ანტივირუსული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

პირველ ანტივირუსულ პრეპარატს წარმოადგენს თიოსემიკარბაზინი, რომლის ვირულოციდური მოქმედება პირველად აღწერა გ. დომაკმა (1946წ.). ასევე ანტივირუსული აქტივობა  გააჩნია თიაცეტაზონს,  მაგრამ არასაკმაოდ ეფექტურია: მას იყენებენ როგორც ანტიტუბერკულოზურ საშუალებას. ამ ჯგუფის ანტივირუსულ პრეპარატს მიეკუთვნება მეტისაზონი (მარბორანი), რომელიც ეფექტურად თრგუნავს ყვავილის ვირუსის რეპლიკაციას. შემდგომში (1959წ.) სინთეზირებული იქნა იდოქსურიდინი – ნუკლეოზიდი, რომელიც ეფექტური ანტივირუსული საშუალება აღმოჩნდა და რომელიც თრგუნავს მარტივი ჰერპესისა და ვაქცინის (ვაქცინური დაავადება) ვირუსებს. სისტემური გამოყენების ანტივირუსული პრეპარატების (იდოქსურიდინი) შესაძლო გვერდითი მოვლენები ზღუდავს მათი ნაწილის ფართო გამოყენებას,თუმაცა იდოქსურიდინის შემთხვევაში, იგი კვლავ ითვლება ადგილობრივი გამოყენების  ეფექტურ ოფთალმოლოგიურ საშუალებად ჰერპესული კერატიტების დროს. იდოქსურიდინის კვალდაკვალ მიღებული იქნა სხვა ნუკლეოზიდები, რომელთა შორის გამოვლინდა მაღალეფეტური ანტივირუსული პრეპარატები, მათ შორის აციკლოვირი, რიბამიდილი (რიბავირინი) და სხვ. 1964 წელს სინთეზირებული იქნა ამანტადინი, შემდეგ რემანტადინი და ამანტადინის სხვა წარმოებულები, რომლებიც ეფექტური ანტივირუსული საშუალებებია. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ენდოგენური ინტერფერონის აღმოჩენა და მისი ანტივირუსული აქტივობის დადგენა.
დნმ-ის რეკომბინაციის თანამედროვე ტექნოლოგიამ (გენური ინჟინერია) შესაძლებელი გახადა ვირუსული და სხვა დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში ინტეფერონის გამოყენება.  თანამედროვე მკვლევართა მიერ შემუშავებულია სისტემური და ადგილობრივი გამოყენების რიგი სინთეზური და ბუნებრივი (მცენარეული წარმოშობის) პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია ვირუსული დაავადებების (იხ. ბონაფტონი, არბიდოლი, ოქსოლინი, დეიტიფორმინი, ტებროფენი და სხვ.) სამკურნალოდ. დადგენილია, რომ ზოფიერთი იმუნომასტიმულირებელი და ანტივისუდული საშუალებების (პროდიგიოზანი, პოლუდანი, არბიდოლი და სხვ.) მოქმედება დაკავშირებულია მათ ინტეფერონოგენურ აქტივობაზე, ანუ ენდოგენური ინტეფერონის წარმოქმნის სტიმულირების უნარზე. სხვადასხვა ანტივირუსული პრეპარატები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოქმედების მექანიზმით, გამოყენების ჩვენებით, გამოყენების მეთოდებითა და სხვ.
მიღებისა წყაროსა და ქიმიური ბუნების ხასიათით არსებული ანტივირუსული პრეპარატები შიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: 1. ინტერფერონები (ენდოგენური წარმოშობისა და გენური ინჟინერიით მიღებული, მათი წარმოებულები და ანალოგები) და ინტერფერონის ინდუქტორები, ან ინტერფერონოგენოგენები (ეგზოგენური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში შეყვანისას ასტიმულირებენ ენდოგენური ინტერფერონების სინთეზს); 2. სინთეზური ნაერთები: ამანტადინისა და სხვა ქიმიური ჯგუფების წარმოებულები; 3. ნუკლეოზიდები. 4. მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები.

ნუკლეოზიდები
ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებათა დიდ ჯგუფს შეადგენენ ნუკლეოზიდების წარმოებულები (აციკლოვირი, სტავუდინი, დიდანოზინი, რიბავირინი, ზიდოვუდინი და სხვა). ერთ-ერთი პირველი ნუკლეოზიდი იყო იდოქსურდინი, რომელიც ეფექტურად თრგუნავდა მარტივი ჰერპესის და ვაქცინიის (ვაქცინალური დაავადება) ვირუსს. მაგრამ გვერდითი მოქმედება მისი სისტემური გამოყენების შეზღუდვის მიზეზია. აციკლოვირ, ზიდოვუდინი, დიდანოზინი და სხვები გამოიყენება, როგორც სისტემური ქიმიოპრეპარატები. სხვადასხვა ნუკლეოზიდების მოქმედების მექანიზმი მეტად მსგავსია. ყველა მათგანი მეტაბოლიზდება ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში, ფოსფორილიზდება, გარდაიქმნება ნუკლეოტიდებში, კონკურენციას უწევენ “ნორმალურ” ნუკლეოტიდებს ვირუსის დნმ-ში ჩართვას  და აჩერებენ ვირუსის რეპლიკაციას.
იდოქსურიდინი (Idoxuridine). სინონიმები: კერეციდი, ოფტან – IDU, Dendrid, Emanil, Herpesil, Herpetil, Herplex, Idexur, IDU, Iduridin, Iduviran, IUDR, Keracid, Kerecid, Laevojodin, Oftan–IDU, Stoxil, Synmin და სხვ. პრეპარატი ახდენს სელექციურ დათრგუნვით ზეგავლენას ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციაზე. გმოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, როგორც ვირუს Herpes simplex ან Vaccinia-ით გამოწვეული კერატირების სამკურნალო ადგილობრივი ანტივირუსული საშუალება.

აციკლოვირი (Aciclovir). სინონიმები: ვიროლექსი, ზოვირაქსი, Acycloguanosine, Acyclovir, Cycloviran, Milavir, Virolex. ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია მარტივი ჰერპესისა და სარტყლისებრი სირსველის დროს.

განციკლოვირი (Ganciclovir). სინონიმები: Cymevene. თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, წყალში ხსნადი კრისტალური ფხვნილი. განციკლოვირი წარმოადგენს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც სტრუქტურულად ახლოსაა აციკლოვირთან. მასთან შედარებით, განციკლოვირი მეტად ეფექტურია და გარდა ამისა, მოქმედებს არა მარტო ჰერპესის ვირუსებზე, არამედ ციტომეგალოვირუსზეც.

ფამციკლოვირი (Famciclovir). სინონიმები: ფამვირი, Famvir. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ანტივირუსული ნივთიერების პენციკლოვირის წარმოქმნით. აქტიურია Herpes simplex და zoster ვირუსების მიმართ, ასევე ციტომეგალოვირუსების მიმართ. გამოიყენება სარტყლისებური სირსველისა და პოსტჰერპესულ ნევრალგიების სამკურნალოდ.

რიბამიდილი (Ribamidil). სინონიმები: ვირაზოლი, რიბავირინი, Ribavirin, Tribavirin, Viramid, Viratek, Viratel, Virazide, Virazole, Virustaz. რიბამიდილი, აციკლოვირის მსგავსად, წარმოადგენს სინთეზურ ნუკლეოზიდს, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული აქტივობა. იგი ახდენს ვირუსის რნმ-ისა და დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას.

ზიდოვუდინი (Zidovudine). სინონიმები: რეტროვირი, Retrovir. ახალი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ახდენს რეტროვირუსების რეპლიკაციის ინჰიბირებას, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის. მოწოდებულია შიდსის კომპლექსურ თერაპიაში.

ინტერფერონები
ინტერფერონებს უწოდებენ ენდოგენურ დაბალმოლეკულურ ცილებს (მოლეკულური მასით 1500 – 2500-მდე), რომელთაც გააჩნიათ ანტივირუსული, იმუნომოდულაციის და სხვა ბიოლოგიური თვისებები, მათ შორის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობაც. პირველად ინტერფერონი აღმოჩენილი იქნა 1957 წელს; დადგენილი იქნა, რომ უჯრედები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან გრიპის ვირუსით, გამოიმუშავებენ და გარემომცველ გარემოში გამოყოფენ განსაკუთრებულ ცილას, რომელიც აფერხებს უჯრედში ვირუსების გამრავლებას. ამის გამო, იგი ითვლება პირველადი ვირუსული ინფექციებისაგან ორგანიზმის დამცველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენდოგენურ ფაქტორად. რაც უფრო მეტი რაოდენობით გამომუშავდება ორგანიზმში ინტერფერონი, მით მეტადაა დაცული იგი ვირუსული ინფექციებისაგან. ინტერფერონებს გააჩნიათ იმუნომოდულაციური აქტივობა. ამჟამად ცნობილია ინტერფერონის სხვადასხვა სახეები. მათ შორის ძირითადია ალფა-ინტერფერონი (ალფა-1 და ალფა-2 სახესხვაობებით), ბეტა-ინტერფერონი, გამა-ინტერფერონი. ალფა-ინტერფერონი წარმოადგენს პროტეინს, ხოლო ბეტა-  და გამა-ინტერფერონები – ლიპოპროტეინს. ალფა-ინტერფერონი პროდუცირდება ძირითადად პერიფერიული სისხლის ბეტა-ლიმფოციტებითა და ლიმფობლასტური ხაზებით, ბეტა-ინტერფერონი – ფიბრობლასტებით, ხოლო გამა-ინტერფერონი – პერიფერიული სისხლის T- ლიმფოციტებით. თავდაპირველად, როგორც ანტივირუსული საშუალება, გამოიყენებოდა ინტერფერონი (ალფა-ინტერფერონი), რომლსაც ღებულობდნენ დონორის სისხლის ლეიკოციტებისგან მასზე ვირუს-ინტერფერონოგენის ზემოქმედების საპასუხოდ. უკანასკნელ დროს ინტერფერონის სხვადასხვა სახეებს ღებულობენ ხელოვნურად, გენური ინჟინერიის მეთოდით. ასეა მიღებული სხვადასხვა რეკომბინაციური ალფა-ინტერფერონები (ინტერლოკი, რეაფერონი, ინტრონ A, როფერონ A და სხვ.), ბეტა-ინტერფერონები (ბეტაფერონი, ფერონი და სხვ.), გამა-ინტერფერონები (იმუკინი და სხვ.). ეს პრეპარატეი გამოიყენება  სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ბუნებრივი ინტერფერონის (ადამიანის ლეილოციტების) გამოყენება ხდება გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
ინტერფერონი (Interferonum). ადამიანის დონორული სისხლის ლეიკოციტური ინტერფერონი ფოროვანი მორუხო – მოვარდისფრო (ზოგჯერ მოყავისფრო ელფერით, ფხვნილია, იხსნება წყალში. პრეპარატი გამოიყენება გრიპის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ასევე სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ.
ინტერლოკი (Interlock). გასუფთავებული ალფა-ინტერფერონია, რომელიც მიიღება (ბიოსინთეზური ტექნოლოგიით)  დონორის სისხლიდან. გამოიყენება Herpes simplex და Herpes zoster-ით გამოწვეული თვალის ვირუსული დაავადებების (კერატიტები, კონიუქტივიტები) სამკურნალოდ. ეფეტურია დაავადების ადრეულ სტადიებში.
რეაფერონი (Reaferonum). რეკომბინანტური ალფა2-ინტერფერონია, რომელიც ფსევდომონადის ბაქტერიული შტამების მიერ პროდუცირდება. ბაქტერიის გენეტიკურ აპარატში ჩაშენებულია ადამიანის ლეიოციტური ალფა-ინტერფერონის გენი, რომელიც   ადამიანის ლეიკოციტური ალფა 2–ინტერფერონის იდენტურია. რეაფერონი წარმოადგენს ფოროვან ფხვნილს ან თეთრი ფერის ფოროვან მასას. იხსნება წყალში, ჰიგროსკოპულია. აქვს ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. რეაფერონს იყენებენ ვირუსული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ; ეფექტურია ვირუსული ჰეპატიტების დროს.
ინტრონ A (Intron A). წარმოადგენს რეკომბინანტურ ინტერფერონ-ალფა 2B-ს. ახდენს ანტივირუსულ, იმუნომოდულატორულ და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას. გამოიყენება მრავლობითი მიელომის, კაპოშის სარკომის, ლეიკოზისა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების, ასევე A და B ტიპის ქრონიკული ჰეპატიტების, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომისას (შიდსი) და სხვათა სამკურნალოდ.
ბეტაფერონი (Betaferon). ადამიანის რეკომბინანტური ბეტა1-ინტეფერონია. ახდენს ანტივირუსულ და იმუნომოდულაციურ მოქმედებას. მოწოდებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. ვარაუდობენ, რომ გაფანტული სკლეროზის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსული დაზიანება. პრეპარატი დაავადებას არ კურნავს, მაგრამ ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას. როგორც ჩანს, გარკვეულ როლს ასრულებს მისი იმუნომოდულაციური მოქმედება.

ინტერფერონის ინდუქტორები (ინტერფერონოგენები)
ორგანიზმში შეყვანილი ეგზოგენური ნაერთები მასში ენდოგენური ინტერფერონის წარმოქმნის სტიმულაციას ახდენენ. ხშირად ეს ინტერფერონოგენური მოქმედება შერწყმულია იმუნომოდულაციურ (მასტიმულირებელ) აქტივობასთან და მეტაბოლურ პროცესებზე საერთო მასტიმულირებელ  ზეგავლენასთან. ინტერფერონოგენური აქტივობით ხასიათდებიან პროდიგიოზანი და სხვა პოლისაქარიდები, ზოგიერთი პოლიფენოლები (დაბალმოლეკულური), ფლუოენები და სხვ. ინტერფერონის ინდუქციით მიმდინარე იმუნომოდულაციური აქტივობა გააჩნია დიბაზოლს, რომელიც აძლიერებს ფაგოციტოზს, ასტიმულირებს ლეიკოპოეზსა და ანტისხეულების წარმოქმნას. იმუნომოდულაციური თვისება გააჩნია ანტივირუსულ პრეპარატ არბიდოლს. ინტერფერონის ინდუქტორს მიეკუთვნება პრეპარატი პოლუდანი.

მცენარეული წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატები

ფლაკოზიდი (Flacosidum). მცენარეული წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატია. მიიღება ამურის ხავერდასა (Phellodendron amurensis Rupr.) და ლავალის ფოთლებისაგან (Phellodendron amurensis var. Lavallei Sprague)

ალპიზარინი (Alpisarinum). ანტივირუსული აქტივობის მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, ღებულობენ პარკოსანთა ოჯახი (Fabaceae)-ს მცენარე Hedysarum alpinum L. და H. flavescens-დან,

ქელეპინი (Helepinum). მცენარე Lespedeza hedysazoides (Pall.) Kitag, პარკოსანთა ოჯახი (Fabaceae). გამოიყენება მოზრდილებში შიგნით მისაღებად და როგორც გარეგანი საშუალება სარტყლისებური ჰერპესისას, ასევე მარტივი ჰერპესის მორეციდივე ფორმების, პირის ღრუს ლორწოვანის ვირისული დაავადებების დროს.

მეგოსინი (Megosinum). გამიყენება როგორც გარეგანი საშუალება მალამოს სახით კანის ჰერპესული დაავადებების დროს. დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად უსმევენ 3-ჯერ დღეში 4–6 დღის განმავლობაში.

გოსიპოლი (Gossypolum). ბამბის თესლებისაგან ან მისი ფესვებისაგან (Gossypium sp.) მიღებული პროდუქტია. პრეპარატს გააჩნია ვირუსთა სხვადასხვა შტამების მიმართ ქიმიოთერაპიული აქტივობა, მათ შორის ჰერპესის დერმატოტროპული შტამებისადმი. ახდენს გრამდადებით ბაქტერიებზე სუსტ ზემოქმედებას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები