ჰისტამინომიმეტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჰისტამინი და ბეტაჰისტინი. სამედიცინო გამოყენებისთვის ჰისტამინი მიიღება ჰისტიდინის ბაქტერიული დაშლის ან სინთეზის გზით. ჰისტამინი შეჰყავთ პარენტერალურად, ვინაიდან შიგნით მიღბისას ცუდად შეიწოვება და ნაკლებ ეფექტურია. ჰისტამინმა, როგორც სამკურნალო საშუალებამ, ფართო გამოყენება ვერ მიიღო. ზოგჯერ ჰისტამინი გამოიყენება პოლიარტრიტების, სახსრების და კუნთოვანი რევმატიზმის დროს; ჰისტამინის დიჰიდროქლორიდის (1%-იანი ხსნარის 0,1-0,5 მლ)  კანქვეშ შეყვანა, ჰისტამინის შემცველი მალამოს შეზელვა და ჰისტამინის ელექტროფორეზი იწვევენ ნერვული დაზიანებით გამოწვეული ტკივილების დროს (რადიკულიტი, პლექსიტი და ა.შ.) ძლიერ ჰიპერემიას და ტკივილის შესუსტებას. ამავე მიზნით იგი შეჰყავთ კანქვეშ (0,2-0,3 მლ 0,1%-იანი ხსნარი) ალერგიული დაავადებების, მათ შორის ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციებისა და სხვა შემთხვევაში.  ასევე  შაკიკის დროს, შესაძლებელია დესენსიბილიზაციის კურსის ჩატარება ჰისტამინის მცირე, ზრდადი დოზებით. ამ დროს ვითარდებაჰისტამინის მიმართ  მდგრადობა  და მცირდებაალერგიული რეაქციებისადმი  წინასწარგანწყობა.
ჰისტამინი გამოიყენება აგრეთვე ფეოქრომოციტომის, კუჭის ფუნქციონალური მდგომარეობის ფარმაკოლოგიური დიაგნოსტიკისათვის. ამასთან, შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო (ჰიპოტენზიური მოქმედება, ბრონქოსპაზმი და სხვა) აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. დოზის გადაჭარბებისა და ჰისტამინისადმი ჭარბი მგრძნობიარობის შემთხვევაში, შესაძლებელია კოლაფსისა და შოკის განვითარება.
ბეტაჰისტინი წარმოადგენს დიამინოქსიდაზას – ჰისტამინის ინაქტივაციის გამომწვევი ფერმენტის – ინჰიბიტორს. იგი იწვევს ენდოგენური ჰისტამინის სტაბილიზაციას და ახდენს ჰისტამინის მსგავს მოქმედებას. ბეტაჰისტინი ეფექტურია პერორალური გამოყენებისას. იგი ასუსტებს შიდა ყურის სისხლძარღვთა პრეკაპილარულ სფინქტერებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მას იყენებენ მენიერის და სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც მოსდევს თავბრუსხვევები, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება და ა.შ.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები