ცეფალოსპორინები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ცეფალოსპორინები _ ბუნებრივი ანტიბიოტიკების და ნახევრადსინთეზური პრეპარატების ჯგუფი, რომელიც მიიღება 7-ამინოცეფალოსპორის მჟავას ან 7-ამინოდეზაცეტოქსიცეფალოსპორის მჟავას ქიმიური ტრანსფორმაციის შედეგად; ისინი მიეკუთვნებიან β-ლაქტამებს (β-ლაქტამიდებს). ცეფალოსპორინები, პენიცილინებთან და ამინოგლიკოზიდებთან ერთად, მიეკუთვნებიან ანტიბიოტიკების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს და შეიცავენ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ მრავალ პრეპარატს.
ცეფალოსპორინების აღმოჩენა დაკავშირებულია იტალიელი მკვლევარის ბროტცუს (G. Brotzu) მიერ, 1945 წელს, სოკო Cephalosporium acremonium-ის (თანამედროვე კლასიფიკაციით Acremonium chrysogenum) შტამების გამოყოფასთან. 1955 წელს, ინგლისელი მკვლევარების ნიუტონის და აბრაჰამის (G. Newton, E. P. Abraham) მიერ, მიღებულ იქნა ცეფალოსპორინი C, როგორც ზემოთაღნიშნული სოკოს ბიოსინთეზის პროდუქტი. შემდგომში დადგინდა, რომ სხვა მრავალი სახის მიკროორგანიზმები წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ცეფალოსპორინების ჯგუფს. ცეფალოსპორინ C-ს სრული ქიმიური სინთეზის მრავალსტადიური პროცესი განახორციელა ვუდვორდმა (R. B. Woodward), რომელმაც 1965 წელს მიიღო ნობელის პრემია შრომაში, ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთების სინთეზის შესახებ. ცეფალოსპორინ C-მ, როგორც დამოუკიდებელმა პრეპარატმა, ვერ ჰპოვა გამოყენება მედიცინაში. 1960 წელს მორინმა (R. Morin) შეიმუშავა7-ამინოცეფალოსპორის მჟავას (7-აცმ) მიღების მეთოდი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განუსაზღვრელი რაოდენობის, ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების შექმნა. ცეფალოსპორინების მიღების სხვა გზას წარმოადგენს ქიმიური სინთეზი, ბენზილპენიცილინისგან მიღებული 7-ამინოდეზაცეტოქსიცეფალოსპორის მჟავას (7-ადცმ) საფუძველზე.
ცეფალოსპორინებს _ მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, გააჩნიათ მდგრადობა β-ლაქტამაზების სხვადასხვა ტიპების მიმართ (ცეფალოსპორინაზების გარდა, რომლებიც ახდენენ ცეფალოსპორინების განსაზღვრული სახეობების ჰიდროლიზს), გამოხატული ბაქტერიოციდული ეფექტი, კარგად აღწევენ ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში. აღნიშნული ანტიბიოტიკების ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი პენიცილინების მოქმედების მექანიზმის მსგავსია _ განაპირობებენ ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზის დარღვევას.
განასხვავებენ I თაობის ცეფალოსპორინებს (კლასიკურ) _ პირველი პრეპარატები, რომლებმაც გამოყენება ჰპოვეს კლინიკაში; II და III თაობის ცეფალოსპორინებს, რომლებიც მათი წინამორბედებისგან განსხვავდებიან უფრო მაღალი აქტიურობით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მეტი სტაბილურობით β-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ.
I თაობის ცეფალოსპორინებს მიეკუთვნებიან ცეფალოტინი, ცეფალექსინი, ცეფალორიდინი (ცეპორინი), ცეფაზოლინი (კეფზოლი), ცეფაგლიცინი და სხ. დიდი გამოცდილებაა დაგროვილი ცეფაზოლინის და ცაფალორიდინის გამოყენების სფეროში. ამ უკანასკნელ პრეპარატს, ცეფალოტინთან შედარებით უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა ხასიათდება გამოხატული ნეფროტოქსიკურობით, რის გამოც ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება. ცეფაზოლინი წარმოადგენს ოპტიმალურ პრეპარატს I თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფიდან. ფარმაკოლოგიური პარამეტრებით და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ აქტივობის თვალსაზრისით, ის რამდენადმე აღემატება ცეფალოტინს. I თაობის ცეფალოსპორინების ძირითად და მედიცინაში ყველაზე ფართოდ გამოყენებულ პრეპარატებს წარმოადგენენ ცეფალოტინი და ცეფალექსინი.
ცეფალოტინი (Cephalotin, Keflin) _ 7-[(2-თიენილ)აცეტამიდო]-ცეფალოსპორინის მჟავას ნატრიუმის მარილი. ქიმიური ფორმულა: C16H15N2NaO6S2, მოლეკულური მასა 396,4. თეთრი კრისტალური ფხვნილი, რომელიც კარგად იხსნება წყალში. აქტიურია უმეტესობა გრამუარყოფითი კოკების მიმართ, რომლებიც წარმოქმნიან ან არ წარმოქმნიან β-ლაქტამაზებს (ენტეროკოკების გარდა). მდგრადია სტაფილოკოკური β-ლაქტამაზის მიმართ, იშლება ანტიბიოტიკორეზისტენტული, გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიერ წარმოქმნილი β-ლაქტამაზების ზემოქმედებით. ნაწლავის ჩხირების შტამების 50%-ზე მეტი, კლებსიელას ჯგუფის ბაქტერიები-ენტერობაქტერი მდგრადია ცეფალოტინის მიმართ, მისდამი სრულიად რეზისტენტულები არიან სერაციები, ციტობაქტერები, ფსევდომონადები, პროვიდენციები, ინდოლდადებითი პროტეუსები. ცეფალოტინის მიმართ გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება სწრაფად, გრამადდებითების _ ნელა. აღინიშნება გრამუარყოფითი ბაქტერიების ჯვარედინი რეზისტენტობა ამპიცილინის და ცეფალოტინის მიმართ.
ცეფალოტინი, შიგნით მიღებისას არ შეიწოვება. პარენტერალური შეყვანისას პრეპარატის ყველაზე დიდი კონცეტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება: 30 წთ- 1 სთ-ის შემდეგ კუნთებში შეყვანისას და 15 წუთის შემდეგ _ ინტრავენური ინექციისას. პრეპარატის თერაპიული კონცეტრაცია სისხლში შენარჩუნებულია 3-4 საათის განმავლობაში, ანტიბიოტიკი 50-70%-ით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს. ცეფალოტინი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში, მაღალი კონცეტრაციებით მისი აღმოჩენა ხდება თირკმლებში, პლევრულ, პერიტონეულ და სინოვიალურ ექსუდატებში, უფრო ნაკლები რაოდენობით _ ბრონქულ სეკრეტში და წინამდებარე ჯირკვალში; თითქმის არ აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. ცეფალოტინის (მისი აქტიური ფორმის და ნაწილობრივ არააქტიური მეტაბოლიტების სახით) ორგანიზმიდან გამოყოფა, ძირითადად ხორციელდება თირკმლებით, მილაკოვანი სეკრეციის გზით. ანტიბიოტიკი ნაწილობრივ ექსკრეტირდება ღვიძლში და თერაპიული კონცეტრაციით მისი აღმოჩენა შესაძლებელია ნაღველშიც.
ცეფალოტინის გამოყენების ჩვენებები იგივეა, რაც ნახევრადსინთეზური პენიცილინების. ცეფალოტინი გამოიყენება სასუნთქი და შარდგამომყოფი გზების ინფექციების, ინფიცირებული ჭრილობების, დამწვრობების და მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზნით. ანტიბიოტიკი გამოიყენება სეფსისის, პერიტონიტის დროს. სტაფილოკოკური პენიცილინაზას მიმართ მისი მაღალი მდგრადობის გამო, ცეფალოტინი ეფექტურია პენიცილინაზაწარმომქმნელი სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციების დროს.
ცეფალოტინის ორგანიზმში შეყვანა, ძირითადად ხდება ინტრავენურად, იშვიათად გამოიყენება შეყვანის ინტრამუსკულარული გზა. გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს, პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-3 გრ-ს, გრამუარყოფითი ბაქტერიების ინფიცირების შემთხვევაში _ 4-6 გრ., მძიმე გენერალიზირებული ინფექციის შემთხვევაში 10 გრ. და შეიძლება მეტიც. პრეპარატის ორგანიზმში შეყვანა ხორციელდება 4-6 საათის ინტერვალებით.
ცეფალოტინის გამოყენების დროს გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ეოზინოფილია) უვითარდებათ ავადმყოფთა 1-5%-ს. მხოლოდ პაციენტთა 5-10%-ს, რომელთაც აღენიშნებათ ჯვარედინი ალერგია პენიცილინების მიმართ, შეიძლება განუვითარდეთ მძიმე ფორმის ალერგიული გამოვლინებები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათ შემთხვევებში _ ანაფილაქსიური შოკი). 10 გრ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ნეფროტოქსიკური გამოვლინებები.
გამოშვების ფორმები: ფლაკონები, რომლებიც შეიცავენ 0,5გრ, 1გრ, და 2გრ პრეპარატს.
ცეფალექსინი (Cephalexin, Keflex, Ceporex,Oracef). 7-(D-α-ამინო-α-ფენიაცეტილამიდო)-3-მეთილ-3-ცეფემ-4-კარბონის მჟავა. ქიმიური ფორმულა: C16H17N3O4S*H2O. მოლეკულური მასა 347,7. თეთრი, ყვითელი ელფერის კრისტალური, წყალში ხსნადი ფხვნილი. გააჩნია ცეფალოტინის მსგავსი მოქმედების ფართო სპექტრი, თუმცა ხასიათდება შედარებით უფრო დაბალი აქტივობით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ცეფალექსინი მდგრადია სტაფილოკოკური β-ლაქტამაზების მიმართ და აქტიურია β-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი სტაფილოკოკების მიმართ. აერობული სტრეპტოკოკების შტამების უმეტესობა მგრძნობიარეა ცეფალექსინის მიმართ, თუმცა ენტეროკოკები მდგრადებია მის მიმართ. ცეფალქსინის მიმართ ზომიერად მგრძნობიარენი არიან კლოსტრიდიები და ლისტერიები, გონოკოკები, მენინგოკოკები, პეპტოკოკები და პეპტოსტრეპტოკოკები. ცეფალექსინის მიმართY მდგრადია Bacteroides fragilis, ხოლო მგრძნობიარეა _ Fusobacterium-ის და Veillonela-ს გვარის ბაქტერიები. პრეპარატის მიმართ დგრადობა ნელა ვითარდება.
შიგნით მიღების შემთხვევაში, ორგანიზმში შეიწოვება ცეფალექსინის 90%-ზე მეტი. პრეპარატი მაღალი კონცეტრაციებითაა თირკმლებში და ღვიძლში, აღწევს ფილტვის ქსოვლში, მისი აღმოჩენა შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვალში. ცეფალექსინი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით და მაღალი კონცეტრაციითაა შარდში, რაც განაპირობებს ანტიბიოტიკის მაღალ ეფექტურობას თირკმლების და შარდგამომყოფი გზების დაავადებების დროს. პრეპარატი ვერ აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში.
ცეფალექსინის გამოყენების ჩვენებები სხვა ცეფალოსპორინების ჩვენებების მსგავსია. პრეპარატი ძირითადად გამოიყენება ამბულატორიულ პრაქტიკაში საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს. შიგნით მისაღებად ცეფალექსინი გამოიყენება სადღეღამისო დოზით 1-2-4 გრ. (რაც ნაწილდება 4 მიღებაზე).
ცეფალექსინით მკურნალობის დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტები გამოიხატება გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცლის არეში, იშვიათად _ დიარეით. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, იშვიათად ანგინევროზული შეშუპება), ჯვარედინი (არასრული) ალერგია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებთან.
გამოშვების ფორმები: 0,25 გრ-იანი კაფსულები ან ფხვნილი 150 მლ. მოცულობით, ნარინჯისფერ შუშის ქილებში, რომლებშიც პრეპარატი არის შემავსებელთან ერთად საერთო მასით 35 გრ (2,5 გრ აქტიური ნივთიერება).
II თაობის ცეფალოსპორინებს მიეკუთვნებიან ცეფამანდოლი, ცეფუროქსიმი და სხ. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები გაცილებით სტაბილურები არიან სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი პენიცილინაზების მიმართ. ჰემოფილური ჩხირის და ენტერობაქტერიების მიმართ აქტივობის ხარისხით, ცეფამანდოლი აღემატება ცეფალოტინს. ფარმაკოლოგიური თვისებებით იგი ცეფალოტინის მსგავსია.
β-ლაქტამაზების მიმართ სტაბილურობის თვალსაზრისით, ცეფუროქსიმს უკავია შუალედური ადგილი ცეფალოსპორინების ჯგუფში, აქტიურია გონოკოკების, ინდოლდადებითი პროტეუსების და ჰემოფილური ჩხირების მიმართ. მოცემული ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით, აღნიშნული პრეპარატი უფრო დიდხანს რჩება სისხლში.
ცეფამენდოლი და ცეფუროქსიმი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰოსპიტალური ინფექციების მკურნალობის მიზნით, ფსევდომონადებით გამოწვეული ინფექციების გარდა. ცეფამენდოლი მაღალეფექტურია სტაფილოკოკების მიმართ, მრავლობითი მდგრადობის უნარის მქონე სტაფილოკოკების გარდა. II თაობის ცეფალოსპორინები კარგად გადაიტანებიან ორგანიზმის მიერ და მათი გამოყენება შესაძლებელია პენიცილინის მიმართ ალერგიულ ავადმყოფებში. აღნიშნული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა წარმატებით გამოიყენება პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
III თაობის ცეფალოსპორინები. აღნიშნული ჯგუფის ანტიბიოტიკებს გააჩნიათ მოქმედების ფართო სპექტრი (ცეფოტაქსიმი, ცეფოპერაზონი, ცეფტაზიდიმი, ცეფტიზოქსიმი, ცეფზულოდინი, ცეფტრიაქსონი), მათ გააჩნიათ მაღალი აქტივობა აერობული და ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ცეფოტაქსიმს გააჩნია გამოხატული მოქმედება ენტერობაქტერიების, გონოკოკების, ჰემოფილური ჩხირების, ზომიერად აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ, აქტიურია ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირების და სტაფილოკოკების მიმართ. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებით, ცეფოტაქსიმი ცეფალოტინის მსგავსია. პრეპარატი ადვილად გადაიტანება ორგანიზმის მიერ.
ცეფოპერაზონს გააჩნია მაღალი აქტივობა უმეტესობა ენტერობაქტერიების მიმართ, ზომიერად აქტიურია გრამდადებითი ანაერობების და ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირების მიმართ, არააქტიურია B. fragilis-ის მიერ გამოწვეული ინფექციის დროს. ანტიბიოტიკი მაღალი კონცეტრაციითაა სისხლში და უპირატესად გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პრეპარატი იძლევა კარგ თერაპიულ ეფექტს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, აღინიშნება დიარეა რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია დისბაქტერიოზთან.
ცეფტაზიდიმს, ისევე როგორც ცეფოტაქსიმს და ცეფოპერაზონს, გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ანაერობული ჩხირების მიმართ. ანტიბიოტიკი აღემატება სხვა ცეფალოსპორინებს ფსევდომონადებზე მოქმედების თვალსაზრისით. ცეფტიზოქსიმი ხასიათდება გამოხატული აქტივობით უმეტესობა ენტერობაქტერიების და B. fragilis-ის მიმართ. ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით III თაობის სხვა ცეფალოსპორინების მსგავსია.
ცეფზულოდინი გამოირჩევა გამოხატული აქტივობით ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირების მიმართ, თუმცა სუსტად მოქმედებს გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების სხვა წარმომადგენლებზე.
ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრის მიხედვით, III თაობის ცეფალოსპორინებთან ახლოს დგანან ცეფემიცინების წარმოებულები _ ცეფტრიაქსონი და მოქსალაქტამი. ცეფტრიაქსონს გააჩნია პროლონგირებული მოქმედება და ძალიან დიდხანს და მაღალი კონცეტრაციებით რჩება ორგანიზმში. მოქსალაქტამი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ძალიან ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ გრამუარყოფით მიკროორგანიზმებს, B. fragilis-ის მიმართ მოქმედებით აღემატება სხვა ანტიბიოტიკებს; აქტიურია ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირების წინააღმდეგ; მდგრადია β-ლაქტამაზების მიმართ. მოქსალაქტამი მაღალი კონცეტრაციით გვხვდება სისხლში, აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მოქსალაქტამით მკურნალობა განსაკუთრებით პერპექტიულია მენინგიტის სხვადასხვა ფორმების დროს.
იხილეთ: პენიცილინები; ანტიბიოტიკები; ჰემატო-ენცეფალური ბარიერი; ჰოსპიტალური ინფექციები; დისბაქტერიოზი; ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები