მაკროლიდები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

უკანასკნელ დრომდე ამ ჯგუფის ანტიბიოტიკები წარმოდგენილი იყო მცირე რაოდენობის სამკურნალო საშუალებებით. მათ შორის ძირითადი იყო ბუნებრივი ანტიბიოტიკები ერითრომიცინი, პროდუცირებული სოკო Streptomyces erythreus-ით, ოლეანდომიცინი, პროდუცირებული Streptomyces antibioticus და სხვა მონათესავე მიკროორგანიზმებით. უკანასკნელ წლებში ეს ჯგუფი საგრძნობლად გაფართოვდა: აღმოჩენილია ახალი ბუნებრივი ანტიბიოტიკები (სპირამიცინი და სხვ.) და შექმნილია სხვადასხვა ნახევრადსინთეზური მაკროლიდები (როქსიტრომიცინი, კლარიტრომიცინი და სხვ.), რომლებიც სამკურნალო ეფექტით აღემატებიან პირველ ანტიბიოტიკ – მაკროლიდებს. აზითრომიცინი და ზოგიერთი სხვა გამოყოფილნი არიან აზალიდების ახალ ქვეჯგუფში.
ყველა მაკროლიდის ქიმიური სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს ლაქტონური რგოლი. ერითრომიცინი, როქსიტრომიცინი, კლარიტრომიცინი და სხვ. შეიცავენ 14 წევრიან რგოლს (13 ნახშირბადის ატომების, ერთი – ჟანგბადის), აზიტრომიცინი – 15 წევრიანი, სპირამიცინი და სხვ. – 16 წევრიანი. ლაქტონურ რგოლთან მიერთებულია სხვადასხვა ჩამნაცვლებლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ცალკეული ნაერთის თვისებებზე. ნახევრადსინთეზურად მიღებული ახალი მაკროლიდების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მათი გაუმჯობესებული ფარმაკოკინეტიკური თვისება, მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა. ისინი კარგად შეიწოვებიან და ქმნიან სისხლსა და ქსოვილებში ხანგრძლივად შენარჩუნებულ მაღალ კონცენტრაციას, რაც საშუალებას იძლევა შევამციროთ მათი შეყვანის რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში (1-2-ჯერ), შევამციროთ მკურნალობის კურსის საერთო ხანგრძლივობა, გვერდითი მოვლენების სიხშირე და გამოხატულება. ისინი მაღალეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციების, სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემების ინფექციების, კანის, რბილი ქსოვილებისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, ანაერობებით, ატიპური ბაქტერიებით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები