იმუნოდეპრესანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

გარკვეულ პირობებში სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იმუნური მექანიზმი შესაძლოა არასასურველი რეაქციების მიზეზად გადაიქცეს. ამის მაგალითია, გადანერგილი ქსოვილებისა და ორგანოების მიუღებლობა, რაც დაკავშირებულია იმუნოლოგიურ შეუთავსებლობასთან. ქსოვილური შეუთავსებლობის დროს ორგანიზმი უცხო ქსოვილის ანტიგენების მიმართ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ლიმფოიდურ უჯრედებთან ერთად იწვევენ მის დაზიანებას და კვდომას. თანამედროვე მონაცემებით ზოგიერთი დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, თრომბოციტოპენიური პურპურა, კვანძოვანი პერიარტერიიტი, ავტოიმუნური გლომერულონეფრიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, რევმატოიდური ართრიტი და სხვა) შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ავტოიმუნური პროცესები, რომლებიც ორგანიზმში ჩნდებიან არსებული სპეციფიკური ანტიგენების გამოთავისუფლების შედეგად. ნორმალურ პირობებში ეს ანტიგენები იმყოფებიან შეკავშირებულ მდგომარეობაში და არ იწვევენ იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს. აღნიშნული მიზეზების გამო საჭირო გახდა იმუნოგენეზის დამამუხრუჭებელი, ანტისხეულების წარმოქმნის შემაფერხებელი საშუალებების ძიება. ვინაიდან ანტისხეულებს გამოიმუშავებს ლიმფოციტები და პლაზმური უჯრედები, იმუნოდეპრესული მოქმედება უნდა ჰქონდეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ახშობენ ლიმფოიდურ (იმუნოკომპეტენტურ) ქსოვილებში პროლიფერაციულ პროცესებს და თრგუნავენ ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზს. აღმოჩნდა, რომ იმუნოდეპრესულ გავლენას ახდენს მრავალი ნივთიერება. მათი კლასიფიკაცია ხდება შემდეგნაირად: მთლიანობაში იმუნური პასუხის დამთრგუნველები (მაგალითად, ციტოსტატიკები), სპეციფიკური იმუნოდეპრესული მოქმედების შემსრულებლები (მათ შორის ანტილიმფოციტური შრატი), ანთების საწინააღმდეგო და მხოლოდ ნაწილობრივად იმუნოდეპრესული მოქმედების იმუნური პროცესების თანამხლები რეაქციების ამცილებლები (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდები).
განსაკუთრებით გამოხატული იმუნოდეპრესული აქტივობა ახასიათებთ ციტოსტატიკებს (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა  მაალკილირებელი საშუალებები (ციკლოფოსფამიდი, ქლორამბუცილი, თიოფოსფამიდი, პროსპიდიუმის ქლორიდი და სხვა), ანტიმეტაბოლიტები (მერკაპტოპურინი, ფტორურაცილი და სხვა), ზოგიერთი ანტიბიოტიკები (დაქტინომიცინი და სხვა). ამ ჯგუფის წარმომადგენლები ამჟამად გამოიყენება, როგორც იმუნოდეპრესანტები. სპეციფიკურ იმუნოდეპრესანტს წარმოადგენს აზატიოპრინი, რომელიც აღნაგობით და მოქმედებით უახლოვდება 6-მერკაპტოპურინს. იმუნოდეპრესული პრეპარატები ამცირებენ ქსოვილოვან შეუთავსებლობას და საკმაოდ ეფექტური არიან ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში. მაგრამ ამჟამად არსებული პრეპარატები არ ხასიათდებიან მოქმედების საკმარისი შერჩევითობით და მათ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს არასასურველი გვერდითი მოვლენები. ისინი ახშობენ ინტერფერონის წარმოქმნას, აფერხებენ სისხლწარმოქმნას (რასაც მოსდევს ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია და პანციტოპენიაც კი), შესაძლებელია ორგანიზმის საერთო დამცავი ფუნქციების დაქვეითება, მეორადი ინფექციის აქტივაცია, სეპტიცემიის განვითარება, ხანგრძლივი გამოყენებისას მათ შეიძლება ხელი შეუწყონ ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებას. იმუნოდეპრესანტების (ციტოსტატიკების, მათ შორის აზატიოპრინის და სხვა) გამოყენება უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების ზომების დაცვით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები