სისხლის შედედებაზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

სისხლს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რაც ადამიანისთვის უძველესი დროიდანვე  იყო ცნობილი. არსებობდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც  სისხლი ადამიანის ხასიათის, ბედის, თვისებებს მთავარ განმსაზღვრელს წარმოადგენდა. ადამიანის სულიერ თვისებებზე სისხლის უშუალო გავლენის ამსახველი მისტიური წარმოდგენების გამოხატულებაა წარმოადგენდა ისეთი ფაქტები, როცა სისხლის გადასხმა მეგობრობის სიმტკიცის თუ ცოლ-ქმრული უთანხმოების დაძლევის, ძმური თუ და-ძმური ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებად იყო მიჩნეული. ისტორიიდან ცნობილია ასევე, რომ ჰიპოკრატე მძიმე ავადყოფებს ურჩევდა ჯანმრთელი ადამიანის სისხლი დაელიათ;  ძველი რომაელი პატრიციები მომაკვდავი გლადიატორების სისხლს სვამდნენ, ხოლო რომის პაპის ინიკენტია მე-8-ის სიცოცხლის გადასარჩენად დაამზადეს განსაკუთრებული წამალი, რომელიც სამი ყმაწვილის სისხლისაგან იყო დამზადებული.

სისხლი ტუმბოს წნევის (გულის) მეშვეობით ცირკულირებს ჩაკეტილ სისტემაში (სისხლძარღვებში) და უჯრედებს საკვები ნივთიერებების მიმოცვლის საშუალებას აძლევს, გააქვს უჯრედული დაშლის პროდუქტები, არეგულირებს მათში სითბოს და ა.შ., ანუ აკეთებს ყველაფერს, რაც ცალკეულ უჯრედებს, ზოგჯერ ერთმანეთისაგან დაშორებულსაც კი, საშუალებას აძლევს წარმოადგენდნენ ერთიან ორგანიზმს.
სისხლი შემაერთებელი ქსოვილის ნაირსახეობაა, რომელიც უწყვეტად მიედინება სისხლძარღვებში. სისხლის მოძრაობას უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რომელშიც ტუმბოს როლს გული და არტერიებისა და ვენების გლუვი მუსკულატურა ასრულებს. ორგანიზმის სამი ძირითადი შინაგანი გარემოდან სისხლი ერთ-ერთია, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. დანარჩენ ორ კომპონენტს წარმოადგენს ლიმფა და ქსოვილთაშორისი სითხე. სისხლი საჭიროა ორგანიზმში ნივთიერებათა გადასატანად. სისხლის 55%-ს ქმნის პლაზმა, დანარჩენი წილი მოდის მასში შეწონილ ფორმიან ელემენტებზე, როგორიცაა ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები. ამის გარდა, სისხლი შეიცავს უჯრედებს (ფაგოციტები) და ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს იცავენ დაავადების გამომწვევ მიკრობთაგან.
ერითროციტები – სისხლის წითელი სხეულებია, რომელიც სისხლის უჯრედებში ყველაზე დიდი რაოდენობითაა. ერითროციტები შეიცავენ ჟანგბადის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ ნაერთს – ჰემოგლობინს. ისინი მონაწილეობენ გაზთაცვლაში, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულაციაში, სხვადასხვა ფერმენტულ თუ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ლეიკოციტები – სისხლის თეთრი სხეულაკებია, რომლებიც წარმოადგენენ იმუნური სისტემის ნაწილს და ასრულებენ დამცველობით ფუნქციას. ლეიკოციტებს შორის არჩევენ გრანულოციტებს, ლიმფოციტებს და მონოციტებს.
თრომბოციტები – სისხლის ფირფიტებია. ისინი შეიცავენ სისხლის შედედების ფაქტორს თრომბოპლასტინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში.

სისხლის შემადგენლობის მუდმივობას უზრუნველყოფს სისხლმბადი სისტემა, რომელსაც მიეკუთვნება ძვლის ტვინი, ელენთა, ლიმფური კვანძები, და თიმუსი. ამ სისტემის საფუძველია ძვლის ტვინი, სადაც ხდება სისხლის ფორმიანი ელემენტების – ერიტროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების წარმოქმნა. სისხლმბადი სისტემა ახორციელებს უჯრედების მუდმივ განახლებას და შევსებას, რითაც უზრუნველყოფს სისხლთან დინამიურ წონასწორობას. სისხლმბადი სისტემის ორგანოების დაზიანება ან დაავადება იწვევს სისხლის შედგენილობის ცვლილებას, რის შედეგადაც სუსტდება მისი ფუნქციები. ეს ფუნქციები კი მრავალფეროვანია. მათგან ძირითადია:
– სუნთქვითი (ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ქსოვილებისკენ და ნახშირორჟანგის გადატანა ქსოვილებიდან ფილტვებისაკენ);
– კვებითი (საკვები ნივთიერებების ტრანსპორტი ორგანოებისკენ, სადაც ისინი მოიხმარება);
– გამომყოფი (ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამომყოფ ორგანოებთან მიწოდება);
– მარეგულირებელი (სამიზნე უჯრედების ჰორმონებით მომარაგება);
–                           ჰომეოსტაზური (ოსმოსური წნევის, წყლის ბალანსის, შინაგანი გარემოს მინერალური შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნება);
– თერმომარეგულირებელი (სხეულის ტემპერატურის მუდმივობის უზრუნველყოფა);
– დამცველობითი (ორგანოებისა და ქსოვილების დაცვა მათში უცხო ნივთიერებების შეღწევისაგან).

ორგანიზმში არსებობს ე.წ. ჰემოსტაზის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის შედედებისა და ფიბრინოლიზის პროცესებს შორის წონასწორობას.  ეს სისტემა ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ბიოლოგიურ სისტემათა შორის.
სისხლის შედედების სისტემის ფაქტორები მონაწილეობენ თრომბოპლასტინის წარმოქმნის პროცესებში, ამასთან თრომბოპლასტინთან კომპლექსში და კალციუმის იონების თანაობისას ისინი იწვევენ არააქტიური ცილის პროტრომბინის აქტიურ ფერმენტ თრომბინად გარდაქმნის პროცესს.
სისხლის შედედებას საფუძვლად უდევს პლაზმის ხსნადი ცილის ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნა. ამ პროცესის აგენტებად ითვლება კალციუმის იონები და პროთრომბინი. სისხლის შედედების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს მჟაუნმჟვა და ნატრიუმის ციტრატი, რაც გამოწვეულია ამ ნაერთებთან კალციუმი იონების შეკავშირების მაღალი უნარით. სწორედ ეს მოვლენა უდევს საფუძვლად დონორის სისხლის შენახვის მიზნით მათ გამოყენებას. გარდა ამისა, სისხლის შედედების პროცესის ნორმალური მიმდინარეობისათვის საჭიროა მეორე ნივთიერება – პროთრომბინი. იგი წარმოადგენს პლაზმის ცილას, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში. პროთრომბინის წარმოქნისათვის საჭიროა K ვიტამინი. ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები – ფიბრინოგენი, კალციუმის იონები და პროთრომბინი ყოველთვისაა სისხლის პლაზმაში, თუმცა ნორმალურ პირობებში მისი შედედება არ ხდება.
საქმე იმაშია, რომ პროცესის დაწყება არ ხდება მისი კიდევ ერთი კომპონენტის – ფერმენტულ ცილის თრომბოპლასტინის გარეშე, რომელიც შედის თრომბოციტებში და ორგანიზმის ყველა ქსოვილის უჯრედებში.
თრომბოპლასტინის გამოყოფა ხდება დაზიანებული უჯრედებიდან. თრომბოპლასტინი გამოიყოფა ასევე სისხლდენის დროს დაშლილი თრომბოციტებიდან. კალციუმის იონების თანაობისას თრომბოპლასტინის პროთრომბინთან ურთიერთქმედებისას, უკანასკნელი იშლება და წარმოქმნის ფერმენტ თრომბინს, რომელსაც ხსნადი ცილა ფიბრინოგენი გადაჰყავს უხსნად ფიბრინში. სისხლდენის შეჩერების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თრომბოციტები. დაუზიანებელ სისხლძარღვებზე თრომბოციტები სისხლძარღვის კედლებს არ ეწებება, ხოლო სისხლძარღვთა კედლების მთლიანობის დარღვევის, ან პათოლოგიური ხაოების წარმოქმნის (მაგალითად, ათეროსკლეროზული ფოლაქები) შემთხვევაში ისინი ილექებიან დაზიანებულ ზედაპირზე, ერთმანეთს ეკვრიან და გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის შედედებას. ასე წარმოიქმნება სისხლის კოლტი, რომლის უფრო გამსხვილების შემთხვევაში თრომბად ჩამოყალიბდება.
ამგვარად, თრომწარმოქმნის პროცესი წარმოადგენს სხვადასხვა ფაქტორების მოქმედების რთულ ჯაჭვს და შედგება რამდენიმე ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე ხდება თრომბოპლასტინის წარმოქმნა. ამ ეტაპზე მონაწილეობს სისხლის შედედების სხვადასხვა პლაზმური და თრომბოციტური ფატორები. მეორე ფაზაში თრომბოპლასტინს სისხლის შედედების მე-7 და მე-10 ფაქტორებთან და კალციუმის იონების თანაობისას არააქტიური პროთრომბინი გადაჰყავს აქტიურ თრომბინში. მესამე ფაზაში ხსნადი ცილა ფიბრინოგენი თრომბინის გავლენით გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად. ფიბრინის ძაფები, რომლებიც უხვბადისებურადაა ჩახლართული, თრომბოციტების გავლენით წარმოქმნიან თრომბს; ეს უკანასკნელი კი აცობს სისხლძარღვის კედელს.
ნორმალურ პირობებში სისხლის თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს შედედების საწინააღმდეგო ნივთიერება – ანტითრომბინი. ის გამომუშავდება ღვიძლში და მისი ფუნქციაა სისხლში წარმოქმნილი თრომბინის განეიტრალება.  თუკი კოლტის წარმოქმნა მაინც მოხდა, მაშინ იწყება თრომბოლიზის ან ფიბრინოლიზის პროცესი, რის შედეგადაც თრომბი თანდათან იხსნება და სისხლძარღვში სისხლის დენადობა აღდგება. ფიბრინის დაშლა ხდება ფერმენტ პლაზმინის გავლენით. ეს ფერმენტი წარმოიქმნება თავისი წინამორბედი პლაზმინოგენისაგან განსაზღვრული ფაქტორების, ე.წ. პლაზმინოგენის აქტივატორების მოქმედებით.
ამგვარად, ჰემოსტაზი (სისხლდენის შეჩერება) ორგანიზმში უზრუნველყოფილია ორი – თრომბწარმომქმნელი (შემადედებელი) და თრომბოლიზური (ფიბრინოლიზური – ფიბრინის გამხსნელი) სისტემით. ორივე მათგანი დინამიურ წონასწორობაშია და ერთიანობაში ასრულებენ ადამიანის მნიშვნელოვან დამცველობით ბიოლოგიურ რეაქციას – ინარჩუნებენ სისხლძარღვებში სისხლის დენადობას და მათი დაზიანების შემთხვევაში კოლტის წარმოქმნას.
ამ სისტემის ნებისმიერი რგოლის მოშლამ სისხლის შედედების დაქვეითების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ან შედედების პათოლოგიური მომატებისას თრომბის წარმოქმნა და სისხლძარღვის დაცობა.   ჰემოსტაზის სისტემის  მოქმედების მიხედვით არჩევენ რამდენიმე ძირითად ჯგუფს: შედედებაზე უშუალოდ მოქმედი (კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები), ფიბრინოლიზზე მოქმედი საშუალებები (ფიბრინოლიტოკები და ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ანტიაგრეგანტები). ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები და ფიბრინოლიტიკები გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. კოაგულანტები და ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები განაპირობებენ სისხლდენის შეჩერებას და მათ ჰემოსტატიკებს უწოდებენ. ცალკე ჯგუფში აერთიანებენ საშუალებებს, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის წარმოქმნას (ჰემოპოეზს), რამდენადაც ისინი ააქტივებენ სისხლის სხვა (სუნთქვით, კვებით, ანტიტოქსიურ, ანტიმიკრობულ) ფუნქციებს და პირდაპირ არ მოქმედებენ ჰემოსტაზის ცვლილებაზე.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები