პოტენციის რეგულატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

პოტენციის რეგულატორები  წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ერექციური დისფუნქციის სამკურნალოდ. ერექციური დისფუნქცია გამოიხატება სქესობრივი აქტის ჩატარებისთვის საკმარისი ერექციის მიღწევისა და/ან შენარჩუნების უუნარობაში. აღნიშნული პათოლოგია   მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან სოციალურ და სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს.   სექსუალური სტიმულაციის დროს ხდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია. მედიატორების, კერძოდ აზოტის ოქსიდის (NO, ენდოთელიალური რელაქსაციური ფაქტორის) გამოთავისუფლება იწვევს კავერნოზული სხეულების სისხლძარღვების ენდოთელიუმის   ციკლური გუანოზინმონოფოსფატის   დაგროვებას კავერნოზულ ქსოვილში და მიმყვანი არტერიების კედლების გლუვი კუნთების უჯრედებისა და კავერნოზული სხეულების მოდუნებას. კავერნოზული სხეულების სისხლით შევსება განაპირობებს ვენულების მოჭერას და სასქესო ორგანოდან სისხლის განდევნის ბლოკირებას (ვენოოკლუზიური მექანიზმი) – ვითარდება ერექცია. სისხლძარღვთა გლუვკუნთოვანი უჯრედები ახდენენ ციკლური გუანოზინმონოფოსფატის მეტაბოლიზაციას მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას დახმარებით. მოდუნებისას ხდება გლუვკუნთოვანი უჯრედების შეკუმშვა, არტერიებში სისხლის მიწოდების შემცირება და ვენოზური უკუდინების გაზრდა. ერექციური დისფუნქციის მიზეზი შეიძლება   იყოს არასაკმარისი ვაზოდილატაცია, ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დეფიციტი, სისხლძარღვებით მისი არასაკმარისი ათვისება, შემაერთებელი ქსოვილის გაზრდის შედეგად პენილური ვენების კომპრესიის უკმარობა ან ამ მიზეზთა კომბინაცია. ითვლება, რომ ერექციური დისფუნქცია შემთხვევათა 80%-ში ჩნდება სხვადასხვა ორგანული მიზეზების გამო და 20%-ში განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით.  ერექციური დისფუნქციის გაჩენას შეიძლება ხელი შეუწყოს მედიკამენტოზურმა თერაპიამ, მაგალითად, თიაზიდური ჯგუფი  შარდმდენი საშუალებების, არასელექტიურმა ბეტა-ადრენობლოკატორების და სხვათა გამოყენებამ.
მრავალი ასწლეულის განმავლობაში სექსუალური დღეგრძელობის გახანგრძლივების მიზნით გამოიყენებოდა, ძირითადად მცენარეული წარმოშობის, სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალება, რომელთაგან მრავალი მიეკუთვნებოდა ჰალუცინოგენების, ფსიქოსტიმულატორების და ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფს. წარსულში ეფექტური თერაპია უკავშირდებოდა ინტრაკავერნოზული ინექციების გამოყენებას, ამჟამად წარმატებით გამოიყენება მაღალეფექტური პერორალური სამკურნალო საშუალებები. ერექციური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი ჯგუფები:
1) მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას სელექტიური ინჰიბიტორები: სილდენაფილის ციტრატი, ტადალაფილი, ვარდენაფილი;
2) სელექტიური ალფა2-ადრენობლოკატორები: იოხიმბინი (იოხიმბინის ჰიდროქლორიდი);
3) პროსტაგლანდინ E-ს ანალოგები: ალპროსტადილი;
4) რთული შემადგენლობის საშუალებები.
ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები წარმოადგენენ ერექციური დისფუნქციის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატებს. ისინი ახდენენ პერიფერიულ მოქმედებას, სელექტიურად აინჰიბირებენ ფოსფოდიესთერაზა5-ს, რომელიც პასუხისმგებელია კავერნოზულ სხეულებში ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დაშლაზე. ამასთან, კავერნოზული სხეულების გლუვ კუნთებზე პირდაპირ მომადუნებელ გავლენას არ ახდენენ. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა ერექციური დისფუნქციის სამკურნალოდ ფოსფოდიესთერაზა5-ის ინჰიბიტორების ეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს სამკურნალო საშუალებები განსხვავდებიან მოქმედების ხანგრძლივობით: სილდენაფილის ციტრატი და ვარდენაფილი მოქმედებენ 5 საათს, ტადალაფილი – 36 საათს. ეფექტი ვლინდება მხოლოდ სექსუალური აღგზნების დროს. ტადალაფილის ხანგრძლივი ეფექტურობა იძლევა სექსუალური ურთიერთობების სპონტანურობისა და ბუნებრიობის აღდგენის საშუალებას. ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები ფოსფოდიესთერაზა5-ის ბლოკირებისა და ციკლური გუანოზინმონოფოსფატის სტაბილიზაციის ხარჯზე აძლიერებენ აზოტის ოქსიდის მომადუნებელ ეფექტს. აზოტის ოქსიდი ააქტიურებს გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანინმონოფოსფატის დონის გაზრდას, კავერნოზული სხეულების გლუვი კუნთების მოდუნებასა და მათთან სისხლის ნაკადის მიწოდებას. სილდენაფილის ციტრატს და ვარდენაფილს მსგავსი ქიმიური აღნაგობა აქვთ, მაშინ როცა ტადალაფილი აღნაგობითა და ფარმაკოკინეტიკური თვისებებით არსებითად განსხვავდება მათგან. კავერნოზული სხეულების გლუვი კუნთების გარდა ფოსფოდიესთერაზა-5 მცირე რაოდენობით მოიძებნება თრომბოციტებში, სისხლძარღვთა და შიდა ორგანოების გლუვკუნთოვან ქსოვილში, ჩონჩხის კუნთებში. ამ ქსოვილებში ფოსფოდიესთერაზა5-ის ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აზოტის ოქსიდის ანტიაგრეგაციული აქტივობის გაზრდა in vitro, თრომბოციტური აგრეგატების წარმოქმნის დათრგუნვა და პერიფერიული არტერიოვენოზური დილატაცია in vivo.  სრულიად განსხვავებული აქტივობა გააჩნია  ფოსფოდიესთერაზა6-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ბადურაში სინათლის იმპულსების ნერვულ იმპულსებად გარდაქმნაში. სილდენაფილის ციტრატი და ვარდენაფილი ხასიათდებიან იზოფერმენტისადმი უფრო დაბალი სელექტიურობით, ვიდრე ტადალაფილი. გარდა ამისა, ეს სამი პრეპარატი  განსხვავდება ფოსფოდიესთერაზა11-ის მიმართ აქტივობით. ტადალაფილი 14-ჯერ უფრო სელექტიურია ფოსფოდიესთერაზა5-ის, ვიდრე ფოსფოდიესტერაზა11-ის მიმართ, ტუმცა თერაპიულ დოზებში არ ახდენს ამ ფერმენტის ინჰიბირებას. დღეისათვის იგი აღმოჩენილია ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში (მაგალითად გულში, მკერდუკანა ჯირკვალში, თავის ტვინში და საკვერცხეებში), მაგრამ მისი კლინიკური მნიშვნელობა შეუსწავლელია. სილდენაფილის ციტრატი და ვარდენაფილი არ ახდენენ მაინჰიბირებელ გავლენას ფოსფოდიესტერაზა11-ზე.
ფოსფოდიესტერაზა5-ის ყველა ინჰიბიტორის მოქმედების დასაწყისი დაახლოებით ერთნაირია (მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ), მაგრამ ხანგრძლივობა არსებითად განსხვავდება. კლინიკური ეფექტების გამჟღავნების დრო მაქსიმალურია ტადალაფილის შემთხვევაში (36 საათამდე). პრეპარატებს იღებენ სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. სამივე პრეპარატი (სილდენაფილის ციტრატი, ვარდენაფილი და ტადალაფილი) სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა განსხვავებულია: სილდენაფილის ციტრატის – 40%, ვარდენაფილის – 15%. სილდენაფილის ციტრატის და ვარდენაფილის კონცენტრაცია პიკს აღწევს მიღებიდან 1 საათში, ხოლო ტადალაფილისა – 2 საათში. შეწოვა ხდება ძირითადად წვრილ ნაწლავში; ცხიმოვანი საკვების მიღება არ იწვევს ტადალაფილის შეწოვის შეფერხებას ან გაუარესებას, მაგრამ ამცირებს და ანელებს სილდენაფილის ციტრატისა და ვარდენაფილის აბსორბციას. სისხლის პლაზმიდან სილდენაფილის ციტრატისა და ვარდენაფილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს, ტადალაფილისა – 17-21 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად ტადალაფილს არა აქვს კუმულაციის უნარი, წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა ყოველდღიური  მიღებისას მიღებიდან მეხუთე დღეს. საწყისი ნივთიერებები და ძირითადი მეტაბოლიტები პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. სილდენაფილის ციტრატი, ვარდენაფილი და ტადალაფილი მეტაბოლიზდებიან ღვიძლში CYP3A4 იზოფერმენტის ხარჯზე, ნაკლებად CYP2C9-ის მონაწილეობით. ვარდენაფილის მეტაბოლიზმში მონაწილეობს აგრეთვე CYP3A5. მეტაბოლიტების მოქმედების სელექტიურობა ნარჩუნდება, აქტივობა 50%-ით დაბალია საწყის ნივთიერებებთან შედარებით. ტადალაფილის მეტაბოლიტები არააქტიურია.
ფოსფოდიესტერაზა5-ის ყველა ინჰიბიტორს მოქმედების მსგავსი მექანიზმი აქვს, რაც დაკავშირებულია NO/ციკლურ გუანოზინმონოფოსფატზე მათ გავლენასთან. ტადალაფილი, ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი აძლიერებენ ნიტრატებისა და NO-ს დონატორების ანტიჰიპერტენზიულ და ანტიკოაგულაციურ მოქმედებას. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ ჯგუფის პრეპარატებს არ უნდა დაენიშნოთ ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორები. ციტოქრომ P450 CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორების (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორების, ერითრომიცინის, კეტოკონაზოლის) ერთდროული მიღებისას მიზანშეწონილია ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორების დოზის შემცირება. ალკოჰოლის მიღება გავლენას არ ახდენს ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორების ბიოტრანსფორმაციაზე. აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღებისას სისხლდენის დრო არ იზრდება.
მოქმედი ნივთიერება იოხიმბინი (იოხიმბინის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს დასავლეთ-აფრიკის ხის Corynanthe yohimbe ქერქის და Rauwolfia serpentinა-ის ფესვების ალკალოიდს. იგი წარმოადგენს ცენტრალური და პერიფერიული პრესინაფსური ალფა2-ადრენორეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორს. დიდი დოზებით იგი ახდენს პოსტსინაფსური ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას. ზომიერი დოზებით იწვევს მცირე მენჯის არტერიების გაფართოებას, რაც ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს (ახდენს ერექციის სტიმულირებას, ზრდის სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას). ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების ხარჯზე იგი აუმჯობესებს განწყობას, ზრდის მამოძრავებელ აქტივობას, სექსუალურ ლტოლვას, ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. შეუძლია გააძლიეროს მღელვარება. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში იოხიმბინის ეფექტურობა არ აღემატებოდა პლაცებოს. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ერექციული დისფუნქციის ფსიქოგენური ფორმის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პრეპარატის გამოყენების საშუალებას იძლევა. ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება მამაკაცის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მატონოზებელი სახით. იოხიმბინს (იოხიმბინის ჰიდროქლორიდს) ნიშნავენ კურსებით, რომელთა ხანგრძლივობაა 10 კვირამდეა. საჭიროების შემთხვევაში კურსს იმეორებენ.
რეკომენდებული არ არის იოხიმბინის (იოქხიმბინის ჰიდროქლორიდის) დანიშვნა გუნება-განწყობილებაზე მოქმედ პრეპარატებთან, მათ შორის ანტიდეპრესანტებთან ერთად.
ალპროსტადილი – პროსტაგლანდინ E-ს ანალოგი გამოიყენება ადგილობრივად. ინტრაკავერნოზული ან ინტრაურეტრალური შეყვანისას იგი ახდენს მომადუნებელ ზემოქმედებას კავერნოზული სხეულების გლუვ მუსკულატურაზე, ხელს უწყობს სისხლის მიწოდების გაზრდას და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, რასაც მივყავართ ადექვატურ ერექციამდე. პრეპარატის მოქმედების მექანიზმებიდან ერთ-ერთი განპირობებულია ალპროსტადილის უნარით უჯრედის ზედაპირზე შეუკავშირდეს სპეციფიკურ რეცეპტორებს და შეცვალოს ადენილატციკლაზას აქტივობა. ამას მოსდევს უჯრედებში ციკლური ადენოზინმონოფოსფატის კონცენტრაციის გაზრდა, შიდაუჯრედული კალციუმის დაგროვების შემცირება და კავერნოზული არტერიების გლუვი კუნთების ბოჭკოებზე მომადუნებელი ზემოქმედება, რაც ხელს უწყობს ვენოოკლუზიური მექანიზმის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, დადგენილია, რომ ალპროსტადილი წარმოადგენს ალფა-ადრენერგული გზებით ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილე ნაერთების ანტაგონისტს და ახშობს სასქესო ორგანოს კავერნოზულ სხეულებში ნორადრენალინის პრესინაფსურ გამოყოფას. გავლენას არ ახდენს ეაკულაციასა და განაყოფიერებაზე.
ალპროსტადილი ინტრაურეტრული შეყვანისას აბსორბირდება ურეტრის ლორწოვანი გარსიდან მღვიმოვან სხეულში. ეფექტები ვითარდება შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 30-60 წუთის განმავლობაში. შეყვანილი დოზის ნაწილი ნაწილდება მღვიმოვან სხეულებში (კოლატერალური სისხლძარღვების გავლით), ნარჩენი – შორისის ვენოზურ ქსელში; ცენტრალურ ვენოზურ სისხლის ნაკადში მოხვედრილი ალპროსტადილი თითქმის მთლიანად გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან ფილტვებით; ნახევარგამოყოფის დრო 0,5-1 წუთია. მეტაბოლიზდება პროსტაგლანდინ Å1-ის სხვადასხვა წარმოებულების წარმოქმნით. გამოიყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ.
კავერნოზულ სხეულებში შესაყვან სხვა პრეპარატებთან ერთად ალპროსტადილის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციის გაჭიანურება ანუ პრიაპიზმი. ერექციის გაჭიანურება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ალპროსტადილთნ მიოტროპული სპაზმოლიტიკების (პაპავერინი, ბენდაზოლი) და ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ. ალპროსტადილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური (არტერიული წნევის დამწევი) და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების მოქმედების გაძლიერება.
რთული შემადგენლობის საშუალებები წარმოადგენენ პრეპარატებს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსრომელთაც მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი გააჩნიათ. მათ შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები (ფიტოსტეროლები, ბიოსტიმულინები, ნატურალური ტოკოფეროლები) ახდენენ საერთო გამაჯანსაღებელ, მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ეს საშუალებები ხასიათდებიან პროანდროგენული აქტივობით; ასტიმულირებენ სპერმატოგენეზს; აქვეითებენ სპერმის სიბლანტეს; ავლენენ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ თვისებებს; აზოტის ოქსიდის ადექვატური გამომუშავების აღდგენის ხარჯზე ზრდიან ენდოთელიური NO-სინთეზის აქტივობას; ერექციის ცენტრალურ მექანიზმებზე ზემოქმედებით აღადგენენ ლიბიდოს და ზრდიან სექსუალურ დაკმაყოფილებას; სათესლე ჯირკვლების უჯრედებზე შერჩევითი მოქმედებით ზრდიან ლიბიდოს, აღადგენენ სრულფასოვანი სპერმის გამომუშავებას; ხსნიან ფიზიკურ და გონებრივ გადაღლილობას; აუმჯობესებენ ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას; გააჩნიათ მსუბუქი სედაციური მოქმედება; ადგილობრივად გამოყენებისას აძლიერებენ ერექციას ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლშევსების გაზრდის ხარჯზე. რთული შემადგენლობის პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა და ურთიერთქმედების თავისებურებები არასაკმარისადაა შესწავლილი. მათ ნიშნავენ, როგორც წესი, კურსებით, გამონაკლისი ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატები.
პოტენციის მარეგულირებელი პრეპარატების ჯგუფის ჩვენებები ერთნაირია: ნეიროგენული, სისხლძარღვოვანი, ფსიქოგენური ან შერეული ეთიოლოგიის ერექციული დისფუნქცია. ალპროსტადილი გამოიყენება აგრეთვე ფარმაკოლოგიური სინჯის ჩატარებისათვის ერექციის დარღვევების დროს დიაგნოსტიკური ტესტების კომპლექსში. რთული აღნაგობის პრეპარატები უფრო ხშირად გამოიყენება ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის დროს, ასაკობრივი სქესობრივი აქტივობის დაქვეითების შემთხვევაში.
მთელი ჯგუფისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი კანზე; პრიაპიზმი. გარდა ამისა, ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორების მიღებისას შეინიშნება სახეზე სისხლის მომატებული მიწოდება, სილდენაფილის ციტრატისა და ვარდენაფილის მიღებისას მხედველობის დარღვევა (ფერების აღქმის შეცვლა, შუქისადმი მგრძნობიარობის გაძლიერება, მხედველობის დაბინდვა), ცხვირში მოჭერის გრძნობა. იოხიმბინის (იოხიმბინის ჰიდროქლორიდის) გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერტენზიის, ტაქიკარდიის, ორთოსტატიკური კოლაფსის, აგზნების, ტრემორის, გაღიზიანებადობის, შფოთვის განვითარება, შესაძლებელია დიურეზის შემცირება. ალპროსტადილის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ტკივილი სასქესო ორგანოში, სისხლდენა ურეთრიდან, შარდის შეუკავებლობა, ტკივილები მენჯის, წელის, მუცლის არეში; ინექციის ადგილზე შესაძლებელია ჰემატომის, ქავილის შეგრძნების, შეშუპების და ანთების გაჩენა.
საერთო უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა, ასოს ანატომიური დეფორმაცია; დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პრიაპიზმი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ლეიკემია და ა.შ.; მძიმე სომატური პათოლოგია, რომლის დროსაც სექსუალური აქტივობა მავნებელია. რეკომენდებული არ არის მათი გამოყენება ფსიქიკისა და ინტელექტის დარღვევების მქონე პაციენტებისათვის. ფოსფორდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორებისა და იოხიმბინის გამოყენების უკუჩვენებაა თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა. გარდა ამისა, არ შეიძლება ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორების მიღება ნიტრატებთან და NO-ს სხვა დონატორებთან (ანტიჰიპერტენზიული და ანტიკოაგულანტური ქმედების გაძლიერება); ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა) ერთდროულად; ბადურას პიგმენტური დისტროფიის დროს; სიფრთხილეა საჭირო აორტალური სტენოზით ან ობსტრუქციული ტიპის ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით დაავადებულებში მათი დანიშვნისას. იოხიმბინის უკუჩვენებაა ადრენომიმეტიკების ერთდროული მიღება, ტაქიკარდიისადმი მიდრეკილება; შეზღუდულია მისი გამოყენება ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და ფსიქიური დაავადებების შემთხვევაში ალპროსტადილის უკუჩვენებაა ვენოზური თრომბოზი და სისხლის გაზრდილი სიბლანტე.
რეკომენდებული არ არის ერექციური დისფუნქციის სამკურნალო სხვადასხვა საშუალების ერთდროული მიღება.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.