ჰიპოლიპიდემიური საშუალებები 

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონის მარეგულირებელი საშუალებების რაციონალურმა გამოყენებამ შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროს საპროფილაქტიკური და სამკურნალო გავლენა იქონიოს. სისხლში ქოლესტერინის, ფოსფოლიპიდების და ტრიგლიცერიდების გადამტანებია ლიპოპროტეიდები, რომლებიც მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ფიზიოლოგიური როლიდან გამომდინარე იყოფა შემდეგ კლასებად:
ა) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები (დსლპ), რომლებსაც გადააქვთ, როგორც წესი, ქოლესტერინი (ქოლესტერინის ეთერები);
ბ) ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები (ძდსლპ), რომლებსაც გადააქვთ ძირითადად ენდოგენური ტრიგლიცერიდები;
გ) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები (მსლპ), რომლებსაც პირველ რიგში გადააქვთ ქოლესტერინი და აგრეთვე ფოსფოლიპიდები.
სხვადასხვა ლიპოპროტეიდები არაერთნაირ როლს ასრულებენ ათეროსკლეროზის განვითარებაში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს გადააქვთ ენდოგენური ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს სისხლძარღვთა კედლებში გადააქვთ ქოლესტერინი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ათეროსკლეროზის განვითარებას ან უკვე დაწყებული პროცესის გაღრმავებას. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, პირიქით, ახდენენ ქსოვილებიდან, მათ შორის სისხლძარღვთა კედლებიდან, ქოლესტერინის მობილიზებას. ამასთან დაკავშირებით ჰიპოლიპიდემიური საშუალებების მოქმედება მიმართული უნდა იყოს არა იმდენად სისხლში ქოლესტერინის საერთო შემცველობისკენ, რამდენადაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების გაზრდილი დონის დაქვეითებაზე და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის გაზრდაზე. ლიპოპროტეიდების სინთეზი და ქოლესტერინის ცვლა წარმოადგენს რთულ ბიოლოგიურ პროცესს, ამიტომ მათზე ამა თუ იმ ხარისხით გავლენის მოხდენა შეუძლია სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის საშუალებებს,, ცვლის რეგულატორებს, მათ შორის ლიპოტროპულ საშუალებებს, ჰორმონალურ პრეპარატებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს (ლინეტოლს, ლიპოსტაბილს), პარმიდინს და სხვა. ჰიპოლიპიდემიური მოქმედების ძირითად საშუალებებს მიაკუთვნება ნაღველის მჟავების შემაკავშირებელი ნივთიერებები – ნაღველის მჟავების სეკვესტრანტები (ქოლესტირამინი და სხვა), ნიკოტინის მჟავა და მის წარმოებულები, სტატინები (ლოვასტატინი, სიმვასტინი და სხვა), ფიბრატები – ფიბრომჟავის წარმოებულებს (კლოფიბრატი, ბეზაფიბრატი და სხვა). როგორც წესი, ჰიპოლიპიდემიური საშუალებები გამოიყენება ლიპიდური ცვლის დარღვევით მიმდინარე ან ამით განპირობებული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) კომპლექსური თერაპიისათვის.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

______________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”

..