ანტიმიკრობული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ანტიმიკრობული საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ+ mikros მცირე, პატარა+ b[ios] სიცოცხლე) – ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურების ან ზრდის შეფერხების მიზნით. ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც აფერხებენ მიკროორგანიზმების გამრავლებას ეწოდებათ ბაქტერიოსტატიკები, ხოლო ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ მიკროორგანიზმების (ბაქტერიების) განადგურებას – ბაქტერიოციდები, ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ სპორების სიკვდილს – სპოროციდები. ვირულიციდები – პრეპარატები, რომლებიც განაპირობებენ ვირუსული ნაწილაკების ინაქტივაციას.
ვირულიციდური აქტივობა გააჩნიათ მხოლოდ იმ ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც უერთდებიან ვირუსული ნაწილაკების რნმ და დნმ პროტეინებს. აღნიშნულ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან ჰალოიდები და ჰალოიდშემცველი ნაერთები, ფორმალდეჰიდი, პროპიოლაქტონი, ნადძმარმჟავა. ფენოლწარმოებულ ნაერთებს და ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ სუსტად გამოხატული ვირულიციდური აქტივობა.
მიკროორგანიზმებზე ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედება განსხვავებულია: ზოგი არღვევს ცილის ბიოსინთეზს, იწვევს მის დენატურაციას, ზოგი მოქმედებს ფერმენტულ სისტემებზე, სხვები კი ცვლიან უჯრედის გარსის განვლადობას. ასე მაგალითად, ჰალოიდები – ქლორ– და იოდშემცველი პრეპარატები, აზოტის ზეჟანგი მოქმედებენ როგორც მჟანგავები; ფენოლი და მისი წარმოებულები იწვევენ უჯრედის ცილების კოაგულაციას; მძიმე ლითონების მარილები ცილებთან წარმოქმნიან წყალში უხნად ალბუმინატებს და ა.შ.
ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც იწვევენ მიკრობების სიკვდილს გარემოში, გამოიყენება ინფექციური ავადმყოფის გამონაყოფების, მის მიერ დაბინძურებული საგნების (ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები), აგრეთვე წყლის და ნიადაგის დეზინფექციის მიზნით. აღნიშნული ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებები კარგად უნდა იხსნებოდნენ წყალში, მათი აქტივობა ნაკლებად უნდა იცვლებოდეს გარემოს pH-ის ან ორგანული ნაერთების ზეგავლენით; უნდა იყოს შესანახად გამძლე; არ უნდა გააჩნდეს მვეთრი სუნი და იყოს შედარებით უსაფრთხო ადამიანებისთვის. პრაქტიკაში გამოიყენება ქლორი, ქლორის კირი, ნატრიუმის და კალციუმის ჰიპოქლორიტები, ქლორამინი, სულფოქლორანტინი, დიქლორიზოციანურის მჟავას ნატრიუმის და კალიუმის მარილები, იოდის და იოდოფორების სპირტხსნარები, ფორმალდეჰიდი, პროპიოლაქტონი, წყალბადის ზეჟანგი, ფენოლი, ლიზოლი, ბენზილფენოლი, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები, ამფოტენზიდები.
ზემოთ ჩამოთვლილ ნაერთებს, ბოლო ორის გარდა, გააჩნიათ არა მარტო ბაქტერიოციდული, არამედ სპოროციდული თვისებებიც.
ანტიმიკრობულ საშუალებებს, აგრეთვე, მიეკუთვნებიან ანტიბიოტიკები და სხვადასხვა ქიმიოთერაპიული საშუალებები, ფუნგიციდები და ფიტონციდები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები