მკურნალობა უცხოეთში


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ

ანტისხეულები – ადამიანი და თბილსისხლიანი ცხოველების სისხლის შრატის გლობულინური ფრაქციის ცილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმში სხვადასხვა ანტიგენების (ბაქტერიები, ვირუსები, ცილოვანი ტოქსინები და სხ.) შეყვანის საპასუხოდ და სპეციფიკურად ურთიერთქმედებენ ანტიგენებთან, რომლებმაც გამოიწვიეს მათი წარმოქმნა. აქტიური უბნებით (ცენტრებით) უკავშირდებიან რა ბაქტერიებს ან ვირუსებს, ანტისხეულები ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას ან ახდენენ მათ მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზებას. სისხლში ანტისხეულების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი შევიდა ანტიგენთან ურთიერთქმედებაში ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგოდ. იმის დადგენა თუ რა ხარისხითაა იმუნიტეტი დამოკიდებული ანტისხეულებზე და რა ხარისხით ახლავს თან იმუნიტეტს ანტისხეული, ხდება მხოლოდ კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებაში. სისხლის შრატში ანტისხეულების რაოდენობის გაკვევა საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ იმუნიტეტის დაძაბულობაზე, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ანტისხეულები არ თამაშობენ გადამწყვეტ, დამცველობით როლს.
იმუნური შრატების შემადგენლობაში მყოფი ანტისხეულების დამცველობითი მოქმედება ფართოდ გამოიყენება ინფექციური დაავადებების თერაპიაში და პროფილაქტიკაში. ანტიგენებთან ანტისხეულების რეაქციები (სეროლოგიური რეაქციები) გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში.
იმუნოგლობულინების კლასები. იმუნოგლობულინების გამომუშავება ხდება ლიმფოიდური ორგანოების იმუნოკომპეტენტური უჯრედების მიერ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მოლეკულური მასით, კოდიმენტაციის კონსტანტით, ელექტროფორეზული მოძრაობის უნარით, ნახშირბადების შემცველობით და იმუნოლოგიური აქტივობით. განასხვავებენ იმუნოგლობულინების ხუთ კლასს (ტიპს).
იმუნოგლობულინები M (IgM): მოლეკულური მასა დაახლოებით 1 მლნ., გააჩნიათ რთული მოლეკულა; ჩნდებიან პირველები იმუნიზაციის ან ანტიგენური სტიმულაციის შემდეგ, გააჩნიათ დამღუპველი მოქმედება სისხლში მოხვედრილი მიკრობების მიმართ, ხელს უწყობენ მათ ფაგოციტოზს; G კლასის ინომოგლობულინებზე სუსტად ბოჭავენ ხსნად ანტიგენებს, ბაქტერიების ტოქსინებს; ორგანიზმში იშლებიან 6–ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე იმუნოგლობულინები G (მაგალითად ვირთხებში იმუნოგლობულინ M–ის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 18 საათს, ხოლო იმონოგლობულინ G–ს – 6 დღეს).
იმუნოგლობულინები G (IgG): მოლეკულური მასა დაახლოებით 160 000, მათ მიიჩნევენ კლასიკურ ანუ სტანდარტულ ანტისხეულებად; თავისუფლად გადიან პლაცენტურ ბარიერს; წარმოიქმნებიან უფრო ნელა, ვიდრე IgM; ყველაზე ეფექტურად ბოჭავენ ხსნად ანტიგენებს, განსაკუთრებით ეგზოტოქსინებს, აგრეთვე ვირუსებს.
იმუნოგლობულინები A (IgA): მოლეკულური მასა 160 000 ან მეტი, მათი გამომუშავება ხდება ლორწოვანი გარსების ლიმფოიდური ქსოვილის მიერ, აფერხებენ ორგანიზმის უჯრედების ფერმენტების დეგრადაციას და ეწინააღმდეგებიან ნაწლავების მიკრობების პათოგენურ მოქმედებას, თავისუფლად აღწევენ ორგანიზმის ურედულ ბარიერებში, მათი აღმოჩენა შეიძლება ხსენში, ნერწყვში, ცრემლებში, ნაწლავების ლორწოვანში, ოფლში, ცხვირიდან გამონაყოფში, სისხლში (ნაკლები რაოდენობით), ადვილად უკავშირდებიან ორგანიზმის უჯრედებს. როგორც ჩანს, IgA ჩამოყალიბდა ევოლუციის პროცესში, ბაქტერიების აგრესიისგან ლორწოვანი გარსების დასაცავად და თაობებისთვის პასიური იმუნიტეტი გადაცემის მიზნით.
იმუნოგლობულინები E (IgE): მოლეკულური მასა დაახლოებით 190 000 (რ. ც. ნეზლინი 1972); როგორც ჩანს ისინი წარმოადგენენ ალერგიულ ანტისხეულებს – ე.წ. რეაგინებს (იხ. ქვემოთ).
იმუნოგლობულინები D (IgD): მოლეკულური მასა დაახლოებით 180 000 (რ. ც. ნეზლინი 1972); ამჟამად მათზე შედარებით მწირი ინფორმაციაა.
ანტისხეულების სტრუქტურა. იმუნოგლობულინის მოლეკულა შედგება ორი არაიდენტური პოლიპეპტიდური სუბერთეულებისგან – მსუბუქი (L- ინგლისურისგან light) ჯაჭვებისგან მოლეკულური მასით 20 000 და ორი მძიმე (H- ინგლისურისგან heavy) ჯაჭვისგან მოლეკულური მასით 60 000. აღნიშნული ჯაჭვები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან დისულფიდური ხიდებით, წარმოქმნიან ძირითად მონომერს LH. თუმცა თავისუფალ მდგომარეობაში აღნიშნული მონომერები არ გვხვდება. იმუნოგლობულინთა მოლეკულების უმეტესობა შედგება დიმერებისგან (LH)2, დანარჩენები – პოლიმერებისგან (LH)2n. ადამიანის გამა–გლობულინის ძირითად N-დაბოლოებიან ამინომჟავებს წარმაოდგენენ ასპარაგინის და გლუტამინის, ბოცვერის – ალანინ და ასპარაგინმჟავა. პორტერმა (R. R. Porter 1954), მოახდინა რა იმუნოგლობულინებზე ზემოქმედება პაპაინით, აღმოაჩინა, რომ ისინი იშლებოდნენ ორ (I და II) Fab-ფრაგმენტად და Fc-ფრაგმენტად (III) კონსტანტული სედიმენტაციით 3,5S და მოლეკულური მასით დაახლოებით 50 000. ნახშირბადების ძირითადი მასა დაკავშირებულია Fc-ფრაგმენტთან. მჯო–ის ექპერტთა რეკომენდაციით დადგენილია ანტისხეულების ფრაგმენტთა შემდეგი ნომენკლატურა: Fab-ფრაგმენტი – ერთვალენტიანი, რომელიც აქტიურად უერთდება ანტიგენს; Fc-ფრაგმენტი – არ ურთიერთქმედებს ანტიგენთან და შედგება მძიმე ჯაჭვების C-დაბოლოებიანი ნაწილებით; Fd-ფრაგმენტი – მძიმე ჯაჭვის ნაწილი, რომელიც შედის Fab-ფრაგმენტის შემადგენლობაში. მიღებულია პეპსინური ჰიდროლიზის ფრაგმენტი 5S აღინიშნოს როგორც F(ab)2, ხოლო ერთვალენტიანი 3,5S–ფრაგმენტი – როგორც Fab.
ანტისხეულების სპეციფიკურობა. ანტისხეულების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა მათი სპეციფიკურობა, რაც გამოიხატება იმით, რომ ანტისხეული უფრო აქტიურად და სრულად ურთიერთქმედებს იმ ანტიგენთან, რომლის მიერაც იყო ორგანიზმი სტიმულირებული. ამ შემთხვევაში ანტიგენ–ანტისხეულის კომპლექსს გააჩნია ყველაზე მეტი მდგრადობა. ანტისხეულებს შეუძლიათ ანტიგენებში განასხვავონ უმნიშვნელო სტრუქტურული ცვლილებაც კი. ცილისგან და ჩართული მარტივი ნივთიერების – ჰაპტენისგან შემდგარი კონიუგირებული ანტიგენების გამოყენებისას, წარმოქმნილი ანტისხეულები სპეციფიკურები არიან ჰაპტენის, ცილის და ცილა–ჰაპტენის კომპლექსის მიმართ. სპეციფიკურობა განპირობებულია ქიმიური სტრუქტურით და ანტისხეულების ანტიდეტერმინანტების სივრცითი აგებულებით (აქტიური ცენტრებით, რეაქტიული ჯგუფებით) ანუ ანტისხეულების უბნებით, რომლებითაც ისინი უერთდებიან ანტიგენის დეტერმინანტებს. ანტისხეულების ანტიდეტერმინანტების რაოდენობას ხშირად უწოდებენ მათ ვალენტობას. ასე მაგალითად, IgM–ანტისხეულის მოლეკულას შეიძლება გააჩნდეს 10–მდე ვალენტობა, IgG– და IgA–ანტისხეულების მოლეკულები ორვალენტიანია.
კარაშის (F. Karush,1962) მონაცემებით, IgG–ს აქტიური ცენტრები შედგებიან 10–20 ამინომჟავას ნარჩენებისგან, რაც შეადგენს ანტისხეულის მოლეკულის ყველა ამინომჟავის დაახლოებით 1%–ს, ხოლო უინკლერის (M. H. Winkler, 1963) მონაცემებით აქტიური ცენტრები შედგებიან 3–4 ამინომჟავას ნარჩენებისგან. მათ შემადგენლობაში ნანახია თიროზინი, ლიზინი, ტრიპტოფანი და სხ. სავარაუდოდ, ანტიდეტერმინანტები განლაგებულნი არიან Fab-ფრაგმენტების ამინობოლოებიან ნაწილში. აქტიური ცენტრის წარმოქმნაში მონაწილეობენ მსუბუქი და მძიმე ჯაჭვების ცვალებადი მონაკვეთები, ამასთან მძიმე ჯაჭვებს გააჩნიათ ძირითადი როლი. შესაძლებელია, მსუბუქი ჯაჭვი მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობს აქტიური ცენტრის ფორმირებაში ან ასტაბილურებს მძიმე ჯაჭვების სტრუქტურას. ყველაზე მეტად სრულყოფილი ანტიდეტერმინანტა იქმნება მხოლოდ მსუბუქი და მძიმე ჯაჭვების კომბინაციებით. რაც უფრო მეტია კავშირების დამთხვევის წერტილები ანტისხეულების ანტიდეტერმინანტებს და ანტიგენის დეტერმინანტებს შორის, მით უფრო მაღალია სპეციფიკურობა. განსხვავებული სპეციფიკურობა დამოკიდებულია ამინომჟავების ნარჩენების თანმიმდევრობაზე ანტისხეულების აქტიურ ცენტრში. გაურკვეველია ანტისხეულების უზარმაზარი მრავალფეროვნების კოდირება სპეციფიკურობის მიხედვით. პორტერი უშვებს სპეციფიკურობის სამ შესაძლებლობას: 1. იმუნოგლობულინის მოლეკულის სტაბილური ნაწილის წარმოქმნა კონტროლირდება ერთი გენით, ვარიაბელური ნაწილის – ათასობით გენებით. იმუნოგლობულინის მოლეკულაში სინთეზირებული პეპტიდური ჯაჭვები ერთდებიან განსაკუთრებული უჯრედული ფაქტორის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ანტიგენი წარმოდგება, როგორც ანტისხეულების სინთეზის გამშვები ფაქტორი; 2. იმუნოგლობულინის მოლეკულის კოდირება ხდება სტაბილური და ვარიაბელური გენებით. უჯრედული დაყოფის პერიოდში ხდება ცვალებადი გენების რეკომბინაცია, რაც განაპირობებს მათ მრავალფეროვნებას და გლობულინების მოლეკულების უბნების სპეციფიკურობას; 3. იმუნოგლობულინის მოლეკულის ვარიაბელური ნაწილის მაკოდირებელი გენი ზიანდება განსაკუთრებული ფერმენტით. სხვა ფერმენტები ახორციელებენ დაზიანების აღდგენას, თუმცა შეცდომების შედეგად, ხდება ნუკლეოტიდების განსხვავებულ თანმიმდევრობს აღდგენა მოცემული გენის ფარგლებში. სწორედ ამით არის განპირობებული ამინომჟავების განსხვავებული თანმიმდევრობა იმონოგლობულინის მოლეკულის ვარიაბელურ ნაწილში. არსებობს სხვა ჰიპოთეზებიც, მაგალითად ბერნეტის (F. M. Burnet, 1971) ჰიპოთეზა.
ანტისხეულების ჰეტეროგენურობა (არაერთგვაროვნება) გამოიხატება მრავალი ნიშნით. ორგანიზმში ერთი ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ანტიგენებთან მსგავსების თვალსაზრისით განსხვავდებიან, ანტიგენური დეტერმინანტებით, მოლეკულური მასით, ელექტროფორეზული მოძრაობის უნარით, N-დაბოლოებიანი ამინომჟავებით. სხვადასხვა მიკრობების მიმართ ჯგუფური ანტისხეულები განაპირობებენ ჯვარედინ რეაქციებს სალმონელების, შიგელების, ეშერიხიების, ცხოველური ცილების, პოლისაქარიდების სხვადასხვა სახეობასთან და ტიპთან. პროდუცირებული ანტისხულები არაერთგვაროვანნი არიან თავიანთი სპეციფიკურობის გამო ჰომოგენური ანტიგენის ან ერთი ანტიგენური დეტერმინანტის მიმართ. ანტისხეულების ჰეტეროგენურობა აღინიშნება არა მარტო ანტიგენების ცილების და პოლისაქარიდების წინააღმდეგ, არამედ კომპლექსური, მათ შორის კონიუგირებული, ანტიგენების და ჰაპტენების წინააღმდეგაც. სავარაუდოა, რომ ანტისხეულების ჰეტეროგენურობა განისაზღვრება ანტიგენის დეტერმინანტების ცნობილი მიკროჰეტეროგენურობით. ჰეტეროგენურობა შეიძლება გამოწვეული იყოს ანტისხეულ–ანტიგენის კომპლექსის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნით, რაც ვლინდება მრავალმხრივი იმუნიზაციის დროს, ანტისხეულების წარმომქნელი უჯრედების სახესხვაობებით, იმუნოგლობულინების სხვადასხვა კლასებთან ანტისხეულების მიკუთვნებით, რომლებსაც, ისევე როგორც სხვა ცილებს, გააჩნიათ გენეტიკურად კონტროლირებადი რთული ანტიგენური სტრუქტურა.
ანტისხეულების სახეები. სრულ ანტისხეულებს გააჩნიათ არანაკლებ ორი აქტიური ცენტრი და in vitro ანტიგენებთან შეერთების შედეგად განაპირობებენ ხილულ რეაქციებს: აგლუტინაციას, პრეციპიტაციას, კომპლემენტის შებოჭვას; ახდენენ ტოქსინების, ვირუსების ნეიტრალიზებას, ბაქტერიების ოპსონიზირებას, განაპირობებენ იმუნური მიწებების, იმობილიზაციის, კაფსულების გაჯირჯვების, თრომბოციტების დატვირთვის ვიზუალურ ფენომენს. რეაქციები მიმდინარეობენ ორ ფაზად: სპეციფიკური (ანტისხეულის ანტიგენთან ურთიერთდამოკიდებულება) და არასპეციფიკური (ერთ–ერთი ზემოთჩამოთვლილი ფენომენიდან). ცნობილია, რომ სხვადასხვა სეროლოგიური რეაქციები განპირობებულნი არიან ერთი, და არა მრავალი ანტისხეულით და დამოკიდებულნი არ არიან დადგმის მეთოდიკაზე. განასხვავებენ სითბურ სრულ ანტისხეულებს, რომლებიც ანტიგენებთან რეაგირებენ 370 ტემპერატურაზე და ცივ (კრიოფილურ) სრულ ანტისხეულებს, რომლებიც ეფექტს გამოხატავენ 370–ზე დაბალ ტემპერატურაზე. არსებობენ აგრეთვე ანტისხეულები, რომლებიც ანტიგენთან რეაგირებენ დაბალ ტემპერატურაზე, ხოლო ხილულ ეფექტს იძლევიან 370 ტემპერატურაზე; ესენი არიან ორფაზიან, ბიომეტრული ანტისხეულები, რომელთაც მიეკუთვებიან დონატ–ლანდშტეინერის ჰემოლიზინები. იმუნოგლობულინების ყველა ცნობილი კლასი შეიცავს სრულ ანტისხეულებს. მათი აქტივობა და სპეციფიკურობა განისაზღვრება ტიტრით, ავიდიტურობით, ანტიდეტერმინანტების რაოდენობით. ჰემოლიზის და აგლუტინაციის რეაქციებში IgM-ანტისხეულები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე IgG-ანტისხეულები.
არასრული ანტისხეულები (არაპრეციპიტირებული, მაბლოკირებელი, აგლუტიონოიდები), ისევე როგორც სრული ანტისხულები, უკავშირდებიან შესაბამის ანტიგენებს, თუმცა ამ დროს განვითარებულ რეაქციას არ სდევს in vitro ხილული პრეციპიტაციის, აგლტინაციის და სხ. ფენომენი.
არასრული ანტისხეულები რეზუს–ანტიგენის მიმართ აღმოჩენილია ადამიანში 1944 წელს, მათ პოულობდნენ ვირუსული, რიკეტსიული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ტოქსინების მიმართ სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისას. არსებობს რიგი მტკიცებულებები არასრული ანტისხეულების ორვალენტიანობის შესახებ. ბაქტერიულ არასრულ ანტისხეულებს გააჩნიათ დამცველობითი თვისებები: ანტიტოქსიკური, ოპსონიზირებელი, ბაქტერიოლიზური; ამასთან არასრული ანტისხეულები აღმოჩენილია ზოგიერთი აუტოიმუნური პროცესის დროს – სისხლის დაავადებების, განსაკუთრებით ჰემოლიზური ანემიების დროს.
არასრულ ჰეტერო–, იზო– და აუტოანტისხეულებს გააჩნიათ უჯრედების დაზიანების უნარი, აგრეთვე შეუძლიათ ითამაშონ გარკვეული როლი მედიკამენტური ლეიკო– და თრომბოციტოპენიების დროს.
ნორმალურ (ბუნებრივ) ანტისხეულებად შეიძლება ჩაითვალოს ის ანტისხეულები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდებიან ადამიანის და ცხოველების სისხლის შრატში აშკარა ინფექციის ან იმუნიზაციის არარსებობის პირობებში. ანტიბაქტერიული ნორმალური ანტისხეულების წარმოქმნა შეიძლება დაკავშირებული იყოს, კერძოდ, ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის ანტიგენურ სტიმულაციასთან. აღნიშნული შეხედულებები თეორიულად და ექსპერიმენტულად დასაბუთებულია ყოფა–ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში ცხოველებ–გნოტობიონტებზე და ახალშობილებზე ჩატარებული კვლევებით. ნორმალური ანტისხეულების ფუნქციური მდგომარეობა უშუალოდ დაკავშირებულია მათი მოქმედების სპეციფიკურობასთან. ლ. ა. ზილბერგი (1958) თვლიდა, რომ ინფექციების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა და ”ორგანიზმის იმუნოგენური მზადყოფნა” განისაზღვრება მათი არსებობით. დადგენილია ნორმალური ანტისხეულების როლი სისხლის ბაქტერიოციდულობაში და ოპსონიზაციაში ფაგოციტოზის დროს. მრავალი მკვლევარის შრომებმა აჩვენა, რომ ნორმალურ ანტისხეულებს, ძირითადად, წარმოადგენენ მაკროგლობულინები – IgM, ზოგი მათგანი ნორმალურ ანტისხეულებს ნახულობდა იმუნოგლობულინების IgA- და IgG-კლასებში. მათ შემადგენლობაში შეიძლება არსებობდნენ, როგორც არასრული, ასევე სრული ანტისხეულები (ნორმალური ანტისხეულები ერითროციტების მიმართ).
ანტისხეულების სინთეზი მიმდინარეობს ორ ფაზად. პირველი ფაზა – ინდუქტიური, ლატენტური (1–4 დღე), რომლის დროსაც არ ხერხდება ანტისხეულების და მათი წარმომქმნელი უჯრედების აღმოჩენა; მეორე ფაზა – პროდუქტიული (იწყება ინდუქტიური ფაზის შემდეგ), ანტისხეულების აღმოჩენა ხდება პლაზმურ უჯრედებში და ლიმფოიდური ორგანოებიდან გადინებულ სითხეებში. ანტისხეულების წარმოქმნის პირველი ფაზის შემდეგ იწყება ანტისხეულების მატება სწრაფი ტემპით, არც თუ იშვიათად მათი შემცველობა შეიძლება გაორმაგდეს ყოველ 8 საათში ერთხელ და უფრო სწრაფადაც. ერთჯერადი იმუნიზაციის შემდეგ სხვადასხვა ანტისხეულების მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის შრატში რეგისტრირდება მე–5, მე–7, მე–10 ან 45–ე დღეს; დეპონირებული ანტიგენების ინექციისას – 21–30–ე ან 45–ე დღეს. ამის შემდეგ 1–3 ან მეტი თვის შემდეგ ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად კლებულობს. თუმცა, ზოგჯერ იმუნიზაციის შემდეგ ანტისხეულების დაბალი დონე სისხლის შრატში რეგისტრირდება რამდენიმე წლის განმავლობაში. დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ანტიგენებით პირველად იმუნიზაციას თან სდევს თავდაპირველად მძიმე IgM (19S)-ანტისხულების გაჩენა, ხოლო შემდეგ მოკლე დროის განმავლობაში – IgM და IgG (7S)-ანტისხეულების, ბოლოს კი მხოლოდ მსუბუქი 7S-ანტისხეულების გაჩენა. სენსიბილიზირებული ორგანიზმის ანტიგენით განმეორებით სტიმულაცია იწვევს ორივე კლასის ანტისხეულების წარმოქმნის დაჩქარებას, ანტისხეულების წარმოქმნის ლატენტური ფაზის, 19S-ანტისხეულების სინთეზის დროის შემოკლებას და ხელს უწყობს უპირატესად 7S-ანტისხეულების სინთეზს. არც თუ იშვიათად, 19S-ანტისხეულების წარმოქმნა საერთოდ არ ხდება.
ანტისხეულების წარმოქმნის ინდუქტიურ და პროდუქტიულ ფაზებს შორის გამოხატული განსხვავება ვლინდება რიგი ზემოქმედებების მიმართ მათი მგრძნობელობის გამოკვლევის დროს, რასაც გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სპეციფიკური პროფილაქტიკის არსის გაგებისთვის. მაგალითად, ცნობილია რომ, იმუნიზაციის ჩატარებამდე, დასხივება აფერხებს ან სრულიად თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. ანტისხეულების წარმოქმნის რედუქტიულ ფაზაში დასხივება გავლენას არ ახდენს სისხლში ანტისხეულების შემცველობაზე.
ანტისხეულების გამოყოფა და გასუფთავება. ანტისხეულების გამოყოფის და გასუფთავების მეთოდების სრულყოფის მიზნით მიღებულია იმუნოსორბენტების გამოყენება. აღნიშნულ მეთოდს საფუძვლად უდევს კოვალენტური კავშირების მეშვეობით ანტიგენების, ცელულოზის, სეფადექსის ან სხვა პოლიმერის უხსნად ფუძესთან მიერთების გზით, ხსნადი ანტიგენების გადაყვანა უხსნადში. მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ დიდი რაოდენობით, მაღალი ხარისხით გასუფთავებული ანტისხეულები. იმუნოსორბენტების მეშვეობით ანტისხეულების გამოყოფის პროცესი მოიცავს სამ ეტაპს: 1) ანტისხეულების გამოყოფა იმუნური შრატიდან; 2) იმუნოსორბენტის ჩამორეცხვა არასპეციფიკური ცილებიდან; 3) ანტისხეულის მოშორება ჩამორეცხილი იმუნოსორბენტისგან (ჩვეულებრიც დაბალი pH-ის ბუფერული ხსნარებით). აღნიშნული მეთოდის გარდა ცნობილია ანტისხეულების გასუფთავების სხვა მეთოდებიც. მათი დაყოფა შეიძლება ორ ჯგუფად: სპეციფიკური და არასპეციფიკური. პირველ მათგანს საფუძვლად უდევს ანტისხეულის დისოციაცია უხსნადი ანტიგენ–ანტისხეულის კომპლექსიდან (პრეციპიტატი, აგლუტინატი) და ხორციელდება სხვადასხვა ნივთიერებებით; ფართოდ გამოიყენება ამილაზით, ტრიპსინით, პეპსინით ანტიგენის ან ტოქსინ–ანტიტოქსინის ფოლიკულატის ფერმენტული მონელების მეთოდი. აგრეთვე გამოიყენება სითბური ელუცია 37–560 ტემპერატურაზე.
ანტისხეულების გასუფთავების არასპეციფიკური მეთოდები ეფუძნება გამაგლობულინების გამოყოფას: ელექტროფორეზი გელში, ქრომატოგრაფია იონცვლით ფისებზე, გელ–ფილტრაციის ფრაქციონირება სეფადექსით. ფართოდაა ცნობილია გოგირდმჟავა ნატრიუმით ან ამიაკით დალექვის მეთოდი. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება სისლხის შრატში ანტისხეულების მაღალი კონცეტრაციის დროს, მაგალითად, ჰიპერიმუნიზაციის დროს.
სეფადექსით გელფილტრაცია, აგრეთვე იონცვლითი ფისების გამოყენება საშუალებას იძლევა დავყოთ ანტისხეულები მათი მოლეკულების სიდიდის მიხედვით.
ანტისხეულების გამოყენება. ანტისხეულები, განსაკუთრებით გამა–გლობულინები, გამოიყენება დიფტერიის, წითელას, ტეტანუსის, აიროვანი განგრენის, ციმბირის წყლულის, ლეპტოსპიროზების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით, სტაფილოკოკების, ცოფის, გრიპის და სხ. ვირუსების წინააღმდეგ. სპეციალურად მომზადებული და გასუფთავებული დიაგნოსტიკური შრატები გამოიყენება ინფექციის გამომწვევის სეროლოგიური იდენტიფიკაციის მიზნით. დადგენილია, რომ პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, სალმონელები, ბაქტერიოფაგები და სხ., ახდენენ რა შესაბამისი ანტისხეულის ადსორბციას, ეკვრიან ტრომბოციტებს, ერითროციტებს, სხვა უცხო სხეულებს. აღნიშნულ ფენომენს ეწოდა იმუნური შეწებების ფენომენი. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული ფენომენის მექანიზმში გარკვეულ როლს თამაშობენ თრომბოციტების და ერითროციტების ცილოვანი რეცეპტორები, რომლებიც იშლებიან ტრიპსინით, პაპაინით და ფორმალინით. იმუნური შეწებების რეაქცია დამოკიდებულია ტემპერატურაზე. მას ითვალისწინებენ კორპუსკულური ანტიგენის შეწებების ან ჰემაგუტინაციის მიხედვით, რაც განპირობებულია ანტისხეულის და კომპლემენტის არსებობის პირობებში ხსნადი ანტიგენით. რეაქცია მაღალმგრძნობიარეა და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კომპემენტის, ანტისხეულების ასევე ძალიან მცირე რაოდენობის (0,005–0,01 მკგ აზოტი) განსაზღვრის მიზნით. იმუნური შეწებება აძლიერებს ფაგიციტოზს ლეიკოციტებით.
ალერგიული ანტისხეულები – სპეციფიკური იმუნოგლობულინები, რომლებიც წარმოიქმნებიან ალერგენების მოქმედებით ადამიანის ორგანიზმში და ცხოველებში. ამასთან, მხედველობაში მიიღება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების დროს სისხლში მოცირკულირე ანტისხეულები. განასხვავებენ ალერგიული ანტისხეულების სამ ძირითად სახეს: კან–მასენსიბილიზირებელი ანუ რეაგინები; მაბლოკირებელი და ჰემაგლუტინირებელი. ადამიანის ალერგიული ანტისხეულების ბილოგიური, ქიმიური და ფიზიკურ–ქიმიური თვისებები თავისებურია (ცხრილი იხ: ტ. 2, გვ. 45).
აღნიშნული თვისებები მკვეთრად განსხვავდება პრეციპიტირებელი, კომპლმენტშემბოჭველი ანტისხეულების, აგლუტინინების და სხვების თვისებებისგან, რაც აღწერილია იმუნოლოგიაში.
რეაგინებს უწოდებენ ადამიანის ჰომოლოგიურ, კან–მასენსიბილიზირებელ ანტისხეულებს. ეს არის ადამიანის ალერგიული ანტისხეულების უმნიშვნელოვანესი სახე, რომლის ძირითად თვისებასაც წარმოადგენს ჯანმრთელი რეციპიენტის კანზე მომატებული მგრძნობელობის პასიური გადატანის რეაქციის განხორციელების უნარი. რეაგინებს გააჩნიათ მთელი რიგი დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც გამოარჩევენ მათ შედარებით კარგად შესწავლილი იმუნური ანტისხეულებისგან. თუმცა, გაურკვეველი რჩება ბევრი საკითხი, რაც ეხება რეაგინების თვისებებს და მათ იმუნოლოგიურ ბუნებას. კერძოდ, გაურკვეველია საკითხი რეაგინების ჰომოგენურობის და ჰეტეროგენურობის მიმართ იმუნოგლობულინების განსაზღვრული კლასისადმი მათი მიკუთვნების კუთხით.
მაბლოკირებელი ანტისხეულები ვლინდებიან პოლინოზით დაავადებულებში იმ ანტიგენისადმი სპეციფიკური ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპიის პროცესში, რომლის მიმართაც აღინიშნება ჰიპოსენსიბილიზაცია. აღნიშნული ჯგუფის ანტისხეულების თვისებები მოგვაგონებენ პრეციპიტირებული ანტისხეულების თვისებებს.
ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულების ქვეშ, ჩვეულებრივ იგულისხმება ადამიანის და ცხოველების სისხლის შრატის ანისხეულები, რომელთაც გააჩნიათ მტვრის ალერგენებთან შეერთებული ერითროციტების სპეციფიკური აგლუტინირების უნარი (არაპირდაპირი ანუ პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია). მტვრის ალერგენთან ერითროციტის ზედაპირის შეკავშირება ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად ტანინის, ფორმალინის, ორმაგად დიაზოტირებული ბენზიდინის მეშვეობით. ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულების აღმოჩენა ხდება იმ ადამიანებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა მცენარეული მტვრის მიმართ როგორც სპეციფიკური ჰიპომასენსიბილიზირებელ თერაპიამდე, ასევე მის შემდეგ. აღნიშნული თერაპიის პროცესში ადგილი აქვს უარყოფითი რეაქციების ტრანსფორმირებას დადებითებში ან ჰემაგლუტინაციის რეაქციების ტიტრების მომატებას. ჰემაგლუტინირებელ ანტისხეულებს გააჩნიათ მტვრის ალერგენებით, განსაკუთრებით მისი ზიგიერთი ფრაქციით, დამუშავებულ ერითროციტებზე სწრაფი ადსორბირების უნარი. იმუნოსორბენტები ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულების მოცილებას ახდენენ უფრო სწრაფად, ვიდრე რეაგინები. გარკვეულ წილად, ჰემაგლუტინირებელი აქტივობა დაკავშირებულია კან–მასენსიბილიზირებელ ანტისხეულებთანაც, თუმცა ამ უკანასკნელთა როლი ჰემაგლუტინაციის პროცესში, როგორც ჩანს, დიდი არ არის, რამეთუ არ არსებობს არავითარი კორელაცია კან–მასენსიბილიზირებელ და ჰემეგლუტინირებელ ანტისხეულებს შორის. მეორე მხრივ, კორელაცია არსებობს ჰემაგლუტინირებელ და მაბლოკირებელ ანტისხეულებს შორის, ერთის მხრივ იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მტვრის მიმართ ალერგია, აგრეთვე იმ ჯანმრთელ ადამიანებშიც, რომლებიც იმუნიზირებულნი არიან მცენარეული მტვრით. ანტისხეულების ამ ორ სახეობას გააჩნია მრავალი მსგავსი თვისება. სპეციფიკური ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპიის პროცესში ხდება როგორც ერთი, ასევე მეორე სახეობის ანტისხეულების დონის მატება. ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულები პენიცილინის მიმართ არ არიან კან–მასენსიბილიზირებელი ანტისხეულების იდენტურები. ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულების წარმოქმნის ძირითად მიზეზს წარმოადგენს პენიცილინოთერაპია. როგორც ჩანს, ჰემაგლუტინირებელი ანტისხეულები უნდა მივაკუთვნოთ ანტისხეულების ჯგუფს, რომელსაც რიგი ავტორები უწოდებენ ” ანტისხეულებს–მოწმეებს”.
1962 წელს შელიმ (W. Shelly) მოგვაწოდა სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც დაფუძნებულია ე.წ. ბოცვერის სისხლის ბაზოფილური ლეიკოციტების დეგრანულაციაზე სპეციფიკურ ანტისხეულთან ალერგენის რეაქციის მოქმედების გავლენით. თუმცა მოცემულ რეაქციაში მონაწილე ანტისხეულების ხასიათი უცნობია მათი ცირკულირებადი რეაგინების გამო, თუმცა არსებობს მონაცემები, პოლინოზებით დაავადებულებში, რეაგინების დონესთან აღნიშნული სახის ანტისხეულების კორელაციის შესახებ.
ალერგენის და გამოსაკვლევი შრატის ოპტიმალური შეფარდების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ სახეობის ალერგენების გამოკვლევის პროცესში, რომელთა შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მოპოვებული არ არის.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Comments are closed.

nostalgia

vaka