შარდმდენი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

შარდმდენ საშუალებებს ანუ დიურეტიკებს უწოდებენ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმიდან შარდის გამოყოფას და ამცირებენ ორგანიზმის ქსოვილებში და სეროზულ ღრუებში სითხის შემცველობას. დიურეტიკების მიერ შარდის გამოყოფის გაძლიერება დაკავშირებულია თირკმელებზე მათ სპეციფიკურ ზემოქმედებასთან, რაც მდგომარეობს, პირველ რიგში, თირკმლის მილაკებში ნატრიუმის იონების რეაბსორბციის დამუხრუჭებაში; ამას კი მოჰყვება წყლის რეაბსორბციის შემცირება. ბევრად ნაკლებ როლს თამაშობს თირკმლის გორგლებში ფილტრაციის გაძლიერება.
შარდმდენი საშუალებები ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი ჯგუფებით:

ა) მარყუჟოვანი და ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტზე მოქმედი დიურეტიკები;
ბ) კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები;
გ) ოსმოდიურეტიკები.

დიურეტიკები სხვადასხვა სიძლიერის და ხანგრძლივობის გავლენას ახდენენ შარდწარმოქმნაზე, რაც დამოკიდებულია მათ ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, მოქმედების მექანიზმზე და მის ლოკალიზაციაზე (ნეფრონის სხვადასხვა უბნები).
არსებული დიურეტიკებიდან ყველაზე ძლიერია მარყუჟოვანი დიურეტიკები. ქიმიური სტრუქტურით ისინი წარმოადგენენ სულფამოილანტრანილმჟავას და დიქლორფენოქსიძმარმჟავას წარმოებულებს (ფუროსემიდი, ბუმეთანიდი, ეტაკრინმჟავა და სხვა). მარყუჟული დიურეტიკები მოქმედებენ ნეფრონის მარყუჟის (ჰენლეს მარყუჟის) აღმავალი ნაწილის მთელ სიგრძეზე და მკვეთრად თრგუნავენ ქლორის და ნატრიუმის იონების რეაბსორბციას; აგრეთვე, ძლიერდება კალიუმის იონების გამოყოფა. საკმაოდ ეფექტურ შარდმდენ საშუალებებს მიეკუთვნებიან თიაზიდები – ბენზოთიაზიდინის წარმოებულები (ჰიდროქლორთიაზიდი, ციკლოპენთიაზიდი და სხვა). მათი ეფექტი ვითარდება ძირითადად ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტზე, სადაც ხდება კათიონების (ნატრიუმის და კალიუმის) რეაბსორბცია. მათთვის დამახასიათებელია ჰიპოკალიემია, ზოგჯერ საკმაოდ სახიფათოც. როგორც მარყუჟოვან დიურეტიკებს, ასევე ბენზოთიადიაზინებს იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების და გულის ქრონიკული უკმარობის სამკურნალოდ. დიურეზის გაზრდით ისინი ამცირებენ მოცირკულირე სისხლის მოცულობას, შესაბამისად მის ვენოზურ დაბრუნებას გულთან და მიოკარდიუმზე დატვირთვას, ამცირებენ შეგუბების მოვლენებს ფილტვებში. გარდა ამისა, თიაზიდები უშუალოდ ადუნებენ სისხლძარღვების კედელს: იცვლება ცვლის პროცესები არტერიოლების უჯრედულ მემბრანებში, კერძოდ, მცირდება ნატრიუმის იონების კონცენტრაცია, რასაც მივყავართ სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებასთან. თიაზიდების გავლენით იცვლება სისხლძარღვოვანი სისტემის რეაქციულობა, მცირდება პრესორული რეაქციები სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებებზე (ადრენალინი და სხვა) და ძლიერდება დეპრესორული რეაქცია განგლიების მაბლოკირებელ საშუალებებზე.

კალიუმის შემნახველი დიურეტიკები ასევე ზრდიან ნატრიუმის იონების გამოყოფას, მაგრამ ამასთან ერთად მცირდება კალიუმის იონების გამოყოფა. ისინი მოქმედებენ დისტალური მილაკების უბანში იმ ადგილებზე, სადაც ხდება ნატრიუმისა და კალიუმის იონების ცვლა. ეფექტის სიძლიერითა და ხანგრძლივობით ისინი საგრძნობლად ჩამორჩებიან მარყუჟოვან დიურეტიკებს, მაგრამ არ იწვევენ ჰიპოკალიემიას. ამ ჯგუფის პრეპარატების ძირითადი წარმომადგენლები – სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი – განსხვავდებიან მოქმედების მექანიზმით. სპირონოლაქტონი ალდოსტერონის ანტაგონისტია და მისი თერაპიული აქტივობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალია ორგანიზმში ალდოსტერონის დონე და პროდუქცია. ტრიამტრენი არ არის ალდოსტერონის ანტაგონისტი, ამ პრეპარატის გავლენით დისტალური მილაკების ეპითელიუმის უჯრედების გარსის შეღწევადობა შერჩევითად მცირდება ნატრიუმის იონებისათვის; ეს უკანასკნელი რჩება მილაკის სანათურში და აკავებს წყალს, რასაც მოჰყვება დიურეზის გაზრდა.
ოსმოდიურეტიკების ჯგუფის პრეპარატები არ აბლოკირებენ შარდწარმოქმნას. იფილტრებიან რა, ისინი ზრდიან პირველადი შარდის (გორგლისეული ფილტრატის) ოსმოსურ წნევას, რითაც წინააღმდეგობას უწევენ წყლის რეაბსორბციას პროქსიმალურ მილაკებში. აქტიურ ოსმოსურ დიურეტიკებს (მანიტი და სხვა) იყენებენ, რათა გამოიწვიონ ფორსირებული დიურეზი მძიმე მოწამვლების დროს (ბარბიტურატებით, სალიცილატებით და სხვა), თირკმლის მწვავე უკმარობის, აგრეთვე გულის მწვავე უკმარობის დროს, რომლის დროსაც ადილი აქვს თირკმელური ფილტრაციის დაქვეითებას. დეჰიდრატაციური საშუალებების სახით მათ ნიშნავენ ტვინის შეშუპების დროს. დიურეზული საშუალებების სახით კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების გამოყენება განპირობებულია ამ ფერმენტის აქტივობის დათრგუნვით თირკმელებში (ძირითადად პროქსიმალურ თირკმელურ მილაკებში). ამის შედეგად მცირდება ნახშირმჟავას წარმოქმნა და შემდგომი დისოციაცია, მცირდება ბიკარბონატის იონების და Na+ იონების რეაბსორბცია მილაკების ეპითელიუმით, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმიდან წყლის გამოყოფა (ძლიერდება დიურეზი). ამასთან იზრდება შარდის pH და კომპენსატორულად, H+ იონების შეკავების საპასუხოდ, იზრდება K+ იონების გაცვლითი სეკრეცია. გარდა ამისა, მცირდება ორგანიზმიდან ამონიუმის და ქლორის გამოყოფა, ვითარდება ჰიპერქლორემიური აციდოზი, რომლის ფონზე პრეპარატი აღარ მოქმედებს.

(2)
შარდმდენი საშუალებები (Diuretica, სინ.: დიურეზული საშუალებები, დიურეტიკები) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან თირკმლების გზით ნატრიუმის და წყლის გამოყოფას და აქედან გამომდინარე ამცირებენ სითხის რაოდენობას ქსოვილებში და ორგანიზმის სეროზულ ღრუებში.

შარდმდენი საშუალებების საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. მათი დაყოფა ხდება სხვადასხვა ნიშან-თვისებების მიხედვით (ქიმიური აგებულების, მათ მიერ გამოწვეული ეფექტის და მოქმედების მექანიზმის თავისებურებების მიხედვით).
გამოწვეული ეფექტის თავისებურებების მიხედვით შარდმდენ საშუალებებს ყოფენ სალურეტიკებად, კალიუმის დამზოგავ და ოსმოსურ საშუალებებად. სალურეტიკები აძლიერებენ ორგანიზმიდან ნატრიუმის, კალიუმის და სხ. იონების გამოყოფას. მათ მიეკუთვნებიან: 1) სულფამოილანტრანილის Mმჟავას წარმოებულები, მაგ. ფუროსემიდი და სტრუქტურით და მოქმედების მექანიზმით მისი მსგავსი ბუმეტანიდი; 2) დიქლორფენოქსიძმარმჟავას წარმოებულები, მაგ. ეტაკრინის მჟავა; 3) ბენზოთიადიაზინის წარმოებულები _ ქლორთიაზიდი, დიქლორთიაზიდი და სტრუქტურით და მოქმედების მექანიზმით მათი მსგავსი ქლორთალიდონი და კლოპამიდი; 4) კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები _ დიაკარბი; 5) ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები (ვერცხლისწყლის დიურეტიკები) _ მერკუზალი, ნოვურიტი, პრომერანი; 6) ქსანტინის წარმოებულები _ თეობრომინი, თეოფილინი, ეუფილინი. კალიუმის დამზოგავ შარდმდენ საშუალებებს, რომელთაც გააჩნიათ ორგანიზმში კალიუმის შეკავების უნარი, მიეკუთვნებიან ალდოსტერონის ანტაგონისტები _ სპირონოლაქტონი, და სხ., აგრეთვე ამინოპტერიდინის (მაგ. ტრიამტერენი) და პირაზინამიდის (მაგ. ამილორიდი) წარმოებულები. ოსმოსურ დიურეტიკებს მიეკუთვნებიან მანიტი და შარდოვანა. დიურეზის გაძლიერებას აგრეთვე იწვევენ სხვა ოსმოსურად აქტიური ნივთიერებებიც, მაგ. კალიუმის მარილები, გლუკოზა. შარდმდენი მოქმედება გააჩნია ზოგიერთი სამკურნალო მცენარეულ პრეპარატებსაც _ მინდვრის შვიტას, ორტოსიფონის, დათვის კენკრას და სხ. პრეპარატებს.

შარდმდენი საშუალებების მოქმედების ძირითად და პრაქტიკული ღირებულების მქონე ეფექტს წარმოადგენს ნატრიუმის იონების გამოყოფის გაძლიერება (იხ. ცხრილი ტ.15 გვ.521). მაღალეფექტური შარდმდენი საშუალებები (ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა) ნატრიუმის იონების გამოყოფას ზრდიან 25%-მდე, გორგლებში გაფილტრული რაოდენობიდან (ნატრიუმის ფილტრაციული მუხტი), მაშინ როცა ნორმაში, ნატრიუმის ექსრეციული ფრაქცია აღნიშნული იონის ფილტრაციული მუხტის 1%-ზე დაბალია. შიგნით შეყვანის შემდეგ, აღნიშნული შარდმდენი საშუალებების მოქმედება იწყება ერთი საათის განმავლობაში და გრძელდება 4-9 საათის მანძილზე. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ მათი მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება 1,5-3 საათის განმავლობაში. ბენზოთიადიაზინის წარმოებულები, შიგნით შეყვანისას, ეფექტს იძლევიან 1-2 საათში და მათი მოქმედება გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში. ისინი ნატრიუმის ექსკრეციულ ფრაქციას ზრდიან 8%-მდე. ნატრიურეზული ეფექტი ქლორთალიდონის გამოყენების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბენზოთიადიაზინების გამოყენებისას. კლოპამიდი, ნატრიურეზული ეფექტით, აღემატება ბენზოთიადიაზინებს და ეფექტურობით ფუროსემიდის მსგავსია. ვერცხლისწყლის დიურეტიკები ნატრიუმის ექსკრეციულ ფრაქციას ზრდიან 20%-მდე, თუმცა ამჟამად მათ დაკარგული აქვთ პრაქტიკული მნიშვნელობა მაღალი ტოქსიკურობის გამო.

ნატრიუმის იონებთან ერთად, შარდმდენი საშუალებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სხვა იონების გამოყოფასაც. ასე მაგალითად, სალურეტიკები აძლიერებენ ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპოკალემიის განვითარებამდე. ამასთან, კალიურეზის გაძლიერება ხდება დისტალურ მილაკებში განვითარებული პასიური პროცესების გამო: დიდი რაოდენობით არააბსორბირებული ნატრიუმი აღწევს დისტალურ მილაკებს და იცვლება მილაკების სანათურში სეკრეტირებულ კალიუმზე. გარდა ამისა, ზოგიერთი შარდმდენი საშუალება მილაკების სანათურებში ზრდის უარყოფით ელეტრულ პოტენციალს. ამის შედეგად, კალიუმის დადებითად დამუხტული იონები მილაკების უჯრედების შიგნიდან გადიან ნეფრონის არხში, რომელსაც გააჩნია მომატებული უარყოფითი პოტენციალი, აქედან გამომდინარე იზრდება შარდის გზით კალიუმის დანაკარგი. კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები ამცირებენ შარდით კალიუმის გამოყოფას, და აქედან გამომდინარე, მათ ხშირად იყენებენ ფუროსემიდთან და ბენზოთიადიაზინებთან კომბინაციაში ამ უკანასკნელთა არასასურველი ჰიპოკალემიური მოქმედების თავიდან აცილების მიზნით.
ყველა შარდმდენი საშუალება, მეტ-ნაკლებად, აძლიერებს ქლორის იონების ორგანიზმიდან გამოყოფას და მათი ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოქლორემიული ალკალოზი. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ შარდთან ერთად ჰიდროკარბონატების ექსკრეციასაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის განვითარება და დიურეზული ეფექტის შესუსტება.

ზოგიერთი შარდმდენი საშუალება, კერძოდ ბენზოთიადიაზინების წარმოებულები, აქტიურად გამომუშავდებიან მილაკების ეპითელიუმის უჯრედების მიერ და კონკურენტულად ამუხრუჭებენ შარდმჟავას სეკრეციას. ამასთან იზრდება მილაკებში მათი რეაბსორბცია, რის შედეგადაც შეიძლება მოიმატოს სისხლში შარდმჟავას შემცველობამ. ბენზოთიადიაზინების, აგრეთვე ფუროსემიდის მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს ჰიპერგლიკემიის განვითარება. შარდმდენი საშუალებების უმეტესობა ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, რისი მიზეზიც არის უჯრედგარეთა სითხის მოცულობის შემცირება და, სავარაუდოდ, დისტალურ მილაკებში მკვრივი ლაქის (მაცულა დენსა) ზონის სტიმულაცია ნეფრონში გამავალი ქლორის და ნატრიუმის დიდი რაოდენობით იონებით. ორივე მექანიზმი იწვევს თირკმლების იუქსტაგლომერულური აპარატის უჯრედების მიერ რენინის მომატებულ გადასროლას სისხლში. ასეთი ეფექტი გააჩნიათ ფუროსემიდს, ეტაკრინის მჟავას, ვერცხლიწყლის ორგანულ ნაერთებს, ბენზოთიადიაზინებს, სპირინოლაქტონს. მანიტი ამცირებს თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას.

შარდმდენი საშუალებების მოქმედების მექანიზმები შეიძლება განვიხილოთ სამი ასპექტის გათვალისწინებით: ნეფრონის სხვადასხვა ნაწილებზე პრეპარატების მოქმედების, თირკმლებში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე გავლენის და მილაკების კედლების და უჯრედშორისი სივრცეების (რომლებიც განაპირობებენ იონების ნაკადს მილაკების კედლების გავლით) ცალკეული უჯრედული მემბრანების განვლადობაზე ზეგავლენის გათვალისწინებით.

ე.წ. მარყუჟოვანი დიურეტიკები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა) მოქმედებენ ჰენლის მარყუჟის მახვილი, აღმავალი ნაწილის მთელ სიგრძეზე, რომელიც განლაგებულია თირკმლის ქერქოვან და ტვინოვან შრეში. ჰენლის მარყუჟში აღნიშნული პრეპარატები თრგუნავენ ქლორის იონების აქტიურ ტრანსპორტს, რაც განაპირობებს დიურეზულ ეფექტს, რამეთუ ქლორის იონებთან ერთად გამოიყოფა ნატრიუმის იონების დიდი რაოდენობაც. სხვა შარდმდენ საშუალებებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჰენლის მარყუჟში იონების რეაბსორბციაზე, თუმცა ისინი ან არ მოქმედებენ მარყუჟის მთელ სიგრძეზე, როგორც ბენზოთიადიაზინები, ან მათი ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ფუროსემიდს და ეტაკრინის მჟავას შეუძლიათ გააფართოვონ თირკმლის სისხლძარღვები და მოახდინონ თირკმლისმიერი სისხლმომარაგების გადანაწილება, რასაც თან სდევს ტვინოვანი შრის ჰიპერტონულობის შემცირება. მიუხედავად ამისა, ჰემოდინამიკის ცვლილებები არ წარმოადგენენ ნატრიურეზის მთავარ მიზეზს. სავარაუდოდ, ზოგიერთი ბიოქიმიური მექანიზმები, მაგ. Nა+-, K+- დამოკიდებული ადენოზინტრიფოსფატაზას ინჰიბირება და გლიკოლიზი თირკმლის ქსოვილებში, წარმოადგენენ მილაკების კედლების მიერ იონების აქტიური ტრანსპორტის დაქვეითების საფუძველს.
ბენზოთიადიაზინების წარმოებულები კლოპამიდი და ქლორთალიდონი, ფუროსემიდისგან და ეტაკრინის მჟავასგან განსხვავებით, მოქმედებენ ჰენლის მარყუჟის მხოლოდ კორტიკალურ სეგმენტზე, სადაც თრგუნავენ ქლორის იონების ტრანსპორტს და არანაირ გავლენას არ ახდენენ ჰენლის მარყუჟის თირკმლის ტვინოვან შრეში არსებულ ნაწილზე. ალბათ ამიტომაც მათი დიურეზული ეფექტი უფრო სუსტადაა გამოხატული, ვიდრე წინა ჯგუფის შარდმდენი საშუალებების. ბენზოთიადიაზინების წარმოებულებმა აგრეთვე შეიძლება იმოქმედონ ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილზეც, სადაც ახდენენ კარბოანჰიდრაზას ინჰიბირებას და ამის შედეგად აძლიერებენ ჰიდროკარბონატების და ფოსფატების გამოყოფას შარდთან ერთად.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები ამცირებენ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის რეაბსორბციას პროქსიმალურ მილაკებში, მილაკების სანათურებში აქვეითებენ წყალბადის იონების სეკრეციას, რაზეც, ჩვეულებრივ პირობებში, იცვლება რეაბსორბირებული ნატრიუმის იონები. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ ჰიდროკარბონატების და ფოსფატების გამოყოფას შარდის გზით. გარკვეულწილად, წყალბადის იონების სეკრეცია მცირდება დისტალურ მილაკებშიც, რაც ხელს უწყობს შარდმდენი ეფექტის განვითარებას. აღნიშნული პრეპარატებით კარბოანჰიდრაზას დათრგუნვის მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, დიაკარბი და მისი ანალოგიური ნაერთები ახდენენ ადენილციკლაზას სტიმულირებას; ეს კი იწვევს კარბოანჰიდრაზას დამუხრუჭებას.
ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები მოქმედებენ ჰენლის მარყუჟის მხვილ აღმავალ ნაწილზე და მასში ამცირებენ ქლორის იონების აქტიურ ტრანსპორტს, თუმცა აღნიშნული ეფექტი ვერცხლისწყლის დიურეტიკებს უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე ფუროსემიდს და ეტაკრინის მჟავას. ვერცხლისწყლის დიურეტიკების მნიშვნელოვანი ნატრიურეზული ეფექტის არსებობა შეიძლება აიხსნას მათი მოქმედებით ნეფრონის მთელ სიგრძეზე, პროქსიმალური მილაკის ჩათვლით. ნეფრონის ამ ნაწილში ისინი აძლიერებენ მილაკების კედლების განვლადობას იონებისთვის და წყლისთვის (სავარაუდოდ უჯრედშორისი სივრცის განვლადობის გაზრდის შედეგად), რაც იწვევს რეაბსორბციის დაქვეითებას. ვერცხლისწყლის დიურეტიკების მოქმედების ბიოქიმიური მექანიზმი მდგომარეობს ფერმენტების სულფჰიდრული ჯგუფების ბლოკირებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ იონების აქტიურ ტრანსპორტს. სავარაუდოდ, იგივე მექანიზმები განაპირობებენ აღნიშნული პრეპარატების ტოქსიკურ მოქმედებას.

ქსანთინური დიურეტიკები, ნეფრონის პროქსიმალური ნაწილიდან დისტალურში ნატრიუმის და წყლის მიწოდების გაზრდის ხარჯზე, იწვევენ ზომიერ ნატრიურეზს. ეს შეიძლება იყოს გორგლოვანი ფილტრაციის გაძლიერების, რომელიც აღინიშნება ქსანტინების ზემოქმედებისას, და პროქსიმალურ მილაკების პერიტუბულარულ კაპილარებში სისხლის მიმოქცევის გაზრდის შედეგი. ამრიგად, აღნიშნული ჯგუფის შარდმდენი საშუალებების მოქმედების მექანიზმში ძირითად ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს მათი ზემოქმედება თირკმლების სისხლის მიმოქცევაზე, თუმცა არ შეიძლება გამოვრიცხოთ მათი პირდაპირი მაინჰიბირებელი მოქმედება ნატრიუმის რეაბსორბციაზე პროქსიმალურ მილაკებში. აგრეთვე აშკარაა, რომ ქსანტინურ დიურეტიკებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ იონების ტრანსპორტზე ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ბლოკირების გზით.

კალიუმის დამზოგავი შარდმდენი საშუალებები მოქმედებენ შემკრები მილაკების მიდამოში. ისინი აძლიერებენ ნატრიუმის იონების გამოყოფას შარდის გზით, და ამავდროულად, ამცირებენ კალიუმის და წყალბადის გამოყოფას. მოქმედების მექანიზმის მიხედვით აღნიშნული დიურეტიკები იყოფიან ორ ჯგუფად. პირველ მათგანში შედის სპირინოლაქტონი, რომელიც წარმოადგენს ალდოსტერონის სტრუქტურულ ანალოგს და კონკურენტულ ანტაგონისტს. ის, შემკრები მილაკების უჯრედების პროტოპლაზმაში კონკურენტულად აინჰიბირებს ალდოსტერონის რეცეპტორებს, რის შედეგადაც ხდება ალდოსტერონის მოქმედების ბლოკირება და უჯრედული მემბრანის არხის (ლუნენალური) სანათურში მიმართული ნატრიუმისთვის განვლადობის შემცირდება. ნატრიუმის იონები ვერ აღწევენ მილაკების უჯრედებში და არ შეიწოვებიან. მეორე ჯგუფის კალიუმის დამზოგავი საშუალებები (ტრიამტერენი, ამილორიდი) წარმოადგენენ ალდოსტერონის არაკონკურენტულ ანტაგონისტებს და უშუალოდ ამცირებენ ლუმენალური უჯრედული მემბრანის განვლადობას ნატრიუმისთვის. სპირინოლაქტონისგან განსხვავებით, მათი ეფექტი შენარჩუნებულია ალდოსტერონის არარსებობის პირობებშიც. კალიუმის და წყალბადის იონების შართან ერთად გამოყოფის შემცირება ხდება მილაკებსშიდა უარყოფითი პოტენციალის შემცირების შედეგად.

ოსმოსური დიურეტიკები იფილტრებიან გორგლებში და გროვდებიან რა მილაკებში, ზრდიან მათში ოსმოსურ წნევას და ხელს უშლიან წყლის რეაბსორბციას უპირატესად პროქსიმალურ მილაკებში. გარდა ამისა, პროქსიმალურ მილაკებში იზრდება უჯრედშორისი სივრცე და მატულობს სითხის ნაკადი ინტერსტიციიდან მილაკებს შიგნით. აღნიშნული შარდმდენი საშუალებების მოქმედებით თირკმლების იუქსტაგლომერული აპარატის მიერ რენინის სეკრეციის შემცირება იწვევს მომტანი არტერიოლების გაფართოებას და წნევის გაზრდას გორგლებში, რის შედეგადაც მატულობს ფილტრაცია. იზრდება აგრეთვე სისხლის ნაკადი ტვინოვანი შრის გავლით.
დიურეზული ეფექტი შეიძლება გამოიწვიონ ზოგიერთმა ნივთიერებებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შარდმდენ საშუალებებს. ასე მაგალითად, გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებების დროს, შარდმდენ ეფექტს იძლევიან საგულე გლიკოზიდები. დიურეზის გაზრდა, აგრეთვე, აღინიშნება ისეთი ნივთიერებების ზემოქმედებით (ალბუმინი, დექსტრანები), რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერვოლემიის განვითარებას.

გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. შარდმდენი საშუალებები გამოიყენება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეში შეგუბებითი მოვლენების დროს, რაც განპირობებულია გულ-სისხძარღვთა უკმარისობით, ნეფრიტებისას, პორტული ჰიპერტენზიით მიმდინარე ღვიძლის ციროზების დროს და ყველა იმ მდგომარეობებისას, რომლებსაც თან სდევს შუშუპებითი სინდრომის განვითარება, რამეთუ ამ დროს წყლის შეკავებას წინ უსწრებს ნატრიუმის შეკავება. დიურეტიკები თავდაპირველად აძლიერებენ ნატრიუმის გამოყოფას, რაც მეორადად ხელს უწყობს წყლის გამოყოფას და შეშუპების შემცირებას.
შარდმდენი საშუალებები აგრეთვე გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების და სიმპტომური ჰიპერტონიის მკურნალობის დროს. ამ მიზნით, ძირითადად, გამოიყენება ბენზოთიადიაზინების წარმოებულები, კალიუმის დამზოგავი პრეპარატები და ის შარდმდენი საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ჰენლის მარყუჟზე. მათი ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვის კედელში წყლის და ნატრიუმის შემცველობის დაქვეითების და მისი ჰიდრატაციის ხარისხის შემცირების შედეგად სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით. არტერიული წნევის შემცირების მეორე მიზეზია ნატრიუმის და წყლის დაკარგვის შედეგად განვითარებული ჰიპოვოლემია. ჰიპოტენზიურ საშუალებებად, ძირითადად, გამოიყენება ბენზოთიადიაზინების წარმოებულები და ალდოსტერონის ანტაგონისტები.

მაღალაქტიური და სწრაფადმოქმედი შარდმდენი საშუალებები (მაგ. ფუროსემიდი) გამოიყენებიან სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებით და შხამებით ორგანიზმის მწვავე მოწამვლებისას ფორსირებული დიურეზის მიზნით. შარდმდენი საშუალებების დანიშვნა ნაჩვენებია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით და ჰემოდილუციით მიმდინარე ოპერაციების შემდეგ.
ზოგიერთი შარდმდენი საშუალება, მაგ. კარბოანჰიდრაზას ბლოკატორები, ბენზოთიადიაზინების წაროებულები და შარდოვანა, გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ. თავის ტვინის მწვავე შეშუპების დროს, დეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით გამოიყენება ოსმოსური დიურეტიკები და ფუროსემიდი. თირკმლის მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით თირკმლის იშემიიის დროს, გამოიყენება მანიტი და ფოროსემიდი, რომლებიც აძლიერებენ სითხის ნაკადს მილაკებში და ამით ხელს უშლიან სანათურის ობსტრუქციას იშემიური უჯრედების დაშლის პროდუქტებით. ბენზოთიადიაზინების წარმოებულები გამოიყენებიან უშაქრო დიაბეტის მკურნალობისას, რამეთუ ისინი ამცირებენ წყურვილის შეგრძნებას და ხელს უწყობენ პოლიურიის შემცირებას. აღნიშნული პარადოქსული მოვლენის მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი.

შარდმდენი საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია ჰიპოტონიის, დეჰიდრატაციის და ჰიპოვოლემიის დროს. შარდმდენების დანიშვნის სხვა უკუჩვენებები, ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალურია ცალკეული ჯგუფების მიმართ. ასე მაგალითად, კარბოანჰიდრაზას ბლოკატორები უკუნაჩვენებია აციდოზის მოვლენების დროს, კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები _ ჰიპერკალემიის მოვლენების დროს და ა.შ. შარდმდენ საშუალებათა უმეტესობის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის გამოხატული დაზიანებების დროს. თირკმლის მძიმე უკმარისობისას, რასაც თან სდევს გორგლოვანი ფილტრაციის მკვეთრი დაქვეითება, უკუნაჩვენებია ვერცხლისწყლის დიურეტიკების, თიაზიდური წარმოებულების, ვეროშპირონის, შარდოვანას დანიშვნა.

შარდმდენი საშუალებების გვერდითი მოვლენები ძირითადად დაკავშირებულია მათ უნართან გააძლიერონ ამა თუ იმ იონების ექსკრეცია. ასე მაგალითად, მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით სალურეტიკების ჯგუფიდან, იწვევს ჰიპოკალემიას, რაც ძირითადად გამოიხატება კუნთოვანი სისუსტით და ეკგ-ზე განვითარებული ცვლილებებით. გამოხატული ჰიპოკალემიის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არითმიების განვითარებას, თირკმლის ფუნქციების მოშლას. ჰიპოკალემიის პროფილაქტიკის და კუპირების მიზნით მიზანშეწონილია კომბინაციაში დაინიშნოს კალიუმის პრეპარატებიც. გარდა ამისა, ჰიპოკალემიის პროფილაქტიკისთვის უნდა დაინიშნოს კალიუმით მდიდარი დიეტა (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გარგარი და სხ.) და სალურეტიკები კალიუმის დამზოგავ შარდმდენ საშუალებებთან კომბინაციაში. ზოგირთმა დიურეტიკმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ინიშნება ამონიუმის ქორიდი და კალიუმის ქლორიდი. ფუროსემიდის და ბენზოთიადიაზინების ხანგრძლივად ხმარების შემთხვევაში, შესაძლოა გაწვავდეს ლატენტურად მიმდინარე პოდაგრა (სისხლში შარდოვანას შემცველობის გაზრდის შედეგად), აგრეთვე მოხდეს შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია. კალიუმის დამზოგავი შარდმდენი საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალემიის მოვლენები, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლება ამ ჯგუფის პრეპარატების მონაცვლეობით სალურეტიკებთან.

____________________________________________________-

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

……