ჰიპოფიზის ჰორმონები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემა წარმოადგენს უმრავლესი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის რეგულატორს. ჰიპოთალამუსში გამომუშავდება რილიზინგ ჰორმონები, რომლებიც იწვევენ ჰიპოფიზის ჰორმონების შიდა სეკრეციის სტიმულირებას ან დამუხრუჭებას. კერძოდ, თირორელინი ზრდის თირეოტროპინის, გონადორელინი – გონადოტროპინების (ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუტეინიზებელი ჰორმონების) ლიბერაციას. როგორც გონადორელინს, ასევე მის სინთეზურ ჰომოლოგებს (ტრიპტორელინი და სხვა) იყენებენ სასქესო ჯირკვლების უკმარისობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის; მათი დიდი დოზები, რომლებიც თრგუნავენ გონადოტროპინების სეკრეციას, გამოიყენება რიგი სიმსივნური დაავადებების (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის) დროს. ჰიპოფიზში განასხვავებენ სამ წილს: წინა, შუათანა და უკანა წილებს; პირველი ორი – ჯირკვლოვანი, მესამე – ნეიროგლიალური წარმოშობისაა. წინა წილში წარმოიქმნება ძირითადი ტროპული ჰორმონები (აკტჰ, სომატოტროპული, თირეოტროპული, ფოლიკულო–მასტიმულირებელი, მალუტეინიზებელი და ლაქტოგენური), შუათანაში – მელანოციტმასტიმულირებელი (სამივე ტიპი – ალფა, ბეტა და გამა) ჰორმონი, უკანა წილში – ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი. ეს უკანასკნელები წარმოიქმნებიან ჰიპოთალამუსის ბირთვებში (პარავენტრიკულარულში და სუპრაოპტიკურში) და აქსონებით გადადიან ჰიპოფიზში, რომელიც ახდენს მათ ინკრეტირებას სისხლში. ოქსიტოცინის ძირითადი თვისებაა მასტიმულირებელი გავლენა საშვილოსნოს მუსკულატურაზე. ეს თვისება იმდენად დამახასიათებელია, რომ ასეთი მოქმედების გამომწვევ პრეპარატებს ხშირად უწოდებენ ოქსიტონიკურ საშუალებებს. ოქსიტოცინი და მისი სინთეზური ანალოგები (დემოქსიტოცინი) ფართოდ გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მიომეტრიუმის ფუნქციური აქტივობის უკმარისობის დროს. ვაზოპრესინი ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი სტრუქტურით უახლოვდება ოქსიტოცინს, მაგრამ რამდენადმე განსხვავდება ამინომჟავური ნაშთების შემცველობითა და განლაგებით. ვაზოპრესინის ძირითად ეფექტს წარმოადგენს თირკმელების მილაკების დისტალური ნაწილებში წყლის რეაბსორბციის რეგულირება. მილაკების შეღწევადობის გაზრდით იგი ხელს უწყობს წყლის რეაბსორბციას და დიურეზის შემცირებას. დიდი დოზებით ვაზოპრესინი ახდენს გლუვ (სისხლძარღვების, საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის) კუნთებზე მასტიმულირებელ გავლენას. ვაზოპრესინით არტერიული წნევის გაზრდას  განაპირობებს არტერიოლებსა და კაპილარებზე პირდაპირი მიოტროპული ზემოქმედებით. სამედიცინო პრაქტიკაში ვაზოპრესინთან ერთად გამოიყენება მისი სინთეზური ანალოგები და ჰომოლოგები (დესმოპრესინი, ტერლიპრესინი). გონადოტროპინები წარმოადგენენ ცილოვან-პეპტიდურ ჰორმონებს, რომლებიც მამაკაცის და ქალის სასქესო ჯირკვლების განვითარების და ფუნქციონირების სტიმულირებას ახდენენ. გონადოტროპინების სინთეზი და სეკრეცია ხორციელდება ჰიპოთალამური ნეიროჰორმონების (რილიზინგ-ფაქტორების) ზემოქმედებით. ჰიპოფიზის წინა წილიდან გამოყოფილია სამი ჰორმონი, რომლებიც გავლენას ახდენენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციებზე: ფოლიკულომასტიმულირებელი, მალუტეინიზებელი, პროლაქტინი. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ხელს უწყობს საკვერცხეების განვითარებას და მათში ფოლიკულების მომწიფებას, იგი აუცილებელია აგრეთვე მალუტეინიზებელი ჰორმონის მოქმედების გამოსამჟღავნებლად, გარდა ამისა, იგი აძლიერებს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებში სპერმატოგენეზს. ქალებში მალუტეინიზებელი ჰორმონი ხელს უწყობს განვითარებული ფოლიკულის ყვითელ სხეულში გადასვლას და ზრდას. მამაკაცებში ეს ჰორმონი ახდენს სათესლე ჯირკვლების ინტერსტიციალური უჯრედების ფუნქციის სტიმულირებას (მას უწოდებენ აგრეთვე ჰორმონს, რომელიც ახდენს ინტერსტიციალური უჯრედების სტიმულირებას), მის მიერ გამოწვეული სპერმატოგენეზის აქტივაცია დაკავშირებულია ძირითადად ტესტოსტერონის სინთეზის გაძლიერებასთან, იგი ხელს უწყობს აგრეთვე სათესლე ჯირკვლების დაშვებას კრიპტორქიზმის დროს; ამ ჰორმონის გავლენით სისხლში იზრდება ქოლესტერინის შემცველობა; იგი ავლენს ცხიმის მობილიზაციის ეფექტს. პროლაქტინი აძლიერებს ყვითელი სხეულის ჰორმონალურ ფუნქციას და პროგესტერონის აქტივობას, მშობიარობის შემდგომ პერიოდში სარძევე ჯირკვლებში ზრდის რძის სეკრეციას. სამედიცინო პრაქტიკაში ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონის აქტივობის მქონე პრეპარატების სახით გამოიყენება მენოპაუზური გონადოტროპინი (მენოტროპინები) და მისი ჰომოლოგები (უროფოლიტროპინი, ფოლიტროპინ ალფა, ფოლიტროპინ ბეტა). მენოპაუზურ გონადოტროპინს იღებენ მენოპაუზაში მყოფი ქალების შარდიდან. მალუტეინიზებელი ჰორმონის აქტივობის მქონე პრეპარატს წარმოადგენს ქორიონული გონადოტროპინი, რომელიც მიიღება ფეხმძიმე ქალების შარდიდან. ანტიგონადოტროპინები თრგუნავენ ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების (მალუტეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების) გამოყოფას. ანტიგონადოტროპულ მოქმედებასთან დაკავშირებით მათ იყენებენ ენდომეტრიოზის მკურნალობისათვის (დანაზოლი), ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა უშვილობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბროკისტოზური მასტიტი და სხვა), წინამენსტრუალური სინდრომი, გინეკომასტია და სხვა დაავადება, რომელთა მკურნალობის დროს საჭიროა გონადოტროპინების ინკრეციის ბლოკადა. წინა წილის სხვა ტროპული ჰორმონები ან ახდენენ შესაბამისი ჯირკვლების ფუნქციების აქტივაციას, ან უშუალოდ მოქმედებენ ცვლის პროცესებზე. აკტჰ და მისი ანალოგები (კორტიკოტროპინი, ტეტრაკოზაქტიდი) თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფენაში ზრდიან გლუკოკორტიკოიდების სინთეზს, სომატოტროპინი – განაპირობებს ჩონჩხის და მთელი ორგანიზმის ზრდას. მისი გამოყოფა კონტროლირდება ჰიპოთალამუსით სომატოსტატინის წარმოქმნის მეშვეობით, რომელიც თრგუნავს ზრდის ჰორმონის ლიბერაციას; მედიცინაში გამოყენება ჰპოვეს სომატოსტატინის სინთეზურმა შემცვლელებმა – ლანრეოტიდმა, ოკრეოტიდმა. თირეოტროპინი ახდენს თიროქსინის სეკრეციის, ხოლო ლაქტოგენური – სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და ლაქტაციის სტიმულირებას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები