსაკუთრებით, თუ მკურნალობის პროცესში მიღწეულ იქნა H.pylori-ს ერადიკაცია. ქრონიკული პანკრეატიტის დროს ისინი ხელს უწყობენ ტკივილის სინდრომის ეფექტურ კუპირებას სეკრეციის დათრგუნვისა და შიდაპანკრეასული წნევის დაქვეითების ხარჯზე. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ჰიპერგასტრინემია და შრატში პეფსინოგენ I-ის დონის აწევა (ნაკლებად გამოხატულია H.pylori-ს ერადიკაციის შემდეგ). მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ გასტრინის დონე შრატში აღწევს საწყის მნიშვნელობას. ჰიპერგასტრინემიის გამოხატულობის შესამცირებლად რეკომენდებულია H+-K+-ატფ-აზას ინჰიბიტორების შეხამება პროსტაგლანდინების სინთეზურ ანალოგებთან (მიზოპროსტოლი) ან პირენზეპინთან. H+-K+-ატფ-აზას ინჰიბიტორებს შეუძლიათ ჰიპომოტილინემიის შედეგად დააქვეითონ კუჭის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქცია.  ხანგრძლივი გამოყენებისას გასათვალისწინებელია კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიის, კამპილობაქტერული გასტროენტერიტის, კუჭის და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში არაჰელიკობაქტერული ბაქტერიების ჭარბი გამრავლების და კოლონიზაციის და მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის დინამიკური წონასწორობის დარღვევის საშიშროება.

დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები

დიარეის ეთიოლოგიიდან გამომდინარე მის სამკურნალოდ იყენებენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის საშუალებებს.: ბაქტერიებით გამოწვეულ დიარეის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები ან სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატები;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ფუნქციონალური დარღვევებით გამოწვეული დიარეის დროს  –  საჭმლის მონელების პროცესების გამაუმჰობესებელი საშუალებები, ასევე იყენებენ  მაადსორბირებელ და შემკვრელ საშუალებებს; სპაზმური კომპონენტით მიმდინარე დიარეის დროს გამოიყენება სპაზმოლიზური  და ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები. წარსულში დიარეის დროს ფართოდ იყენებდნენ ოპიატებს (ფხვნილს, ოპიუმის ნაყენს). ეს პრეპარატები  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპიატურ რეცეპტორების აღგზნების შედეგად, იძლევიან “ჩამკეტ” ეფექტს, კერძოდ ასუსტებენ პერისტალტიკას და იწვევენ სფინქტერების სპაზმს. სადღისოდ გამოიყენება  საშუალებები (ლოპერამიდი), რომლებსაც ოპიოიდებისაგან განსხვავებით არა აქვთ გამოხატული ანალგეტიკური ქმედება, მაგრამ ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპიატური რეცეპტორების სტიმულირებას და დიარეის მიზეზის მიუხედავად, აფერხებენ ნაწლავის მოტორიკას

ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნიათ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ  ნერვული რეგულაციის სხვადასხვა რგოლებზე. კუჭის ადგილობრივი გაღიზიანებით გამოწვეული ღებინების დროს ეფექტურია შემომგარსველი და შემკვრელი საშუალებები, ადგილობრივი საანესთზიო საშუალებები.. ზოგიერთი ნეიროტროპული პრეპარატები ამცირებენ ღებინების ცენტრის და ქემორეცეპტორული ზონის აგზნებადობას. ეს უკანასკნელი მოიცავს დოფამინურ, მ-ქოლინერგიულ, ჰისტამინურ (H1) და სეროტონინურ რეცეპტორებს, რომელთა ბლოკადა განაპირობებს  ღებინების საწინააღმდეგო ეფექტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ღებინების განვითარებაში და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების ქმედების მექანიზმში ასრულებენ სეროტონინური (5-HT3) რეცეპტორები. სეროტონინურ (5-HT3) რეცეპტორებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულია ონდანსეტრონის, ტროპისეტრონის მოქმედება, რომლებიც ეფექტურია სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული ღებინების დროს. სეროტონინურ (5-HT3) რეცეპტორებს  აგრეთვე ამუხრუჭებს მეტაკლოპრომიდი და იმავდროულად ახდენს დოფამინური (D2) რეცეპტორების ბლოკირებას. ქოლინოლიტიკები, H1-ანტიჰისტამინური საშუალებები (დიფენჰიდრამინი, პრომეტაზინი და სხვა) გამოიყენება მგზავრიბით გამოწვეული ღებინების თვიდან ასაცილებლად,  მენიერის დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ღებინების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებებია ფენოთიაზინის და ბუტიროფენონის ჯგუფის ნეიროლეპტიკები, რომლებიც მოქმედებენ დოფამინერგიულ სისტემებზე. ფენოთიაზინის წარმოებულთა შორის  ღებინების საწინააღმდეგო მაღალი აქტივობა ახასიათებთ პერფენაზინს, პროქლორპერაზინს, ტრიფლუოპერაზინს, ტიეთილპერაზინს (ტორეკანს) და სხვა, ბუტიროფენონების რიგში – ჰალოპერიდოლს და ა.შ.

ნაწლავის მიკროფლორის მანორმალიზებელი საშუალებები

ნაწლავის მიკროფლორის მანორმალიზებელი პრეპარატები (ბაქტისუბტილი, მშრალი ბიფიკოლი, მშრალი ბიფილიზი, და სხვა) ხელს უშლიან პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების (დიზენტერიის, მუცლის ტიფის, სალმონელოზის, პათოგენური ნაწლავური ჩხირის, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, პროტეის გამომწვევთა და სხვათა) გამრავლებას და იწვევენ მათ დაღუპვას. მიკროფლორის ნორმალიზაციასთან ერთად ზოგიერთი მათგანი (ბაქტისუბტილი და სხვა) აუმჯობესებენ რკინის, კალციუმის და სხვა მიკროელემენტების შეთვისებას, ზრდიან ჰემოგლობინის დონეს, ასტიმულირებენ ცვლის პროცესებს, ზრდიან ინფექციურ და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ მდგრადობას, ავლენენ იმუნომოდულაციურ აქტივობას. ეს სამკურნალო საშუალებები ფართოდ გამოიყენება დისბაქტერიოზების, ნაწლავის დისფუნქციის, კოლიტების, მწვავე და ქრონიკული დიარეის (განსაკუთრებით ბავშვებში) დროს, ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, აგრეთვე კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა წარმოშობის დაზიანებების შემთხვევებში (ადგილობრივად).

______________________________________
გაფრთხილება!

  • საავტორო უფლებები
    მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
  • თემატურად მომიჯნავე სტატიები
  • ლიტერატურა
    1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..