ჰომეოპათური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ჰომეოპათური საშუალებები, განსხვავებით ალოპათურისაგან, გამოიყენება მცირე დოზებით და მზადდება სპეციალური (თხევადი- და მყარფაზიანი) ტექნოლოგიით, რომელიც შემოთავაზებული იქნა ჰომეოპათიის ფუძემდებლის გერმანელი ექიმისა და ქიმიკოსის სამუილ განემანის მიერ. ჰომეოპათური პრეპარატებისთვის ნედლეულს წარმოადგენს მცენარეული, ცხოველური, მინერალური წარმოშობის ნივთიერებები და ალოპათური წამლები. ადამიანის გამონაყოფიდან, მათ შორის პათოლოგიის დროს, მიკროორგანიზმების კულტურებიდან ამზადებენ ეგრეთ წოდებულ ნოზოდებს, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში გაზრდილი ახალმოზარდი მსხვილი რქოსანი საქონლის ორგანოებიდან და ქსოვილებიდან ამზადებენ ორგანოსპეციფიკურ პრეპარატებს. ჰომეოპათური წამლების მომზადების პროცესს, რომელიც მდგომარეობს შენჯღრევით ან გალესვით გახსნაში, ეწოდება პოტენცირება ანუ დინამიზაცია. პირველი მეათედი (1x ან 1D ) ან მეასედი (1 ან 1CH ) პოტენციის მისაღებად საწყისი ნედლეულის 1 წილს უმატებენ შემავსებლის 9 ან 99 წილს და ანჯღრევენ (ან ლესავენ). პოტენციის მისაღებად ნედლეულის 1 წვეთს უმატებენ სპირტის 50000 წვეთს. ყოველი შემდეგი პოტენცია მზადდება ასეთნაირადვე წინა პოტენციისაგან ( 2x – 1x-დან, 2 – 1-დან და ა.შ.), რიცხვი მიუთითებს წამლის მომზადებისას განზავებათა რაოდენობას (შენჯღრევით და გალესვით). რაც უფრო მაღალია პოტენცია, მით უფრო აქტიურია და ხანგრძლივი პრეპარატის მოქმედება. პოტენციის არჩევანი და ჰომეოპათური წამლების მიღების სიხშირე დამოკიდებულია მათი გამოყენების კონკრეტულ პირობებზე. დადებითი ეფექტის მიღებისთანავე წამლის მიღებას წყვეტენ ან მიღებას აიშვიათბენ. განემანი ავადმყოფობის სიმპტომებს თვლიდა არა ავადმყოფური ფაქტორის გამოვლინებად, არამედ არაკეთილისმყოფელ ზემოქმედებაზე  ორგანიზმის დამცავ საპასუხო რეაქციად, და შემოიტანა წინადადება, რომ პრეპარატების შერჩევა განხორციელებულიყო ავადმყოფობის სიმპტომების კოპლექსის და ამ პრეპარატის დიდი დოზებით მოწამვლის ნიშნების შეპირისპირების საფუძველზე (homois – მსგავსი, pathos – ავადმყოფობა). ჰომეოპათური წამლების ძირითადი მოქმედება მიმართულია დამცავ-შეგუებითი ფუნქციების სტიმულაციაზე, რაც შეიძლება ნაკლები გაღიზიანების გზით გარკვეული რეცეპტორების ადაპტაციური მექანიზმების აღდგენაზე. ეფექტის რეალიზაცია ხდება ფსიქიკური, ნერვულ-ვეგეტაციური, ენდოკრინული, მეტაბოლური და იმუნური სისტემის მეშვეობით. ბოლო წლებში მკურნალობის ჰომეოპათური მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა გაფართოვდა ოფიციალური ლაბორატორიულად დამუშავებული კომპლექსების შექმნის ხარჯზე, რომლებიც იძლევიან სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღების შესაძლებლობას. კომპლექსური ჰომეოპათია, კლასიკურისაგან განსხვავებით, იყენებს საყოველთაოდ მიღებულ სამედიცინო ტერმინოლოგიას და ემყარება არა ჰომეოპათურ, არამედ ჩვეულებრივ კლინიკურ დიაგნოზს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები