დეტოქსიკაციის საშუალებები, ანტიდოტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

პრეპარატების ეს ჯგუფი მოიცავს სამკურნალო და სხვა საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეტოქსიკაციის სხვადასხვა მეთოდების ჩატარებისას. დეტოქსიკაცია წარმოადგენს სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც ტარდება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შეწყვეტის და ორგანიზმიდან მათი მოცილების მიზნით. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სხვადასხვა ა მეთოდი, რომელიც მიმართულია ბუნებრივი დეტოქსიკაციის სტიმულირებაზე, და აგრეთვე ხელოვნური და ანტიდოტური დეზინტოქსიკაციური თერაპიის ჩატარება.
ფიზიოლოგიური დეტოქსიკაციის გაძლიერებაზე მიმართულ მეთოდებს მიეკუთვნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასუფთავება, ფორსირებული დიურეზი, ფერმენტების აქტივობის რეგულირება, ჰიპერ- და ჰიპოთერმიის შექმნა და სხვა. მათი ჩატარებისას გამოიყენება ღებინების გამომწვევი და სასფაღარათო საშუალებები; პრეპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალ-ელექტროლიტურ დატვირთვას, ოსმოსური დიურეტიკები და სალურეტიკები; გარდა ამისა, სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის საშუალებები.  აღსანიშნავია, რომ დეტოქსიკაციის ბუნებრივი მექანიზმების სტიმულირება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზმის გამომყოფი სისტემების ფუნქციის შენარჩუნების პირობებში. ხელოვნური დეტოქსიკაცია ემყარება განზავების, დიალიზის და სორბციის პროცესების გამოყენებას. მისი ჩატარების მეთოდებს მიეკუთვნება აფერეტული (სისხლის (ლიმფის) განზავება და ჩანაცვლება), დიალიზური და ფილტრაციული (ჰემო-, პლაზმო-, ლიმფოდიალიზი, ულტრა- და ჰემოფილტრაცია, პერიტონული და ნაწლავური დიალიზი და სხვა), სორბციული (ჰემო-, პლაზმო- და ლიმფოსორბცია, ენტეროსორბცია და სხვა) და ფიზიოჰემოთერაპიის (ულტრაიისფერი დასხივება და სისხლის მაგნიტური დამუშავება) მეთოდები. ხელოვნური დეტოქსიკაციის მეთოდების რეალიზაცია გულისხმობს სისხლისა და პლაზმის შემცვლელებს დიდი რაოდენობით გამოყენებას, ასევე, დიალიზის ხსნარებს, ადსორბციის საშუალებებს – სორბენტებს და სხვა.
დეზინტოქსიკაციური ღონისძიებების კომპლექსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ანტიდოტების გამოყენებას. ანტიდოტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ექსპერტების განმარტებით, არის პრეპარატი, რომელსაც უნარი აქვს მოაცილოს ან შეასუსტოს ქსენობიოტიკის სპეციფიკური ეფექტები მისი იმობილიზაციის, მათ შორის ხელატური ნაერთების წარმოქმნის, კონცენტრაციის შემცირების (მაგ.ადსორბენტებით) ან სხვადასხვა სისტემების დონეზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის (ფარმაკოლოგიური ანტაგონისტები) ხარჯზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სპეციფიკური ანტიდოტები არსებობენ ქსენობიოტიკების მცირე რაოდენობისთვის, ხოლო ანტიდოტური მოქმედების მექანიზმი რთულია და მრავალფეროვანი, ანტიდოტური საშუალებების სისტემატიზაცია ატარებს პირობით ხასიათს. კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში მიზანშეწონილად ითვლება ანტიდოტების შემდეგი ჯგუფების გამოყოფა:
1. ადსორბენტები, რომელთა მოქმედება ემყარება ფიზიკურ პროცესებს (ნახშირი, ფისი და სხვა). მაგალითდ, გააქტივებული  ნახშირის 1გრ ადსორბირებს 800 მგრ-მდე მორფინს ან 700 მგრ ბარბიტალს ან სხვა ბარბიტურატების ან ეთანოლის 300-350 მგრ-ს.
2. ქიმიური (ტოქსიკოტროპული) ანტიდოტები, რომლებიც უვნებელყოფენ შხამს ქიმიური რეაქციის შედეგად (აღმდგენელები, დამჟანგველები, ხელატოწარმომქმნელები და ა.შ.).
ხელატოწარმომქმნელებს იყენებენ მეტალებითა და მეტალოიდებით მოწამვლის დროს. ეთილენდიამინტეტრააცეტატის კალციუმ დინატრიუმის მარილი წარმოქმნის სტაბილურ კომპლექსებს ორ- და სამვალენტიან მეტალებთან (ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ცინკი), რომლებიც გამოიყოფა  თირკმელებით. დეფეროქსამინი წარმოადგენს ხელატოწარმომქმნელს რკინის იონისათვის (Fe3+), ხოლო D-პენიცილამინი (მონოთიოლური ხელატოწარმომქმნელი) – სპილენძის, ტყვიის, ბისმუტის და დარიშხანას იონებისთვის. უნითიოლი წარმოქმნის მერკაპტანებს – კომპლექსებს თიოლურ ფერმენტებთან დაკავშირებულ მძიმე მეტალებთან (ხელს უწყობს ქსოვილებიდან მძიმე მეტალების გამოყოფას).
3. ანტიდოტები, რომლებიც ორგანიზმშიტოქსიკანტთან ქმნიან  ღირებული თვისების მქონე ნაერთებს (ამილნიტრიტი, მეთილენლურჯი, ნატრიუმის ნიტრიტი). ეს საშუალებები გამოიყენება მეთჰემოგლობინწარმომქმნელებით, მათ შორის ციანიდებით, მოწამვლისას. მეთილენის ლურჯი პლაზმაში ნაწილობრივად გარდაიქმნება გაუფერულებულ ლეიკომეთილენურ ფორმაში, რომელსაც აქვს უნარი აღადგინოს მეთჰემოგლობინის სამვალენტიანი რკინა ორვალენტიანში, ანუ გარდაქმნას მეთჰემოგლობინი ჰემოგლობინში.
4. ბიოქიმიური საშუალებები (მეტაბოლური, ტოქსიკო-კინეტიკური), რომლებსაც   შხამის მეტაბოლიზმის მოდიფიცირების უნარი აქვთ. ეთანოლი   სწრაფ ურთიერთქმედებაში შედის ალკოჰოლდეჰიდროგენაზასთან, ეწინააღმდეგება მეთანოლისა და ეთილენგლიკოლის გარდაქმნებს და მათგან ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნას. აცეტილცისტეინი ხელს უშლის პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მეტაბოლიტის ფორმირებას ამ უკანასკნელის დოზის გადაჭარბების ან ხანგრძლივი ხმარების დროს.
5. ფარმაკოლოგიური ანტაგონისტები, რომლებიც კონკურენციას უწევენ შხამს ფერმენტებზე, რეცეპტორებზე და ფიზიოლოგიურ სისტემებზე მოქმედებაში. ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები მიეკუთვნებიან უპირატესად სინაფსოტროპული პრეპარატები მოქმედების ანტაგონისტური ტიპით. სპეციფიკური ანტაგონისტების წარმომადგენლებია ფლუმაზენილი (მოწამვლა ბენზოდიაზეპინებით), ატროპინი (მ-ქოლინომიმეტიკების დოზის გადაჭარბება, მოწამვლა ფოსფორორგანული ნაერთებით), ესმოლოლი (ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტების დოზის გადაჭარბება), ნალორფინი და ნალოქსონი (ოპიუმის რეცეპტორების აგონისტების დოზის გადაჭარბება). ფარმაკოლოგიური ანტაგონისტების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ამინოსტიგმინი, გლუკაგონი, მეტოკლოპრამიდი, პირიდოქსინი, თიამინი, ინოზინი და სხვა. ფარმაკოლოგიური ანტიდოტების გამოყენება იძლევა ინტოქსიკაციის მრავალი, მაგრამ არა ყველა სიმპტომის კუპირების საშუალებას, ვინაიდან ანტაგონიზმი ჩვეულებისამებრ არასრულია. გარდა ამისა, ანტაგონიზმის კონკურენტული ხასიათი გულისხმობს ანტიდოტების დანიშვნას დიდი დოზებით, რომლებიც აღემატებიან მოწამვლის გამომწვევი ნივთიერების კონცენტრაციას, რასაც შეიძლება მოჰყვეს დამატებითი გვერდითი ეფექტების განვითარება. ანტიდოტური თერაპია მაღალეფექტურია მწვავე მოწამვლის ადრეულ ტოქსიკოგენურ ფაზაში (ინტოქსიკაციის სახის დამაჯერებელი კლინიკურ-ლაბორატირიული დიაგნოსტიკის პირობით) და მძიმე მოწამვლის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეუქცევადი მდგომარეობების დაწყებამდე.
6. იმუნოლოგიური ანტიდოტები. ანტიტოქსიკურ იმუნოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველური შხამებით, გველისა და მწერების კბენით გამოწვეული მოწამვლისას. იგი ტარდება ანტიტოქსიური შრატების გამოყენებით (გველის შხამის საწინააღმდეგო, კარაკურტის შხამის საწინააღმდეგო და ა.შ.). ბოლო წლებში გამოყენება ჰპოვა მონოვალენტურმა ანტიდიგოქსინურმა შრატმა დიგოქსინით მოწამვლისას. ამ ჯგუფის ანტიდოტების ნაკლია დაგვიანებული გამოყენებისას (მოწამვლიდან 3-4 საათის შემდეგ) დაბალი ეფექტურობა და ანაფილაქსიის განვითარების შესაძლებლობა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები