ქალასარქველი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალასარქველი   Fornix cranii, s. calvaria Calvaria (cranial roof)

ქალასარქველის – fornix cranii (calvaria) გარედან დათვალიერებით ჩანს, რომ იგი წარმოქმნილია ერთმანეთთან ნაკერებით – suturae დაკავშირებული ძვლებისაგან. ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან სინქონდროზით – syndesmosis. ქალას ნაკერები – ძვლების შეერთების ერთ – ერთი სახეა. ქალასარქველის წარმომქმნელი ძვლები ერთმანეთს უკავშირდბიან სხვადასხვა სახის ნაკერებით, ზოგიერთი მათგანი დაკბილულია და მათ დაკბილული ნაკერი – sutura squamosa ეწოდება;

ქალასარქველი

არსებობს აგრეთვე ქიცვისებრი ნაკერი – sutura squamosa, როდესაც ერთი ძვლის კიდე ფარავს მეორე ძვლის კიდეს თევზის ქერცლის მსგავსად, არის აგრეთვე ბრტყელი ნაკერი – sutura plana. ნაკერებს ხშირად ჰქვიათ იმ ძვლების სახელები, რომლებიც ერთმანეთს ამ ნაკერით უკავშირდებიან, ზოგს კი სახელი ნაკერის მიმართულების, ან ფორმის მიხედვით ჰქვია, მაგალითად,  გვირგვინოვანი ნაკერი – sutura coronalis, – შუბლისა და თხემის ძვლებს შორის არსებული ნაკერი; საგიტალური ნაკერი – sutura sagittalis, – თხემის ძვლებს შორის არსებული ნაკერი; ლამბდისებრი ნაკერი – sutura lambdoidea, კეფისა და თხემის ძვლებს შორის არსებული ნაკერი. ქალასარქველის გვერდებზე მდებარეობს საფეთქლის არე; იგი გადადის საფეთქლის ფოსოში – fossa temporalis, რომელიც გარედან შემოსაზღვრულია საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეული მორჩით – processus zygomaticus ossis temporalis.

ქალასარქველი

ქალასარქველი წინა მხარეზე გამობურცულია და ქმნის შუბლს – frons. ქალასარქველის უკანა ნაწილში სამი გამობურცულობაა: მათგან ორი თხემის ბორცვია – tubera parietalia, ხოლო ერთი – უკანა, კეფის ბორცვია. ამ სამ გამობურცულობას შორის მდებარეობს ქალასარქველის წვერი, თხემი – vertex. ქალასარქველის სატვინე ზედაპირი უსწორმასწოროა და იმეორებს ტვინის რელიეფს,  ასევე, აღინიშნება სისხლძარღვებისა და ვენური სინუსების ანაბეჭდი. ყველაზე ღრმა ღარი გადის ქალასარქველის შუა ხაზზე და მას ზემო საგიტალური სინუსის ღარი – sulcus sinus sagittalis superioris ეწოდება. ამ ღარის ნაპირებთან პატარა ჩაღრმავებებია, ე. წ. მარცვლოვანი ორმოები – foveolae granulares, რომლებშიც შედიან ტვინის ქსლისებრი გარსის მორჩები. საგიტალური ღარის უკანა ნაწილში 2 – 3 მასაზრდოებელი ხვრელია – foramina nutricia.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.