მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

მალარიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება სხვადასხვა სინთეზური ანტიმალარიული პრეპარატები: 4–ამინოქინოლინის (ქინგაინი, ჰიდროქსიქლოროქინი), დიამინოპირიმიდინის (ქლორიდინი), ბიგუანიდის (ბიგუმალი), 9–ამინოაკრიდინის (აკრიხინი), 8– ანიმოქინოლის (პრიმაინი, ქინოციდი) წარმოებულები. მალარიის კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება აგრეთვე სულფანილამიდური საშუალებები (სულფალენი, სულფადიმეტოქსინი, სულფაპირიდაზინი) და სულფონები (დიაფენილსულფონი). გამოყენება აგრეთვე მალარიის საწინააღმდეგო ძველი პრეპარატი – ალკალოიდი ქინინი. მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მალარიის გამოწვევის სხვადასხვა სახეებზე და განვითარების სტადიებზე მათი ზემოქმედებით. ქინგამინი, ჰიდროქსიქლოროქინი, აკრიხინი, სულფანილამიდები, სულფონები და ქინინი აქტიურები არიან მალარიის პლაზმოდიუმის უსქესო ერითროციტულ ფორმებზე და წარმოადგენენ ჰემატოშიზოტროპულ პრეპარატებს. პრეპარატები, რომლებიც იწვევენ უსქესო ქსოვილოვანი ფორმების სიკვდილს, წარმოადგენენ ჰისტოშიზოტროპულებს. პრეერითროციტარული ქსოვილოვანი შიზონტების მიმართ აქტიურია ქლორიდინი და ბიგუმალი. დიდი ხნის მანძილზე არსებულ ლატენტურ ერითროციტგარეშე ფორმებზე გავლენას ახდენენ პრომაქინი და ქინოციდი. პრეპარატებს, რომლებიც აქტიურნი არიან სქესობრივი ფორმების (ჰამონტები) მიმართ, აღნიშნავენ, როგორც ჰამოტროპულებს. მათ მიეკუთვნება პრომაქინი, ქინოციდი, ბიგუმალი, ქლორიდინი. პირველი ორი პრეპარატი მოქმედებს ჰამონტოციდურად, ანუ იწვევს ჰამონტების სწრაფ სიკვდილს. ქლორიდინი და ბუგუმალი ახდენენ სპორონტოციდულ მოქმედებას, ანუ კოღოს ორგანიზმში არღვევენ სპოროზოიტების წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც კოღოები აღარ არიან მალარიის გადამტანები. სხვადასხვა პრეპარატების თავისებური მოქმედების გამო, მათ ხშირად იყენებენ სხვადასხვა კომბინაციით. პრეპარატების კომბინირება რიგ შემთხვევებში აძლიერებს სამკურნალო ეფექტს, ასევე ამუხრუჭებს სამკურნალო საშუალებებისადმი მალარიის პარაზიტების შეჩვევის პროცესს. ანტიმალარიულ პრეპარატებს სულფანილამიდურ პრეპარატებთან და დიაფენილსულფონთან კომბინირებით ძირითად ნიშნავენ მონოთერაპიისადმი მალარიის პარაზიტების მდგრადობისას. შექმნილია აგრეთვე კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებშიც შედის ანტიმალარიული პრეპარატები სულფანილამიდებთან ერთად; ზოგიერთი ანტიმალარიული პრეპარატის მოქმედება არ შემოიფარგლება მალარიის გამომწვევზე მათი გავლენით. აკრიხინი ეფექტურია ჰელმინთოზების, ლამბლიოზის, კანის ლეიშმანიოზის, წითელი მგლურას დროს, ქლორიდინი – ტოქსოპლაზმოზის, ლამბლიოზის; ქინგამინი – რევმატოიდული ართრიტის დროს. ქინინს ზოგჯერ იყენებენ საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციისათვის.

მალარიის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები

მეტაკელფინი (Metakelfin). აბები, შეიცავს 0,025გ (25მგ) პირიმეტამინს და 0,5 სულფომეტაპირა-ზინს.

ფანსიდარი (Fansidar). აბები, შეიცავს 0,025გ (25მგ) ტრიმეტამინს (ქლორიდინს) და 0,5 სულფანილამიდურ პრეპარატს – სულფადოქსინის (Sulfadoxine)–N–(5,6 იმეტოქსი–4 –პირიმიდილ) სულფანილამიდი. სულფადოქსინის სინონიმები: ფანაზილი, Fanasil.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები