კონკრემენტების წარმოქმნის საწინააღმდეგო და მათი გახსნის ხელშემწყობი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

ამ ჯგუფში გაერთიანებულია ნაღველკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადებების სამკურნალო ეფექტური პრეპარატები. მცენარეული წარმოშობის საშუალებები ნაღველ- და შარდგამომყვან გზებზე ახდენენ ნაწილობრივ სპაზმოლიზურ მოქმედებას. ამიტომ ეს საშუალებები ხელს უწყობენ კონკრემენტების გამოყოფას და მეტად სასარგებლოა ნაღვლისმიერი და თირკმლისმიერი ჭვალვის დროს.  ჩვეულებრივი სპაზმოლიზური საშუალებების (პაპავერინი, ნო-შპა, დიპროფენი და სხვა) მსგავსად ისინი გამიოიყენება  შარდსაწვეთის ან ნაღველის სადინარის სპაზმების დროს, რომლებსაც მოჰყვება ტკივილი. სპაზმოლიტიკებს ხშირად ნიშნავენ ანალგეტიკებთან  კომბინაციაში. გლუვ კუნთებს ადუნებენ და კონკრემენტების გამოსვლას აადვილებენ აგრეთვე, კალციუმის იონების ანტაგონისტები. წარმოქმნილი ქვების ბუნებიდან გამომდინარე იყენებენ სხვადასხვა პრეპარატებს.  მაგალითად, დეოქსიქოლის მჟავის წარმოებულები (ურსოდეოქსიქოლის მჟავა, ხენოდეოქსიქოლის მჟავა) შლიან (არა ყოველთვის) (მხოლოდ მცირე ზომის) ქოლესტერინის კონკრემენტებს. თირკმლის მენჯში, საწვეთურში, შარდის ბუშტში ურატული ქვების ფორმირებას  ამუხრუჭებს ალოპურინოლი (ამცირებს შარდმჟავას წარმოქმნას), ეტამიდი (ამცირებს მის რეაბსორბციას მილაკებში). სხვა პრეპარატები (უროდანი, მაგურლიტი, ბლემარენი და სხვა) შარდის pH-ს ტუტე არეს აძლევენ  და ხელს უშლიან კრისტალების გამოყოფას , ზრდიან მათ ხსნადობას. მაგალითდ, მაგურლიტი შარდის მდგრადი მჟავე რეაქციის (pH<5,5) შემთხვევაში ატუტიანებს მას (ძირითადად ციტრატული იონების ხარჯზე) და ამუხრუჭებს ახალი ოქსალატური და შერეული ურატოოქსალატური კონკრემენტების გაჩენას, უკვე არსებულის გახსნით. ურალიტ Y-ს ნიშნავენ ურატებისაგან შემდგარი ქვების,   ცისტინური ქვებისა და ცისტინურიის დროს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები