მაკრო- და მიკროელემენტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

მინერალური ნივთიერებები, ვიტამინებთან და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესების ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ელემენტებს. ისინი აუცილებელია ორგანიზმის შიდა გარემოს, ტუტე-მჟავა წონასწორობის, წყალ-მარილების მიმოცვლის და სხვათა მუდმივობის შესანარჩუნებლად. ადამიანის მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე ჩვეულებისამებრ ივსება საკვები პროდუქტებიდან (რაციონით დაბალანსებული კვების პირობებში). მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ფეხმძიმობისას, ფიზიკური დატვირთვისას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას, არასწორი კვების დროს საჭიროა მინერალური ნივთიერებების დამატებითი რაოდენობა. ორგანიზმში მაკრო- და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მოხვედრის უზრუნველყოფა შეიძლება მათი შემცველი პრეპარატების მეშვეობით. მათგან ერთნი შეიცავენ ცალკეულ ნაერთებს (რკინის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფთორის და სხვათა პრეპარატები), სხვები – მათ ნაკრებს, ხშირად ვიტამინებთან კომბინაციაში.

რკინა წარმოადგენს შეუცვლელ ელემენტს და შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, ციტოქრომების შემადგენლობაში, მონაწილეობს სხვადასხვა ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესებში. ორგანიზმში რკინა ხვდება საკვებთან ერთად. შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავში. ორგანიზმის მოთხოვნილება რკინაზე იზრდება ზრდის პერიოდში, ფეხმძიმობისას, სისხლის დაკარგვისას (მათ შორის მენსტრუაციის დროს). რკინის დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს საჭმელთან ერთად არასაკმარისად მიღებისას (კვების დარღვევა და სხვა), აქლორჰიდრიის, ქრონიკული დიარეის დროს, გასტრექტომიის შემდეგ, სისხლის დაკარგვისას, მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დროს და სხვა. ორგანიზმში რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიის (სიდეროპენიის) განვითარებას, რასაც მოჰყვება ფიზიკური განვითარების დარღვევა, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ანემიური ჰიპოქსიის მოვლენები (ქოშინი, ტაქიკარდია და სხვა), სტომატიტი, გლოსიტი და სხვა პათოლოგიური მოვლენები. რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის იყენებენ ორ- და სამ-ფუძიანი რკინის სამკურნალო პრეპარატებს.
სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ რკინის პრეპარატებს პერორალური გზით (რკინის სულფატი, რკინის ფუმარატი და სხვა), და აგრეთვე პარენტერალური გამოყენებისათვის (რკინა (III) პოლიმალტოზური კომპლექსი, რკინა (III) პოლიიზომალტოზური კომპლექსი და სხვა). ზოგიერთი კომბინირებული პრეპარატი შეიცავს რკინას ასკორბინმჟავასთან ერთად, რომელიც აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებიდან (ტარდიფერონი, ფეროპლექსი და სხვა).
კალიუმი წარმოადგენს ძირითად უჯრედშიდა იონს, მაშინ როცა  ნატრიუმი მთავარი უჯრედსგარეთა იონია. ამ ორი იონის ურთიერთქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედების იზოტონურობის შენარჩუნებისათვის. კალიუმის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების ფუნქციების რეგულირებაში. კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება გახდეს გულის კუნთის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის (პირღებინება, დიარეა), ნერვ-კუნთოვანი გამტარობის და ჩონჩხის მუსკულატურის კუმშვადობის დარღვევის მიზეზი. ჰიპოკალიემია ვითარდება ორგანიზმში საკვებით კალიუმის არასაკმარისი მიწოდებისას, აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, განსაკუთრებით თიაზიდების (ჰიდროქლორთიაზიდის), საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინი) მიღებისას. კალიუმის პრეპარატებს (კალიუმის ქლორიდი და სხვა) იყენებენ ჰიდროქლორთიაზიდის და სხვა თიაზიდების ხმარებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ, სათითურას პრეპარატებით ინტოქსიკაციის და, აგრეთვე, სხვადასხვა წარმოშობის არითმიების დროს (რომლებიც ძირითადად განპირობებულია ელექტროლიტური დარღვევებით და აბსოლუტური ან ფარდობითი ჰიპოკალიემიით).
კალციუმი მრავალმხრივ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმოქმედებაში: მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხის და გლუვი მუსკულატურის ტონუსის შენარჩუნებაში, მიოკარდიუმის ფუნქციონირებაში, სისხლის შედედების  და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებში. ამასთან დაკავშირებით, კალციუმის მარილების შემცველი პრეპარატები გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში. კალციუმის დონე სისხლის პლაზმაში განისაზღვრება ორგანიზმში საკვებთან ერთად მისი მოხვედრით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვით, თირკმელებში რეაბსორბციით, ძვლოვანი ქსოვილიდან გამოთავისუფლებით. კალციუმზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, პათოლოგიური პროცესების არსებობაზე და სხვა. კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს D ვიტამინის ნაკლებობისას, გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივად მიღებისას, ჰორმონალური სტატუსის დარღვევისას (ქალებს მენოპაუზაში, ოვარიოექტომიის შემდეგ). კალციუმის უკმარისობის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, მათ შორის ტეტანია, ჩონჩხის და გლუვი მუსკულატურის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქცია, სისხლის შედედების დარღვევა. კალციუმი დიდ როლს ასრულებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში და მისი სიმრთელის შენარჩუნებაში, ამიტომ კალციუმის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. თერაპევიული მიზნებისათვის ხმარობენ კალციუმის სხვადასხვა მარილებს (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკონატი და სხვა).
მაგნიუმი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც არსებობს ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მაგნიუმი, როგორც კალიუმი, არის უჯრედშიდა იონი. მაგნიუმის 99% მოთავსებულია უჯრედებში, მათ შორის უმეტესი ნაწილი კონცენტრირდება ძვლებში (60%-მდე). მაგნიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში 1%-ზე ნაკლებია (მათგან 75% -იონიზირებული ფორმით, დანარჩენი ნაწილი შეკავშირებულია სისხლის ცილებთან, უპირატესად ალბუმინთან). საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის დაქვეითებისას) მაგნიუმის დაახლოებით 20-30% შეიძლება გამოთავისუფლდეს ძვლოვანი ქსოვილიდან. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მრავალ შიდაუჯრედულ პროცესში, მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტაციის რეაქციაში. Mg2+ მრავალი ფერმენტის კოფაქტორია, რომლებიც ახდენენ ნივთიერებათა ცვლის რეაქციების კატალიზს, განსაკუთრებით აღსანიშნევია ის ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის გარდაქმნის პროცესებში. მაგნიუმის იონების მნიშვნელოვანი როლი გლიკოლიზის პროცესში, და აგრეთვე ატფ-დამოკიდებულ რეაქციებში განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკულად ყველა გლიკოლიზური ფერმენტი აქტივობის გამოსამჟღავნებლად საჭიროებს მაგნიუმის იონებს. ცნობილია, რომ მაგნიუმის იონები ქმნიან კომპლექსებს გლიკოლიზის შუალედური პროდუქტების ფოსფატურ ჯგუფებთან, და აგრეთვე ატფ-ისა და ადფ-ის ფოსფატურ ჯგუფებთან. მრავალ ფერმენტაციურ რეაქციაში, რომელშიც ატფ მონაწილეობს ფოსფატური ჯგუფის დონორის სახით, ატფ-ის აქტიურ ფორმას წარმოადგენს მისი კომპლექსი Mg2+იონებთან. მაგნიუმის იონები აუცილებელია ცილის და ნუკლეინის მჟავათა სინთეზისათვის, Na+- K+-ატფ-აზისა და H+-K+-ატფ-აზის ფუნქციონირებისათვის, უჯრედების აგზნებადობის რეგულირებისათვის. მაგნიუმი ამცირებს ნეირონების აგზნებადობას, აქვეითებს ნერვულ-კუნთოვან გამტარობას, არეგულირებს ორგანიზმის ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების ფუნქციებს. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მაგნიუმი ოდნავ აქვეითებს საერთო სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, ზრდის კორონარულ სისხლმიმოქცევას, წინ უსწრებს კორონაროსპაზმს, გამოდის კარდიოპროტექტორის როლში, სპობს რა არა მარტო მაგნიუმის, არამედ აგრეთვე კალიუმის, ფოსფატების შიდაუჯრედულ დეფიციტს (ერთდროულად მცირდება კალციუმის და ნატრიუმის შემცველობა), ამცირებს ინფარქტის ზონას. ამცირებს თრომბოქსან A2-ის სინთეზს და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, მათ შორის თრომბინინდუცირებულს. მაგნიუმი შეიძლება იყოს ეფექტური კრუნჩხვების მოსახსნელად ეკლამფსიის დროს. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მაგნიუმის გაზრდილი შემცველობა შარდში ხელს უშლის კალციუმის ოქსალატის წარმოქმნას და, ამის შედეგად, ქვების ფორმირებას. მაგნიუმი ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად. მოთხოვნილება მაგნიუმზე იზრდება ზრდის პერიოდში, ფეხმძიმობის დროს, სპორტსმენების შემთხვევაში (დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან და ოფლთან ერთად მანიუმის დიდ დანაკარგებთან დაკავშირებით).
მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს ორგანიზმში მაგნიუმის არასაკმარისი მოხვედრის დროს (მაგალითად, არადაბალანსებული დიეტა, პარენტერალური კვება), შეწოვის დარღვევის დროს ორგანიზმიდან მაგნიუმის გაძლიერებული გამოყოფის ფონზე (მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დიარეა, პოლიურია და სხვა). მაგნიუმის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევები (ჰიპერკალციემია, ჰიპერალდოსტერონიზმი და სხვა), დიაბეტი, ქრონიკული სტრესის მდგომარეობა, ალკოჰოლიზმი და აგრეთვე მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის დიურეტიკების ხანგრძლივი მიღება.
მაგნიუმის დეფიციტის შედეგია გაზრდილი ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის მდგომარეობა, ვინაიდან მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს, პირველ რიგში, კუნთის უჯრედების მემბრანების და ნეირონების დეპოლარიზაციის პროცესების დარღვევას. მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება იყოს კუნთების კრუნჩხვები, მათ შორის კანჭის ტყუპი კუნთისა, გაღიზიანებულობა, ძილის დარღვევა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია, გულის რითმის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა და სხვა. მაგნიუმის დეფიციტის დიაგნოსტიკა რთულია, ვინაიდან სისხლის ანალიზი არ იძლევა სრულ ინფორმაციას ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობაზე, რადგანაც სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის დაქვეითება შეიძლება დაკომპენსირდეს მისი გამოთავისუფლებით ძვლის ქსოვილიდან. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დიაგნოსტიკისათვის იყენებენ თმის და ფრჩხილების ანალიზს. მაგნიუმის პრეპარატების გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში მეტად მრავალფეროვანია. მაგნიუმის პრეპარატები გამოიყენება (შიგნით მისაღებად) ანტაციდური საშუალებების სახით (მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის კარბონატი), მათ შორის კომბინირებული პრეპარატების შემადგენლობაში – ალმაგელი, გასტალი, მაალოქსი, რენი და სხვა. მაგნიუმის ზოგიერთ პრეპარატს (მათ შორის მაგნიუმის სულფატი) ხმარობენ როგორც მარილიან საფაღარათო საშუალებას.  შიგნით მიღებისას მაგნიუმის სულფატი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზრდის ოსმოსურ წნევას, იწვევს სითხის შეკავებას და მის გასვლას კონცენტრაციის გრადიენტით ნაწლავის სანათურში, რაც იწვევს ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გაზრდას, მექანორეცეპტორების აგზნებას და ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას მის მთელ სიგრძეზე. გარდა ამისა, მაგნიუმის სულფატი ახდენს ნაღველმდენ მოქმედებას (თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების ხარჯზე). მაგნიუმის პრეპარატებს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც. მაგნიუმის სულფატის პარენტერალური შეყვანა ნაჩვენებია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმების დროს, ჰიპერტენზიული კრიზების, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და სხვა. კალიუმისა და ნატრიუმის ასპარაგინატი (შიგნით ან პარენტერალურად) ინიშნება გულის რითმის დარღვევისას, მათ შორის არითმიების პროფილაქტიკისათვის, გულზე საგულე  გლიკოზიდების ტოქსიკური გავლენის თავიდან ასაცილებლად (ან მათით ინტოქსიკაციის დროს), გულის იშემიური დაავადების დროს .  მაგნიუმის პრეპარატები, მათ შორის მაგნიუმის სულფატი (პარენტერალურად) ინიშნება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების კორექციისათვის (პროფილაქტიკა და მკურნალობა). სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება აგრეთვე მაგნიუმის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (მაგალითად, მაგნე B6, რომლის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი და პირიდოქსინი, რომელიც აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედებში) და სხვა.
მიკროელემენტები (კობალტი, იოდი, დარიშხანი, სპილენძი, ცინკი და სხვა) აუცილებელია ორგანიზმისათვის, ვინაიდან, როგორც წესი, შედიან მრავალი ფერმენტის პროსტეტული ჯგუფის შემადგენლობაში.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.