nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ანტითირეოიდული საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ + thyreoeides ფარისებრი) – სხვადასხვა ქიმიური ბუნების ნაერთები, რომლებიც აქვეითებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ქიმიური აგებულების მიხედვით ანტითირეოიდული საშუალებების კლასიფიცირება ხდება შემდეგი გზით: 1) იოდი პრეპარატები (არაორგანული და ორგანული; 2) თიოშარდოვანას პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ჯგუფს (იხ. ტ. 2, გვ. 47) და მერლაპტოიმიდაზოლის პრეპარატები; 3) ანილინის პრეპარატები, რომლებიც, პარამდგომარეობში ჩანაცვლებულნი არიან სულფანილამიდებით ან მეტამდგომარეობაში – ფენოლით (შეიცავენ რადიკალს იხ. ტ.2, გვ.47); 4) თიოციანატები; 5) კალიუმის პერქლორატი.
ანტითირეოიდული საშუალებების მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია და დამოკიდებული მათ ქიმიურ აგებულებაზე.
იოდის პრეპარატები ახდენენ უშუალო მოქმედებას თირეოიდულ ეპითელიუმზე, რომლის სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს იოდის შებოჭვა და კონცეტრირება თირეოიდული ჰორმონების – თიროქსინის და ტრიოიდთირონინის ბიოსინთეზის მიზნით. ორგანიზმში შეყვანიდან უკცე 10–15 წამის შემდეგ იოდი იწყებს შერჩევითად დაგროვებას თირეოიდული ეპითელიუმის აპიკალურ ნაწილში და კოლოიდებში. ნორმაზე მაღლა იოდის დაგროვება იწვევს თირეოიდული ჰორმონების სინთეზის დაქვეითებას. ირღვევა თირეოიდული ჯირკვლის უნარი შებოჭოს სისხლში არსებული იოდი, ქვეითდება ორგანული იოდის (ცილებთან შეერთებული) რაოდენობა ფარისებრ ჯირკვალში, რთულდება თირეოიდული ჰორმონების გადასვლა ჯირკვლიდან სისხლში.
ამავე დროს, იოდის პრეპარატები თრგუნავენ თირეოიდული ჰორმონების სეკრეციას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის დაქვეითბას. სამკურნალო მიზნით ორგანიზმში შეყვანილი იოდის პრეპარატები იწვევენ ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირებას, მისი ფუნქციის დათრგუნვას და შესაბამის ცვლილებებს დაავადების კლინიკურ სურათში.
იოდის არაორგანული პრეპარატები გამოიყენება პილულებით (აბებით) დანიშნული ”მიკროიოდის” (0,0005 გრ. სუფთა იოდი და 0,005 გრ. კალიუმის იოდიდი) ან ლუგოლის ხსნარის (1 ნაწილი იოდი, 2 ნაწილი კალიუმის იოდიდი და 17 ნაწილი წყალი) სახით. მიოკროიოდიდი ინიშნება 20–20 დღიანი განმეორებითი კურსებით, შუაში 10 დღიანი შესვენებებით, გამოსაყენებელი დოზებია 2 პილულა (აბი) დღეში ან 10–10 წვეთი ლუგოლის ხსნარი 2–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსების რაოდენობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე და, ჩვეულებრივ, არ აღემატება 3–4–ს.
იოდის ორგანული პრეპარატები – დიიოდთიროზინი და მისი იზომერი ბეტაზინი – გამოიყენება დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის და ენდემური და სპორადული ჩიყვის ჰიპერთირეოიდული ფორმების დროს, 0,05 გრ. აბები 2–3–ჯერ დღეში, 20 დღიანი კურსებით და შუაში 10–20–დღიანი ინტერვალებით. მათი დანიშვნა ხდება დიფუზური ტოქსიკური ჩიყვით ავადმყოფების წინასაოპერაციო მომზადების და პოსტოპერაციულ პერიოდში თირეოტოქსიკური კრიზების თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოქმედება: იოდის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის და იოდის პრეპარატების ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს იოდიზმის მოვლენები (სურდო, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ბრონქიტი, კონიუქტივიტი). ენდემური ჩიყვით დაავადებულებში, იოდის პრეპარატების გადაჭარბებული დოზირებისას ზოგჯერ აღინიშნება ჰიპერთირეოზი (”იოდ–ბაზედოვი”), ხოლო დიფუზური ტოქსიკური ჩიყვით დაავადებულებში – თირეოტოქსიკოზის მოვლენების გაძლიერება.
იოდის პრეპარატების გამოყენების უკუჩვენებებია: იოდოსინკრაზია იოდის მიმართ, ”იოდ–ბაზედოვი”.
თიოშარდოვანას და მათი წარმოებულების პრეპარატები. აღნიშნული პრეპარატები მოწოდებულია ასტვუდის (E. A.stwood) მიერ 1943 წელს. განსაკუთრებით ფართო გამოყენება კლინიკაში ჰპოვეს 6–მეთილთიოურაცილმა, პროპილთიოურაცილმა, აგრეთვე 1–მეთილ–2–მერკაპტოიმიდაზოლმა, 2–კარბოეთოქსიმერკაპტო–1–მეთილიმიდაზოლმა. აღნიშნული პრეპარატების თირეოსტატული ეფექტი განპირობებულია ფერმენტების (ციტოქრომოქსიდაზები, პეროქსიდაზები) აქტივობის დათრგუნვით, რომლებიც მონაწილეობენ იოდიდების ატომურ იოდში დაჟანგვის და იოდთიროზინების იოდთირონინებში გარდაქმნის პროცესებში. ამასთან, ფარისებრი ჯირკვალი ბოჭავს იოდს, მაგრამ არ იყენებს მას თიროიდული ჰორმონების ბიოსინთეზში. იოდი სწრაფად გამოიყოფა ჯირკვლიდან. მასში ხდება უფრო მეტი წინამორბედების აღმოჩენა, ვიდრე თვითონ ჰორმონების (მატულობს მონოიოდთიროზინის შემცველობა დიიოდთიროზინის შემცველობასთან შედარებით და ტრიიოდთორონინის თიროქსინთან შედარებით). უხშირესად, აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნება იოდის ცვლის დაქვეითება ფარისებრ ჯირკვალში. თიოშარდოვანას ჯგუფის ანტითირეოიდული საშუალებებით მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ, ექსპერიმენტულ ცხოველების ფარისებრ ჯირკვალში აღინიშნება ჰისტოლოგიური ცვლილებები: კოლოიდი ქრება, ეპითელიუმის უჯრედები ზომაში მატულობენ, ძლიერდება ჯირკვლის ვასკულარიზაციას. 2 კვირის შემდეგ აღინიშნება ჯირკვლის გადიდება. ჯირკვლის ჰორმონული მარაგის განლევა, სისხლის შრატში, შემდეგ კი ქსოვილებში ჰორმონული იოდის შემცველობის მატება იწვევს თირეოტროპულ ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებას (უკუკავშირის პრინციპი). ამავე დროს, ადენოჰიპოფიზში ჩნდებიან ”თიროიდექტომის უჯრედები”, რომლებიც შეიცავენ გლიკოპროტეიდებს და დეგრანულირდებიან თიოშარდოვანას პრეპარატების ზეგავლენით. თიოშარდოვანას პრეპარატებთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინი და ტრიიოდთირონინი) გამოყენება, აფერხებს აღნიშნული უჯრედების გაჩენას და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. კლინიკურ პრაქტიკაში, ანტითირეოიდული საშუალებების ზუსტი დოზირება ხელს უშლის აღნიშნული ცვლილებების განვითარებას.
თიოშარდოვანას ტიპის ანტითირეოიდული საშუალებები გადიან პლაცენტურ ბარიერს, აგრეთვე ხვდებიან დედის რძეშიც. ისინი თავისუფლად შეიწოვებიან ნაწლავებში და სწრაფად ხვდებიან ქსოვილებში. 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ჯგუფის თირეოიდული საშუალებების 40% გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სწრაფად აღდგება.
თირეოსტატული მოქმედების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ანტითირეოიდული საშუალებების აქტივობა (იხ. ცხრილი ტ. 2, გვ. 48).
თიოშარდოვანას და მერკაპტოიმიდაზოლის პრეპარატები გამოიყენება დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობის დროს, ასეთი ავადმყოფების წინასაოპერაციო მომზადების, აგრეთვე დიფუზურ–ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.
კლინიკურ პრაქტიკაში იხმარება მერკაზოლილი, მეთოთირინი და მეთილთიოურაცილი, აგრეთვე პროპილთიოურაცილი.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობისთვის გამოიყენება თიოშარდოვანას და მერკაპტოიმიდაზოლის პრეპარატები დარტყმითი დოზებით. მერკაზოლინისთვის დარტყმითი (საწყისი) დოზა მერყეობს 50–80 მგ. პრეპარატების დოზა თანდათანობით მცირდება კლინიკური ეფექტის შესაბამისად. თიოშარდოვანას პრეპარატების დოზების შემცირების კრიტერიუმებია პულსის სიხშირე და ავადმყოფის წონა. მოკლე პერიოდის მანძილზე საკმარისი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა ისევ უნდა გაიზარდოს. რემისიის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ დოზებზე. თუკი, აღნიშნული დოზებით რემისიის მდგომარეობა გრძელდება 4 თვე, პრეპარატები იხსნება. მყარი რემისია სრულდება ფარისებრი ჯირკლვის ზომების მნიშვნელოვანი შემცირებით [ვ. რ. კლიაჩკო, დ. სოლომონი (D. Solomon) და თანაავ.]. ნორმალურ ზომებამდე ფარისებრი ჯირკვლის შემცირება რემისიის ფონზე წარმოადგენს შემანარჩენებელი დოზებით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად კრიტერიუმს. თიოშარდოვანას და მერკაპტოიმიდაზოლის პრეპარატებით დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 12–18 თვეს [ობერდისე, კლეინი (K. Oberdisee, E. Klein)]. თერაპიის ხანგრძლივი, სასურველი ეფექტი უნარჩუნდება ავადმყოფთა 60–80%.
გართულებები და გვერდითი მოქმედება. აღნიშნული ჯგუფის ანტითირეოიდული საშუალებებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ტოქსიკო–ალერგიული რეაქციები, ჩიყვისმიერი ეფექტი და მედიკამენტური ჰიპოთირეოზი. ტოქსიკო–ალერგიული რეაქციები ვლინდებიან ლეიკოპენიით და გრანულოციტოპენიით, რასაც ზოგჯერ მოსდევს აგრანულოციტოზის განვითარება. აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის დროს აუცილებელია მუდმივი კონტროლი სისხლის თეთრი უჯრედების მდგომარეობაზე. თეთრი სისხლის მხრიდან ცვლილებების გარდა, შეიძლება აღინიშნებოდეს ცხელება, კანის მხრიდან რეაქციები, ზოგჯერ ღებინება.
ჩიყვისმიერი ეფექტის განვითარება დაკავშირებულია ჰიპოფიზის თიოტროპული აქტივობის მომატებასთან. მედიკამენტური ჰიპოთირეოზი, როგორც წესი, ატარებს ტრანზიტულ ხასიათს და წარმოადგენს გადაჭარბებული დოზირების შედეგს. ტოქსიკო–ალეგიული რეაქციების (თეთრი სისხლის ცვლილება) შემთხვევაში რეკომენდირებულია ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიმედროლი, პიპოლფენი), სისხლწარმოქმნის მასტიმულირებელი საშუალებების (პენტოქსილი, ლეიკოგენი, მეტაცილი, ნუკლეინმჟავა ნატრიუმი და სხ.), გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების დანიშვნა.
ლეიკოციტების, მათ შორის გრანულოციტების რიცხვის განმეორებით შემცირების შემთხვევაში, აუცილებელია მოიხსნას პრეპარატები. ჩიყვისმიერი ეფექტის მოშორების მიზნით, ზოგჯერ საკმარისია ერთი პრეპარატის მეორით შეცვლა ან თირეოიდული ჰორმონების დანიშვნა.
აღნიშნული ჯგუფის ანტითირეოიდული საშუალებების გამოყენების უკუჩვენებებს წარმოადგენენ თეთრის სისხლის დაავადებები, მკერდუკანა ჩიყვი, დიდი ზომის ჩიყვი, რომელიც იწვევს ზეწოლას საყლაპავზე და სასუნთქ გზებზე, ორსულობა.
ანილინის წარმოებულების ჯგუფის პრეპარატებმა ვერ ნახეს გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში დაბალი ეფექტურობის და მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის გამო.
თიოციანიტების გამოყენება აგრეთვე არ ხდება კლინიკაში ტოქსიკურობის გამო.
კალიუმის პერქლორატი თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შებოჭვას და ამით ამცირებს ჰორმონოწარმოქმნის პროცესს. კლინიკაში აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება იშვიათად, მისი დაბალი ეფექტურობის და გვერდითი ეფექტების გამო. გამოყენების ჩვენებები თიოშარდოვანას პრეპარატების ანალოგიურია.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka