nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

კლინიკურ პრაქტიკაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების სახით გამოიყენება სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატები – ანდროგენები, ესტროგენები, გესტაგენები და სხვა ჰორმონების აგონისტები და ანტაგონისტები. ჰორმონალურ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისათვის. ჰორმონალურ საშუალებებს იყენებენ აგრეთვე თირკმელების კიბოს, კარცინოიდის, კუჭქვეშა ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის, მელანომის და სხვათა სამკურნალოდ. ჰორმონებისა და ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების ურთიერთქმედება პირველად გამოვლინდა 1896 წელს, როცა გლაზგოელმა ქირურგმა J.Beatson-მა გამოაქვეყნა მონაცემები სამი ქალის წარმატებული მკურნალობის შესახებ. მათ ჰქონდათ სარძევე ჯირკვლის პროგრესირებადი კიბო და ჩაუტარდათ ორმხრივი ოვარიექტომია. მოქმედების მექანიზმით ჰორმონალური პრეპარატები განსხვავდებიან ციტოტოქსიკური სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებისაგან. მათი ძირითადი როლია უჯრედების დარღვეული ჰუმორალური რეგულაციის აღდგენა. ამასთან ერთად არ გამოირიცხება აგრეთვე, სიმსივნურ უჯრედებზე სპეციფიკური გავლენა. ისინი გარკვეულად ამუხრუჭებენ უჯრედების დაყოფას და ხელს უწყობენ მათ დიფერენცირებას. ესტროგენებს ნიშნავენ ორგანიზმში ანდროგენების მოქმედების დასათრგუნად (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს), ანდროგენები, პირიქით, – ესტროგენების აქტივობის შესამცირებლად (სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს და სხვა) გამოიყენება. სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს კიბოს დროს იყენებენ აგრეთვე პროგესტინებს (მედროქსიპროგესტერონი).
სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებს და ჰორმონების ანტაგონისტებს მიეკუთვნებიან:
1. ანდროგენური საშუალებები – ტესტოსტერონი, მეთილტესტოსტერონი, დროსტანოლონი (მედროსტერონის პროპიონატი), პროლოტესტონი;
2. ესტროგენული საშუალებები – ფოსფესტროლი, დიეთილსტილბესტროლი, პოლიესტრადიოლის ფოსფატი, ესტრამუსტინი, ეთინილესტრადიოლი, ქლოროტრიანიზენი, პოლიესტრადიოლის ფოსფატი, ჰექსესტროლი;.
3. გესტაგენური საშუალებები (პროგესტინები) – გესტონორონის კაპროატი, მედროქსიპროგესტერონი, მეგესტროლი და სხვა;
4. ესტროგენების ანტაგონისტები (ანტიესტროგენები) – ტამოქსიფენი, ტორემიფენი;
5. ანდროგენების ანტაგონისტები (ანტიანდროგენები) – ბიკალუტამიდი, ფლუტამიდი, ციპროტერონი და სხვა;
6. ჰიპოთალამური ფაქტორები (რილიზინგ-ფაქტორები), რომლებიც ათავისუფლებენ ჰიპოფიზის ჰორმონებს: ბუსერელინი, გოზერელინი, ლეიპრორელინი, ტრიპტორელინი და სხვა;
7. არომატაზას ინჰიბიტორები (ამინოგლუტეტიმიდი, ანასტროზოლი, ექსემესტანი, ლეტროზოლი);
8. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზის ინჰიბიტორები (ამინოგლუტეტიმიდი, მიტოტანი);
9. გლუკოკორტიკოიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და სხვა);
10. სომატოსტატინის ანალოგები (ოქტრეოტიდი, ლანრეოტიდი);
ანდროგენები ზოგჯერ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს დროს. მათ უნიშნავენ შენარჩუნებული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებს და იმ შემთხვევაში, როცა მენოპაუზის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წელს. ანდროგენების არასასურველი ეფექტებია, განსაკუთრებით დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში, ვირილიზაცია ქალებში (ხმის გაუხეშება, სახეზე ჭარბი თმიანობა), ორგანიზმში წყლისა და მარილების შეკავება და სხვა. სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ ანდროგენების (კერძოდ ტესტოსტერონის) გამოყენება დაიწყო XX ს-ის 40-იან წლებში. 1951 წლიდან დაწყებული სარძევე ჯირკვლების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პროგესტინები. გესტაგენური პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ენდომეტრიუმისა და თირკმელების კიბოს სამკურნალოდ, მაგრამ თითქმის არ იყენებენ პროსტატის სამკურნალოდ. ძირითად ესტროგენების დანიშვნის ძირითად ჩვენებას წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის კიბო. ამჟამად ძალიან იშვიათად ნიშნავენ მათ სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს.
ჰორმონალური პრეპარატების მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი შეკავშირება სპეციფიკურ რეცეპტორებთან, რომლებიც აღმოჩენილია ქსოვილებსა და ზოგიერთ სიმსივნეში. ანტიესტროგენები კონკურენტულად უკავშირდებიან ესტროგენულ რეცეპტორებს ორგანო-სამიზნეებში და ეწინააღმდეგებიან ესტროგენრეცეპტორული კომპლექსის წარმოქმნას ენდოგენურ ლიგანდთან – 17-ბეტა-ესტრადიოლთან. შედეგად ისინი ამუხრუჭებენ სიმსივნის ესტროგენებით სტიმულირებულ ზრდას. რაც მეტი ესტროგენული რეცეპტორია სიმსივნეში, მით უფრო კარგია ანტიესტროგენებით მკურნალობის შედეგი. ეფექტური ანტიესტროგენია ტამოქსიფენი – სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო ეტალონური ენდოკრინული პრეპარატი (განსაკუთრებით მენოპაუზაში მყოფ ქალებში). ამჟამად ტამოქსიფენი წარმოადგენს ფართოდ გამოყენებად პრეპარატს როგორც ადიუვანტური თერაპიის ჩასატარებლად, ასევე დისემინირების პროცესში მყოფი ავადმყოფების სამკურნალოდ. ნაჩვენებია, რომ ტამოქსიფენი ეფექტურია დაავადების ყველა სტადიაზე, თერაპიული დოზებით მიღებისას კარგად აიტანება. გარდა ძირითადი ჩვენებისა (სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში), ტამოქსიფენს იყენებენ კაცებში მკერდის ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ენდომეტრიუმის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, ჰიპოფიზის სიმსივნეების სამკურნალოდ და სხვა.
ანტიანდროგენებს მიეკუთვნება სტეროიდული და არასტეროიდული სტრუქტურების მქონე ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ენდოგენური ანდროგენების ფიზიოლოგიური აქტივობის დათრგუნვის უნარი. მათი მოქმედება დაკავშირებულია ქსოვილ-სამიზნეებში ანდროგენების რეცეპტორების ბლოკირებასთან, ანდროგენების სინთეზს და სეკრეციას ისინი არ არღვევენ. ანტიანდროგენული მოქმედება ამა თუ იმ ხარისხით დამახასიათებელია სხვადასხვა ენდოგენური სტეროიდული ნაერთისათვის, მათ შორის პროგესტინებისათვის, ესტროგენებისათვის და მათი სინთეზური წარმოებულებისათვის, აგრეთვე თვით ანდროგენების ზოგიერთი წარმოებულისათვის. სტეროიდული ანტიანდროგენებიდან ყველაზე ცნობილია ციპროტერონი. XX ს-ის 70-იან წლებში გამოჩნდა ცნობები არასტეროიდული ნაერთების – კარბოქსიანილიდის (ფლუტამიდი და სხვა) მაღალი ანტიანდროგენული აქტივობის შესახებ. ანტიანდროგენებს იყენებენ ძირითადად წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს. მათი გამოყენების სფეროა ასევე  ქალებში ჰიპერანდროგენულ მდგომარეობები (ჰირსუტიზმი, გამელოტება და სხვა),ადრეული სქესობრივი მომწიფება ბავშვებში.
ანდროგენებს შორის გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც მხოლოდ აბლოკირებენ ანდროგენურ რეცეპტორებს (ე.წ. სუფთა ანდროგენები) – ბიკალუტამიდი, ფლუტამიდი, და ნივთიერებებს, რომლებსაც  რეცეპტორების ბლოკირების უნარის გარდა, ახასიათებთ გონადოტროპული აქტივობა (ე.წ. ორმაგი ქმედების ანდროგენები) – ციპროტერონი. ფლუტამიდი და ბიკალუტამიდი. ისინი აბლოკირებენ ანდროგენების შეკავშირებას უჯრედულ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც ხელს უშლიან ანდროგენების ბიოლოგიური ეფექტების გამოვლენას ანდროგენმგრძნობიარე ორგანოებში, მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში, და ამით წინააღმდეგობას უწევენ სიმსივნის ზრდას. ფლუტამიდის მიღების შემდეგ შეინიშნება ტესტოსტერონისა და ესტრადიოლის პლაზმური დონეების ზრდა. ციპროტერონს აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ანდროგენური ქმედება, ვინაიდან რეცეპტორების დონეზე დიჰიდროტესტოსტერონის მოქმედების ბლოკირების გარდა, იგი თრგუნავს გონადოტროპინების, და შესაბამისად, ანდროგენების სინთეზის გამოთავისუფლებას. ტესტოსტერონთან ერთად სისხლში მცირდება მალუტეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობა. ანტიანდროგენური აქტივობის განსაკუთრებული მოქმედებით ხასიათდებიან ნაერთები, რომლებიც ახდენენ წინამდებარე ჯირკვლის შიდაუჯრედული ფერმენტის 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირებას. ეს ფერმენტი ხელს უწყობს ტესტოსტერონის გარდაქმნას უფრო აქტიურ ანდროგენში – დიჰიდროტესტოსტერონში. 5-ალფა-რედუქტაზას ერთ-ერთ ინჰიბიტორს წარმოადგენს ფინასტერიდი, რომელიც გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.
ჰიპოთალამური რილიზინგ-ფაქტორები – ენდოგენური პეპტიდური ნაერთებია, რომლებიც იწვევენ ჰიპოფიზის მიერ ჰონადოტროპული  (მათ შორის მალუტეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი) ჰორმონების გამოთავისუფლების ინდუცირებას. სამედიცინო მიზნებისათვის იყენებენ ბუნებრივ (ცხვრების, ღორების ჰიპოთალამუსიდან მიღებულ) რილიზინგ-ფაქტორებს, მაგრამ უფრო ხშირად იყენებენ მათ სინთეზურ ანალოგებს. ამ ანალოგებს აქვთ უფრო ძლიერი მოქმედება, ვიდრე ბუნებრივი ჰონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს. კლინიკური გამოყენებისათვის ჰონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგები შემოთავაზებული იყო XX ს-ის 80-იან წლებში. ხანგრძლივი სისტემატური მიღებისას (ანუ როგორც დეპო-ფორმები) ეს სამკურნალო საშუალებები იწვევენ ჯერ სტიმულირების ეფექტს (იწვევს მამაკაცების სისხლში ტესტოსტერონის, ხოლო ქალების სისხლში ესტროგენების შემცველობის რამდენადმე გაზრდას), შემდეგ (მიღების დაწყებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ) თრგუნავენ მალუტეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გამოთავისუფლებას, აქვეითებენ ანდროგენების ტესტიკულარულ სინთეზს და, შესაბამისად, სისხლში სქესობრივი ჰორმონების შემცველობას, მათ სრულ აგაქრობამდე. ეფექტი შექცევადია და პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლში ტესტოსტერონისა და ესტროგენების შემცველობა აღდგება. ჰონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგებს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის დროს. გარდა ამისა, ჰონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგები გამოიყენება უშვილობის მკურნალობისათვის (ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამებში).
ონკოლოგიურ პრაქტიკაში XX ს-ის 70-80-იან წლებში დაიწყო არომატაზას ინჰიბიტორების გამოყენება. არომატაზა წარმოადგენს ციტოქრომ P450-დამოკიდებულ ფერმენტს, რომელიც ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში სინთეზირებული ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნას. არომატაზა არსებობს სხვადასხვა ქსოვილებში და ორგანოებში, საკვერცხეების, ცხიმოვანი ქსოვილის, ჩონჩხის კუნთების, ღვიძლის ჩათვლით და, აგრეთვე, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ქსოვილში. მენოპაუზის წინა პერიოდში მყოფი ქალების ორგანიზმში ცირკულირებული ესტროგენების ძირითად წყაროს წარმოადგენენ საკვერცხეები, მაშინ, როცა პოსტმენოპაუზაში ესტროგენები წარმოიქმნებიან უმთავრესად საკვერცხეების მიღმა. არომატაზას ინჰიბირება იწვევს ესტროგენების წარმოქმნის დაქვეითებას ქალებში, როგორც პრემენოპაუზაში, ასევე პოსტმენოპაუზაშიც. მაგრამ პრემენოპაუზაში ესტროგენების ბიოსინთეზის დაქვეითება კომპენსირდება უკუკავშირის პრინციპით ჰონადოტროპინების სინთეზის გაძლიერებით – საკვერცხეებში ესტროგენების სინთეზის დაქვეითება იწვევს ჰიპოფიზით ჰონადოტროპინების გამომუშავების სტიმულირებას, რომლებიც თავის მხრივ, აძლიერებენ ანდროსტენდიონის სინთეზს და ესტროგენების დონე კვლავ მაღლდება. ამასთან დაკავშირებით, არომატაზას ინჰიბიტორების გამოყენება არაეფექტურია პრემენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების შემთხვევაში. პოსტმენოპაუზაში, როცა საკვერცხეები არ ფუნქციონირებენ, კავშირი –  ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლები გაწყვეტილია და არომატაზას ინჰიბირება იწვევს პერიფერიულ ქსოვილებში და აგრეთვე სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ქსოვილში ესტროგენების სინთეზის მნიშვნელოვან დათრგუნვას. არომატაზას ინჰიბიტორების I თაობის პირველი და ფაქტიურად ერთადერთი წარმომადგენელია ამინოგლუტეტიმიდი – არომატაზას არასელექტიური ინჰიბიტორი. ვინაიდან ამინოგლუტეტიმიდი აინჰიბირებს სტეროიდოგენეზში მონაწილე მთელი რიგი ფერმენტების ინჰიბირებას (თრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლებით გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) სეკრეციას და ამიტომ გამოიყენება იცენკო-კუშინგის დაავადების და სხვათა დროს), მისი მიღებისას აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე თვალყურის დევნება (შეიძლება განვითარდეს მისი ჰიპოფუნქცია).
უფრო მაღალი სელექტიურობის, უკეთესი ამტანობის და დოზირების უფრო მოხერხებული რეჟიმის მქონე ახალი საშუალებების ძიებამ გამოიწვია არომატაზას ინჰიბიტორების II და III თაობების გამოჩენა. დღეისათვის შექმნილია ამ ჯგუფის ახალი არასტეროიდული (ლეტროზოლი, ანასტროზოლი და სხვა) და სტეროიდული (ეკზემესტანი) ნაერთები.
არომატაზების ინჰიბიტორების გამოყენების ძირითად ჩვენებას წარმოადგენს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო, მათ შორის, ანტიესტროგენებით თერაპიისადმი რეზისტენტობის დროს. ონკოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებულ თირკმელზედა ჰორმონების ბიოსინთეზის ინჰიბიტორების ჯგუფს მიაკუთვნება მიტოტანი და ამინოგლუტეტიმიდი. ისინი თრგუნავენ გლუკოკორტიკოიდების სეკრეციას და შეუძლიათ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ნორმალური და სიმსივნური ქსოვილის დესტრუქციის გამოწვევა. გლუკოკორტიკოიდები – პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ლიმფოლიზური მოქმედებისა და ლიმფოციტების მიტოზის დათრგუნვის უნარის გამო, გამოიყენება მწვავე ლეიკოზების (ძირითადად ბავშვებში) და ავთვისებიანი ლიმფომების შემთხვევაში. სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების სახით გამოიყენება აგრეთვე, სომატოსტატინის ზოგიერთი ანალოგი. მაგალითად, ოკრეოტიდი და ლანრეოტიდი გამოიყენება გასტროენტეროპანკრეასული სისტემის ენდოკრინული სიმსივნის სიმპტომატური თერაპიისათვის.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka