მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდი, მკერდის ძვალი  Sternum  Sternum, breast bone

მკერდის ძვალი (მკერდი) – Sternum,  წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის კენტ, ბრტყელ ძვალს, წინა გამოზნექილი და უკანა ჩაზნექილი ზედაპირით.

ნკერდის ძვალი

მკერდი სამი ნაწილისაგან შედგება: მკერდის ტარი – manubrium sterni, მკერდის სხეული – corpus sterni და მახვილისებრი მორჩი – processus xiphoideus. სამივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით, რომელიც ასაკთან ერთად ძვალდება. მკერდის ტარის ზემო კიდეზე აღინიშნება საუღლე ნაჭდევი – incisura jugularis; მის ლატერალურად, ორივე მხარეზე კიდევ ორი ნაჭდევია, ე. წ. ლავიწის ნაჭდევი – incisurae claviculares, – ლავიწის სამკერდე ბოლოსთან მკერდის ძვლის შენაწევრების ადგილი. მკერდის ტარის გვერდებზე არსებობს კიდევ სანეკნე ნაჭდევები – incisura costalis. ზედა სანეკნე ნაჭდევს უკავშირდება პირველი ნეკნის ხრტილი, ქვედა სანეკნე ნაჭდევს კი – მეორე ნეკნის ხრტილის ზედა ნახევარი; ამ ნაჭდევის ქვედა ნაწილი მდებარეობს მკერდის ძვლის სხეულზე.

მკერდის ძვალი

მკერდის სხეული – corpus sterni, სიგრძით თითქმის 3-ჯერ მეტია ტარზე. ქალებს მკერდის ძვლის სხეული უფრო მოკლე აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მკერდის სხეულის წინა ზედაპირზე აღინიშნება ხორკლიანი განივი ხაზები, რომლებიც წარმოადგენენ მისი ძვლოვანი სეგმენტების შეერთების ადგილს. მკერდის ძვლის სხეულის ზედა ნაწილი ტარის ქვედა კიდეს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით, ე. წ. მკერდის ტარის სინქონდროზით – synchondrosis manubrioslernalis;   სხეულისა და ტარის შეერთებით იქმნება მკერდის კუთხე – angulus sterni, რომელიც ხელით ადვილად ისინჯება კანქვეშ და შეესაბამება მკერდთან მეორე ნეკნის შეერთების ადგილს. მკერდის სხეულს გვერდებზე აქვს ოთხი სრული და ორი არასრული  სანეკნე ნაჭდევი – incisurae costales, ნეკნების ხრტილებთან შესაერთებლად. ზედა არასრული ნაჭდევით იგი უკავშირდება პირველ ნეკნს, ქვედა არასრული ნაჭდევით – მეშვიდე ნეკნს.

მათ შორის მდებარე სრული ნაჭდევებით კი – III-VI ნეკნებს. მახვილისებრი მორჩი processus xiphoideus, მკერდის ძვლის ყველაზე მოკლე ნაწილია. მორჩი ბრტყელი, ნიჩბისებრი ფორმისაა და ახალგაზრდა ასაკში ხრტილისაგან შედგება. ზედა ნაწილში მორჩს აქვს არასრული ნაჭდევი, რითაც იგი ენაწევრება მეშვიდე ნეკნს. ასაკთან ერთად მორჩი ძვალდება და ერწყმის მკერდის სხეულს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.

Comments are closed.

nostalgia

vaka