პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელების დანიშნულებაა   მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება, მისი აგრეგაციული მდგომარეობის შენარჩუნება, სისხლის გარკვეული ჩანაცვლება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, სისხლის ონკოტიკური წნევის შენარჩუნება, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექცია. ამ ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე, როგორც დეტოქსიკაციის საშუალებები. მათ უნარი აქვთ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს და დააჩქარონ ორგანიზმიდან მათი გამოყოფა, აგრეთვე, შეამცირონ სისხლის ფორმიანი ელემენტების კაპილარებში აგრეგაცია. საკუთრივ პლაზმის შემცვლელები  მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ – აუცილებელი მოცირკულირე სისხლის მოცულობის შენარჩუნება. ისინი უნდა პასუხობდნენ მთელ რიგ მოთხოვნებს: არ უნდა აღწევდნენ ჰისტოჰემატურ ბარიერებში და კაპილარებიდან არ უნდა გადადიოდნენ ქსოვილებში; უნდა შეინარჩუნონ საკმარისი და სტაბილური ოსმოსური წნევა; უნდა ხასიათდებოდნენ მინიმალური და ხანგრძლივი მეტაბოლიზმით, რომელსაც მოსდევს ნეიტრალური პროდუქტების ანუ მეტაბოლიტების წარმოქმნა, და რომლებიც ჩაერთვებიან ჩვეულებრივ ნივთიერებათა ცვლის რეაქციებში ან ინტენსიურად გაიფილტრებიან შარდთან ერთად; არ უნდა ხასიათდებოდნენ ანტიგენური თვისებებით და პიროგენობით. პლაზმის შემცვლელებს მიეკუთვნება დონორული სისხლის პლაზმა (პლაზმის ბუნებრივი შემცვლელი), დექსტრანები და ელექტროლიტების მარილების ხსნარები (კრისტალოიდების ხსნარები).
პლაზმა შეიცავს ადამიანის სისხლის თხევადი ნაწილის ყველა კომპონენტს, მაგრამ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს და დონორული ორგანიზმისთვის ანტიგენური თვალსაზრისით განურჩეველი არ არის. დექსტრანები წარმოადგენენ ანტიგენურ თვისებებს მოკლებულ პოლისაქარიდების ხსნარებს.   დექსტრანებს შეიძლება ჰქონდეთ პოლიმერიზაციის სხვადასხვა ხარისხი და შესაბამისად სხვადასხვა მოლეკულური მასა; შესაძლებელია, პლაზმის შემცვლელი ხსნარებს სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულება ჰქონდეთ.  ხსნარები, რომლებიც შეიცავენ მაღალი მოლეკულური მასის მქონე დექსტრანებს, გამოიყენება ძირითადად როგორც ჰემოდინამიკური სამკურნალო საშუალებები, ხოლო დაბალი მოლეკულური მასის მქონე დექსტრანების ხსნარები – როგორც სისხლის რეოლოგიური თვისებების კორექტორები. სისხლში შეყვანისას დექსტრანები ზრდიან ონკოტურ წნევას და აძლიერებენ ქსოვილებიდან სისხლში სითხის გადანაცვლების პროცესებს. ისინი ზრდიან დიურეზს, რითაც ხელს უწყობენ დეტოქსიკაციის პროცესებს. განიცდიან რა ნაწილობრივ ჰიდროლიზს, დექსტრანები ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (თირკმლის უკმარისობა წარმოადგენს მათი გამოყენების შეზღუდვას). კრისტალოიდების ხსნარები (რინგერის, რინგერ-აცეტატის, ჰარტმანის) შეიცავენ მარილთა სხვადასხვა კომბინაციებს (ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის აცეტატი, კალციუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი) და, აგრეთვე, გლუკოზას ფიზიოლოგიურთან მიახლოებულ კონცენტრაციებში. მარილთა ხსნარების მოქმედება მიმართულია დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების შემცველობის, წყალბადის იონების კონცენტრაციის და, შესაბამისად, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციაზე. ელექტროლიტების უმნიშვნელო დანაკარგის შემთხვევაში ჰიპოვოლემიის კორექციისათვის შეჰყავთ დექსტროზის 5%-იანი (იზოტონური) ხსნარი. სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები (საყლაპავი მილის გაუმტარობა, ნაწლავებიდან შეწოვის დარღვევა, მძიმე ინტოქსიკაციები და სხვა), კუჭზე და ნაწლავურ სისტემაზე ოპერაციები განაპირობებენ საკვები ნივთიერებების, პირველ რიგში, ცილების, პარენტერალურ შეყვანას. ასეთ სიტუაციებში პლაზმის შემცვლელი საშუალებები (ალბუმინის 20-25%-იანი, დექსტროზის 20-50%-იანი ხსნარები) გამოიყენება, როგორც პარენტერალური კვების პრეპარატები. ცილები სუბსტრატულად უზრუნველყოფენ მრავალ ფერმენტულ პროცესს, დექსტროზა – ენერგეტიკულ ცვლას. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცილების პარენტერალურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობა განმეორებითი ინიექციის დროს.
პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელები გამოიყენება ძირითადად სხვადასხვა წარმოშობის შოკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, არტერიული წნევის ნორმალიზაციისათვის და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. მათი გამოყენება ხდება სისხლის დანაკარგის დროს, დამწვრობისას, დეჰიდრატაციით და ჰიპოვოლემიით მიმდინარე პროცესების შემთხვევაში, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისათვის, სხვადასხვა წარმოშობის ინტოქსიკაციების დროს. დექსტროზის პრეპარატები (20-40 %-იანი ხსნარი) გამოიყენება აგრეთვე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების კორექციისათვის. პარენტერალური კვების თვალსაზრისით ეს პრეპარატები გამოიყენება ორგანიზმის მიმდინარე ენერგოდანახარჯების და უჯრედებში რეგენერაციული პროცესების უზრუნველსაყოფად მაშინ, როცა კვება სხვადასხვა მიზეზების გამო ბუნებრივი გზით შეუძლებელია.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები