ანტიკოაგულანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ანტიკოაგულანტების ძირითადი მოქმედებაა ფიბრინის ძაფების გაჩენის შემცირება. ისინი ხელს უშლიან თრომბწარმოქმნას, უკვე გაჩენილი თრომბების ზრდას, აძლიერებენ თრომბებზე ენდოგენური ფიბრინოლიზური ფერმენტების ზემოქმედებას. ანტიკოაგულანტები იყოფა ორ ჯგუფად: ა) პირდაპირი ანტიკოაგულანტები – სწრაფი მოქმედების (ნატრიუმ ჰეპარინი, კალციუმის ნადროპარინი, ნატრიუმის ენოქსაპარინი და სხვა), რომლებიც ეფექტურნი არიან როგორც ორგანიზმში, ისევე ორგანიზმის გარეშეც; ბ) არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები (ვიტამინ Ê-ს ანტაგონისტი) – ხანგრძლივი მოქმედების ეთილ ბისკუმაცეტატი, ფენინდიონი და სხვა), რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ორგანიზმში. ჰეპარინის ანტიკოაგულაციური ეფექტი პირდაპირ არის დაკავშირებული სისხლის შედედების სისტემასთან, ჰემოკოაგულაციის მრავალ ფაქტორთან კომპლექსების წარმოქმნასთან და ვლინდება შედედების I, II და III ფაზების დამუხრუჭებაში. თვით ჰეპარინი აქტივირდება მხოლოდ ანტითრომბინ III-ის თანაობისას. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები – ოქსიკუმარინის, ინდანდიონის წარმოებულები კონკურენტულად ახდენენ ვიტამინ Ê-ს რედუქტაზას ინჰიბირებას, რითაც აფერხებენ ამ უკანასკნელის აქტივირებას ორგანიზმში და აჩერებენ ჰემოსტაზის Ê-ვიტამინდამოკიდებული პლაზმური II, VII, IX, X ფაქტორების სინთეზს.

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები

ჰეპარინი წარმოადგენს მჟავე მუკოპოლისაქარიდს, რომელიც შედგება გლუკურონის მჟავასა და გლუკოზამინის ნაშთებისაგან, ეთერიფიცირებულია გოგირდმჟავასთან.
ჰეპარინის მალამო. შემადგენლობა: ჰეპარინი 2500 ს.ე., ანესთეზინი 1 გ, ნიკოტინმჟავას ბენზილის ეთერი 0,02 გ, მალამოს ფუძე 25გ.
ჰეპაროიდ – მალამო (Unguentum ,,Heparoid”). მალამო, რომელიც შეიცავს 50 გ-ში 6000 ს.ე. ჰეპარინს
ჰეპარინს გააჩნია ძლიერი ანტიკოაგულაციური და ანტითრომბული აქტივობა, მაგრამ მოქმედებს ხანმოკლედ და საჭიროებს ხშირ, განმეორებით ინექციებს. მისი გამოყენებისას შედარებით ხშირია გვერდითი მოვლენები ჰემორაგიებისა და თრომბოციტოპენიის სახით. უკანასაკნელ დროს (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) შესაძლებელი გახდა დეპოლიმერიზაციის სპეციალური მეთოდებით დაბალმოლეკულური ჰეპარინების მიღება, რომელთაც გააჩნიათ ჰეპარინის ძირითადი თვისებები, მაგრამ ამავე დროს განსხვავდებიან მისგან რიგი თავისებურებებით. ისინი რამდენადმე ნაკლები ანტიკოაგულაციური აქტივობისას ახდენენ უფრო გამოხატულ ანტითრომბულ მოქმედებას, აქვთ გაცილებით დიდი ნახევარგამოყოფის პერიოდი (1,5 – 4 საათი ნაცვლად 50 – 60 წუთისა, რაც ჩვეულებრივ ჰეპარინს გააჩნია), გააჩნიათ მაღალი ბიოშეღწევადობა, ნელა გამოიყოფიან ორგანიზმიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა ეფექტი მიღებული იქნას დღეში 1 – 2-ჯერ შეყვანით. დაბალმოლეკულურ ჰეპარინებს ნაკლებად აქვთ გამოხატული თრომოციტოპენიის გამოწვევის უნარი. ამ ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება ფრაქსიპარინი, ენოქსიპარინი, რევიპაინი და სხვ.

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებია ნეოდიკუმარინი, ფეპრომარონი, სინკუმარი. (სინონიმები: Acenocumarin, Acenocumarol, Acenocumarolum, Neo–Sintrom, Nicoumalone, Sinthrome, Synthrome, Trombostop და სხვ.), ფენილინი (სინონიმები: Athrombon, Danilone, Dindevane, Diophindane, Emandione, Hedulin, Phenindionum, Phenylindandionum, Pindione, Thromasal, Thrombantin, Thrombophen, Trombosol, Thrombotyl და სხვ.)

(2)
ანტიკოაგულანტები (anticoagulantia; ბერძ. anti – წინააღმდეგ + კოაგულანტები) _ ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შემადედებელი სისტემის აქტივობას.
ანტიკოაგულანტების დაყოფა, პირობითად, ხორციელდება შემდეგ ჯგუფებად: 1) პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები _ ჰეპარინი, ჰეპარინოიდები, ჰირუდინი და სტრუქტურით და მოქმედების მექანიზმით მისდამი მსგავსი ჰირუდინოიდები; 2) არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები _ დიკუმარინი, ნეოდიკუმარინი, აცენოკუმაროლი, სინკუმარი, ფეპრომარონი და 4-ოქსიკუმარინის სხვა წარმოებულები, აგრეთვე ფენილინი, ომეფინი და ინდანდიონის სხვა წარმოებულები; 3) იშვიათi ლითონების მარილები _ ლანტანის, ლანტანოიდების, იტრიუმის და სკანდიუმის ნაერთები; 4) ლიმონ და მჟაუნმჟავას მარილები, ფტორიდები, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა (ედტა).
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები აფერხებებნ სისხლის შედედებას როგორც ორგანიზმში, ასევე in vitro. მათ შორის ძირითადი პრეპარატია ჰეპარინი. ჰეპარინის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ეფექტი დგება მომენტალურად, პრეპარატის მოქმედება გრძელდება 4-6 საათი; კანქვეშ, კუნთებში შეყვანის ან სუბლინგვალურად გამოყენების შემთხვევაში, მისი ეფექტურობა მცირდება. ჰეპარინოიდები ნაკლებად აქტიურები და უფრო მეტად ტოქსიკურები არიან ვიდრე ჰეპარინი, ამიტომაც მათი მედიცინაში გამოყენება შეზღუდულია. ჰირუდინი და ჰირუდინოიდები, ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პრაქტიკულად მომენტალურად აქვეითებენ სისხლის შედედების უნარს, მათი მოქმედება გრძელდება 1-2 საათი; კანქვეშ ან კუნთებში შეყვანისას ეფექტი ვლინდება 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 6-8 საათი. [მარკვარდტი (Markwardt), 1963].
არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები სისხლის შედედებას აფერხებენ მხოლოდ ორგანიზმში. მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა ხორციელდება სწრაფად და, როგორც წესი, სრულად (დიკუმარინის გარდა). კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტები, სისხლის პლაზმაში უერთდებიან ცილებს, ძირითადად ალბუმინებს. ამ მხრივ ისინი შედარებით  უფრო ნაკლებად არიან შესწავლილნი; მაქსიმუმის მიღწევამდე, სისხლში მათი კონცეტრაცია იწყებს შემცირებას. ე.წ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი, სხვადასხვა ნივთიერებებში მერყეობს 7-დან 50 საათამდე. ორგანიზმში პრეპარატის შეყვანის მეთოდის მიუხედავად, ეფექტი ვლინდება 24-72 საათის და გრძელდება რამდენიმე დღე.
იშვიათი ლითონების მარილები აქვეითებენ სისხლის შედედების უნარს ორგანიზმში და in vitro. ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება მომენტალურად, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება დაახლოებით 24 საათი.
ლიმონ-, მჟაუნ-, ფტორწყალბადმჟავას და ედტა-ს მარილები აფერხებენ სისხლის შედედებას in vitro.
სისხლის შემადედებელ სისტემაზე მოქმედების მექანიზმის მიხედვით ჰეპარინი წარმოადგენს პრაქტიკულად უნივერსალურ ანტიკოაგულანტს: ახდენს ანტითრომბოპლასტურ, ანტიპროთრომბინულ და ანტითრომბინულ მოქმედებას, ხელს უშლის ფიბრინოგენის ფიბრინში გადასვლას, ზრდის ფიბრინოლიზს, დიდი დოზებით ამუხრუჭებს სისხლის ფირფიტების აგრეგაციას და ადჰეზიურობას. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები წარმოადგენენ K ვიტამინის ანტიმეტაბოლიტებს. ოპტიმალური დოზებით ისინი არღვევენ II (პროთრომბინი), VII (პროკონვერტინი), IX (ქრისტმას-ფაქტორი), X (სტიუარტ-ფაქტორი) ფაქტორების ბიოსინთეზს, ამასთან დასაწყისში ქვეითდება VII და IX, შემდგომში კი II და X ფაქტორების აქტივობა. ანტიკოაგულანტების მოქმედების ხანგრძლივობა და ეფექტის დადგომის სისწრაფე, მნიშვნელოვან წილად, დაკავშირებულია მეტაბოლიზმთან და მათი გამოყოფის სიჩქარესთან. ანტიკოაგულანტებს, რომლებიც ნელა მეტაბოლიზირდებიან და ასევე ნელა გამოიყოფიან ორგანიზმიდან (დიკუმარინი, ფეპრომარონი), გააჩნიათ სისხლის შედედების შედარებით უფრო თანაბარი და ნაკლებად მკვეთრი დაქვეითების უნარი, ამავე დროს, განიცდიან კუმულაციას. ნივთიერებებს, რომლებიც სწრაფად მეტაბოლიზირდებიან და სწრაფადვე გამოიყოფიან ორგანიზმიდან (ნეოდიკუმარინი, ფენილინი, სინკუმარინი), ნაკლებად გააჩნიათ ორგანიზმში კუმულაციის უნარი.
გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დიეტის ხასიათსაც: საკვებ რაციონში K ვიტამინის და ცხიმების ნაკლები შემცველობა იწვევს ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებას და ტოქსიკურობის შემცირებას. ანტიკოაგულანტების მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი: ბარბიტალი, ფენობარბიტალი და რიგი სხვა ნივთიერებებისა, რომლებიც აჩქარებენ ანტიკოაგულანტების მეტაბოლიზმს, ხოლო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში ამცირებენ მათ გავლენას სისხლის შემადედებელ სისტემაზე; სალიცილატები ახდენენ 4-ოქსიკუმარინის წარმოებულების მოქმედების პოტენცირებას. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები ზრდიან სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ადუნებენ სისხლძარღვების (განსაკუთრებით კორონარული) გლუვ მუსკულატურას, ნაწლავების, ბრონქების მუსკულატურას, წყვეტენ ჟანგვით ფოსფორილირებას, ზრდიან შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, აქვეითებენ ლიპიდების დონეს სისხლში, ამცირებენ პანკრეასის ლიპაზას და ამილაზას, თორმეტგოჯა ნაწლავის ენტეროკინაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობას, აქვეითებენ მიოზინის ატფ-აზას აქტიურობას და ჩონჩხის და გლუვი მუსკულატურის აქტომიოზინური ძაფების კუმშვადობას. დიდი დოზებით შეიძლება დააქვეითონ იმუნოლოგიური რეაქტიულობა.
იშვიათი ლითონების მარილები აქვეითებენ II, VII და X ფაქტორების აქტიურობას. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ ჰეპარინის გამოყოფას ღრუბლოვანი უჯრედებიდან. ლიმონ– და მჟაუნმჟავას მარილები, აგრეთვე ფტორიდები და ედტა, წარმოქმნიან ნაკლებად დისოცირებულ ნაერთებს კალციუმთან (IV ფაქტორი) და, ამრიგად, ახდენენ მის გამოთიშვას სისხლის შემადედებელი სისტემიდან, რის გამოც ვლინდება თრომბოციტების აგრეგაციის და ადჰეზიურობის დამუხრუჭება.
თრომბოემბოლიური გართულებების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით, სისხლის შედედების უნარის სწრაფი დაქვეითებისთვის, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულზე და სისხლძარღვებზე ოპერაციების, ფილტვების და თავის ტვინის სისხლძარღვების, ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოემბოლიების, თრომბოფლებიტების და სხ. დროს; არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები კი ინიშნება სისხლის შედედების უნარის ხანგრძლივად დაქვეითებისთვის თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების ან, მისი არსებობის შემთხვევაში, ზრდის შეჩერების მიზნით. აღნიშნული ჯგუფის ნივთიერებების ხანგრძლივი, ლატენტური მოქმედებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მკურნალობის პირველ დღეს, ეს პრეპარატები დაინიშნოს ჰეპარინთან კომბინაციაში. არაპირდაპირ მოქმედების ანტიკოაგულანტები განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოფლებიტის, ფლებოთრომბოზის, ჯორჯლის, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზების დროს (ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით). მათი დანიშვნა, აგრეთვე ხდება ხანშიშესულ ადამიანებში, თრომბოზების პროფილაქტიკის მიზნით, ორგანოების გადანერგვის და რიგი სხვა შემთხევების დროს. იშვიათი ლითონების მარილების ინტრავენური გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში არ ხდება მათი კუმულაციის და ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო; ისინი (ფლოგოსამი) გარეგანი გამოყენების ფორმებით (მალამოები) იხმარება თრომბოფლებიტის, დერმატიტის, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს. ლიმონ– და მჟაუნმჟავას მარილები, ფტორიდები, ედტა ძირითადად გამოიყენება ლაბორატორიულ პრაქტიკაში, სინჯებში სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე სისხლის ცალკეული პრეპარატების დამზადების დროს.
ანტიკოაგულანტების გამოყენება მოითხოვს მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს სისხლის შემადედებელ სისტემაზე. ჩვეულებრივ, ანტიკოაგულანტების დანიშვნა ხდება დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰიპოკოაგულაციურ ეფექტს ოპტიმალურ დონეზე, რაც შეესაბამება პროთრომბინის მაჩვენებლებს 40–დან 60%–მდე. ანტიკოაგულანტების გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ჰემორაგიული მოვლენები, რაც დაკავშირებულია როგორც სისხლის შედედების უნარის, ასევე კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითებასთან: მიკროჰემატურია; მაკროჰემატურია; კაპილარული სისლხდენები ღრძილებიდან და ცხვირიდან; სხეულზე სისხლჩაქცევების განვითარება უმნიშვნელო ტრამვების დროს; სისხლდენები მცირე დაზიანებების, მაგალითად პარსვის, ინექციის დროს; სისხლდენები საშვილოსნოდან და კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან და სხ. იშვიათ გართულებებს მიეკუთვნება: პრეპარატის აუტანლობა, რაც ვლინდება დისპეფსიური მოვლენებით და ღებინებით, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, თმების გაცვენა. ჰემორაგიული დიათეზის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე სასწრაფოდ უნდა მოიხსნას არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, ავადმყოფს ენიშნება K1 ვიტამინის პრეპარატები, კაპილარების რეზისტენტობის გამაძლიერებელი საშუალებები (ვიტამინი P, ასკორბინის მჟავა და სხ.). თუკი აღნიშნული ღონისძიებები არასაკმარისია, ხორციელდება ჰემოტრანსფუზია. თმების გაცვენის შემთხვევაში, სასურველი მოქმედება გააჩნია ვიტამინს D2. ჰეპარინის და ჰეპარინოიდების გამოყენების გამო განვითარებული სისხლდენების შემთხვევაში ინიშნება აღნიშნული პრეპარატების ანტაგონისტები _ პროტამინსულფატი (5 მლ. 1% ხსნარი ინტრავენურად ერთჯერადად ან განმეორებით 15 წუთის ინტერვალით), აგრეთვე ძირითადი საღებავები (ტრიპანის ლურჯი, ტოლუიდინის ლურჯი, აზურ A და სხ.).
ანტიკოაგულანტების გამოყენება უკუნჩვენებია ჰემორაგიული დიათეზების, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების მძიმე დარღვევების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ორსულობის (განსაკუთრებით მეორე ნახევარში), ნებისმიერი ლოკალიზაციის კიბოს, ქვემწვავე სეფსისური ენდოკარდიტის დროს; ანტიკოაგულანტების დანიშვნა არ არის რეკომენდირებული მეძუძური დედებისთვის; მაღალი არტერიული წნევის, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების დროს ანტიოკოაგულანტებით მკურნალობა წარმოებს ძალიან დიდი სიფრთხილით.

გაფრთხილება!

  • საავტორო უფლებები
    მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
  • თემატურად მომიჯნავე სტატიები
  • ლიტერატურა
    1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..