ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების კორექტორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

მოსახლეობის სიკვდილიანობასა და დაინვალიდებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ცერებრივასკულარულ დარღვევებს. ყველაზე ხშირია იშემიური ინსულტები და ტვინის სხვა იშემიური დაზიანებები. ჰემორაგიული ინსულტები ბევრად უფრო იშვიათია. აღნიშნული დაავადებების პათოგენეზის განსხვავების მიუხედავად ჰემორაგიული ინსულტისათვისაც ასევე, დამახასიათებელია იშემიური მდგომარეობები, რომლებიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვების კონსტრიქტორული რეაქციებით. ამის შესაბამისად, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე ავადმყოფთა მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ტვინის სისხლმომარაგებაზე, მიკროცირკულაციაზე, ჟანგბადით უზრუნველყოფაზე და ტვინის ქსოვილში აღადგენენ მეტაბოლურ პროცესებს. აღიარებულია ტვინის იშემიური დაზიანებების პათოგენეზში გლუტამატერგული პროცესების მონაწილეობა, რასაც ადასტურებს დამაჯერებელი მტკიცებულებები. ექსპერიმენტულად გამოვლენილია გლუტამატური რეცეპტორების ანტაგონისტების უნარი ხელი შეუშალონ ტვინის იშემიური დაზიანებების განვითარებას. ასევე, კლინიკური გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ნაერთებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რაც ზღუდავს მათ კლინიკურ გამოყენებას. ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გრძელდება. ცერებროვასკულარული დარღვევების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ტვინის დაზიანებულ უბანზე კალციუმის ცვლის დარღვევა. დადგენილია აგრეთვე, რომ ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციაში დიდი როლი მიუძღვის გაემერგულ პროცესებს. აღმოჩენილია ტვინის სისხლძარღვთა მაღალი მგრძნობელობა გაემ-ის მიმართ და მათში იმავე დასახელების რეცეპტორების არსებობა. ყველაფერი ზემოთ თქმულის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ კალციუმის არხების ბლოკატორების – ნიმოდიპინის, ცინარიზინის, და აგრეთვე გაემ-ის წარმოებულის – ნიკოტინოილ-გამა-ამინოერბომჟავის (პიკამილონის) პათოგენეტიკურად დასაბუთებული გამოყენება. ცერებროვასკულარული დარღვევების მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ გამოიყენება სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ ტვინის სისხლმომარაგებას. ისინი ახდენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას (ვინპოცეტინი, ვინკამინი, ნაფტიდროფურილი, ქსანტინოლის ნიკოტინატი, პაპავერინი, პენტოქსილინი). ტვინის იშემიის დროს გამოიყენება ნიკოტინის მჟავას ნაშთიანი ერგოლინის წარმოებული – ნიცერგოლინი, რომელიც ავლენს ალფა-ადრენოლიზურ აქტივობას და ახდენს სეროტონინზე ტვინის სისხლძარღვების შემავიწროებელი რეაქციების ბლოკირებას. ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ იშემიზირებული ტვინის მეტაბოლიზმზე და ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური და ჰიპოქსიის საწინააღმდეგო აქტივობით (გინკგო ბილობა, ინსტენონი, ვაზობრალი) და აგრეთვე ნოოტროპები (პირაცეტამი, ფეზამი).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები