მკურნალობა უცხოეთში


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

ანტიჰისტამინური ნივთიერებები _ ჰისტამინის ანტაგონისტები, რომლებიც აფერხებენ ეფექტორულ უჯრედებზე მის მოქმედებას.

ყველაზე მეტად გავრცელებული ანტიჰისტამინური ნივთიერებები მიეკუთვნებიან შემდეგ ქიმიურ ჯგუფებს: ეთანოლამინებს _ დიმედროლი; ეთილენდიამინებს _ სუპრასტინი; ფენოთიაზინებს _ დიპრაზინი; ტეტრაჰიდროკარბონილებს _ დიაზოლინი. ისინი თრგუნავენ ან ამცირებენ ჰისტამინის ყველა ეფექტს, კუჭის წვენის სეკრეციაზე მისი მასტიმულირებელი გავლენის გარდა. ანტიჰისტამინური ნივთიერებები ეწინააღმდეგებიან ბრონქების, ნაწლავების, საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის ტონუსის მატებას, არტერიული წნევის დაქვეითებას, კაპილარების განვლადობის მატებას და შეშუპებების განვითარებას, ჰისტამინის ინტრადერმულად შეყვანის შემდეგ განვითარებულ ჰიპერემიას და ქავილს. ანტიჰისტამინური ნივთიერებები აბლოკირებენ ჰისტამინის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილების რეცეპტორულ სტრუქტურებს, არ ეწინააღმდეგებიან ჰისტამინის გამონთავისუფლებას, რასაც ადგილი აქვს ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედებისას, ქსოვილების დაზიანების ან ცალკეული ფარმაკოლოგიური ნივთიერებების _ ე.წ. ჰისტამინის ლიბერატორების შეყვანისას. ანტიჰისტამიურ ნივთიერებებს, აგრეთვე, გააჩნიათ ანტიალერგიული აქტივობა, რომელიც უფრო ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე ანტიჰისტამინური მოქმედება.
მრავალი ანტიჰისტამინური ნივთიერება გავლენას ახდენა ცნს-ზე.

ყველაზე მეტად დამახასიათებელია ცნს-ის დათრგუნვა, მაგალითად დიმედროლის, ფენოთიაზინის წარმოებულების და სხვა ანტიჰისტამინური ნივთიერებების გამოყენებისას (სედაციური და საძილე ეფექტები). აღნიშნული ნივთიერებები, აგრეთვე, ეფექტურები არიან ზღვის და მთის დაავადებების, ლაბირინთიტების, ორსულთა ღებინებების დროს (ეწინააღმდეგებიან გულისრევას, ღებინებას). ცალკეულ ანტიჰისტამინურ ნივთიერებას გააჩნია კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფენოთიაზინის წარმოებულებს გააჩნიათ ნარკოტიკული, ტკივილგამაყუჩებელი და საანესთეზიო საშუალებების მოქმედებების გაძლიერების, აგრეთვე სხეულის ტემპერატურის დაქვეითების უნარი. დიდი დოზებით აღნიშნული პრეპარატები, ჩვეულებრივ, იწვევენ ცნს-ის აგზნებას, რასაც თან სდევს მამოძრავებელი და ფსიქიკური აგზნება, უძილობა, ტრემორი, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება და სხვა გამოვლინებები.

ზოგიერთი ანტიჰისტამინური ნივთიერება (ტეფორინი), თერაპიულ დოზებში, იწვევს ცნს-ის აგზნებას; დიაზოლინი არ იწვევს ცენტრალურ ეფექტებს.

ანტიჰისტამინური ნივთიერებები გარკვეული გავლენას ახდენენ რეფლექსური რკალის პერიფერიულ რგოლებზე. ასე მაგალითად, თითქმის ყველა ანტიჰისტამინურ ნივთიერებას გააჩნია მეტ-ნაკლებად გამოხატული მაანესთეზირებელი თვისებები; დიმედროლს გააჩნია განგლიომაბლოკირებელი მოქმედება, რის შედეგადაც ქვეითდება არტერიული წნევა. ამასთან, დიაზოლინი და ფენოთიაზინის წარმოებულები, თერაპიულ დოზებში, არ თრგუნავენ ვეგეტაციურ განგლიებს. დიპრაზინს, ეთიზინს და ფენოთიაზინური რიგის სხვა ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს გააჩნიათ α-ადრენორეაქტიული სტრუქტურების მაბლოკირებელი მოქმედება. ბევრ ანტიჰისტამინურ ნივთიერებას გააჩნია სპაზმოლიზური და მ-ქოლინოლიზური თვისებები.

ანტიჰისტამინური ნივთიერებები კარგად შეიწოვებიან როგორც პარენტერალური, ასევე ენტერალური შეყვანისას. უმეტესობა ანტიჰისტამინური ნივთიერების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 საათს, დიპრაზინის _ 12 საათამდე, დიაზოლინის _ 48 სათამდე.
ანტიჰისტამინური ნივთიერებები, ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებისა _ ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, თივის ცხელება, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ანტიბიოტიკების და სხვა მედიკამენტების გამოყენების შედეგად განვითარებული ალერგიული მდგომარეობების დროს და ა.შ. ზოგჯერ ანტიჰისტამინური ნივთიერებები გამოიყენება როგორც საძილე (მაგ., დიმედროლი) და სედაციური საშუალებები, იშვიათად _ პარკინსონიზმის, ქორეის, ორსულთა ღებინების, ვესტიბულური დარღვევების დროს.

ანტიჰისტამინური ნივთიერებები ინიშნება შიგნით მისაღებად, კანქვეშ, ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად. პრეპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ ამგზნები მოქმედება (მაგ., ფენოთიაზინები, დიაზოლინი), შიგნით მისაღებად, მიზანშეწონილია დაინიშნოს ჭამის შემდეგ. აღნიშნული ანტიჰისტამინური ნივთიერებების (განსაკუთრებით ფენოთიაზინის წარმოებულების) კანქვეშ შეყვანა რეკომენდირებული არ არის, ხოლო კუნთებში შეყვანისას, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ინფილტრატები.

როგოც წესი, ანტიჰისტამინური ნივთიერებები კარგად გადაიტანება ავადმყოფთა მიერ. ზოგჯერ აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

დიმედროლის და ფენოთიაზინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მუშაობის დროს იმ პირებში, რომელთა სამუშაო მოითხოვს დიდ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (ტრანსპორტის მუშაკები და სხ.). ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ისეთი ანტიჰისტამინური ნივთიერებების დანიშვნა, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ცნს-ზე (მაგ., დიაზოლინი).

ღვიძლის და თირკმლების დაავადებების დროს ანტიჰისტამინური საშუალებების გამოიყენა სიფრთხილით.
დიპრაზინის გამოყენების დრო ასევე საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება, რამეთუ შეიძლება განვითარდეს კანის და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაზიანებები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka