გულმკერდი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდი  Thorax  Thoracic cage

გულმკერდი – thorax ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. მას აქვს გულმკერდიწაკვეთილი კონუსის ფორმა, რომელიც ფართო  ფუძით მიმართულია ქვემოთ, წაკვეთილი  მწვერვალით – ზემოთ. გულმკერდში განასხვავებენ  წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო  ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და  ხრტილოვანი ნეკნები. უკანა კედელი წინასთან  შედარებით უფრო გრძელია და წარმოქმნილია  გულმკერდის მალებითა და ნეკნების უკანა  ბოლოებით;  გულმკერდის უკანა კედლის გარეთა  ზედაპირზე, მალების წვეტიან მორჩებსა და ნეკნთა  კუთხეებს შორის იქმნება ორი ღარი – ზურგის  ღარები; ისინი ამოვსებულია ზურგის ღრმა  კუნთებით. გულმკერდის შიგნითა ზედაპირზე  არსებობს ასევე ორი ღარი – ფილტვების ღარები – sulci pulmonales, რომლებზედაც თავსდება ფილტვები. გულმკერდის გვერდითი კედლები შედარებით გრძელია და წარმოქმნილია ნეკნების სხეულებით. ნეკნებს შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა სივრცეები – spatia intercostalia, რომლებიც ამოვსებულია თანამოსახელე კუნთებით. გულმკერდის ღრუ – cavum thoracis, შემოსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული კედლებით და გააჩნია ორი ხვრელი – ზემო და ქვემო ხვრელები. გულმკერდის ზემო ხვრელი (შესავალი) – apertura thoracis superior, ქვედასთან შედარებით პატარაა, შემოსაზღვრულია წინიდან მკერდის ძვლის ტარის ზემო კიდით, გვერდებიდან – პირველი ნეკნებით და უკნიდან – გულმკერდის პირველი მალის სხეულით.

გულმკერდი

ხვრელს აქვს ოვალური ფორმა და დახრილია უკნიდან წინისაკენ და ქვემოთ; მკერდის ძვლის ტარის ზემო კიდე მდებარეობს გულმკერდის მეორე და მესამე მალებს შორის შუალედის დონეზე. გულმკერდის ქვემო ხვრელი (შესავალი) –  apertura thoracis inferior, შემოსაზღვრულია წინიდან მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩით, ნეკნთა რკალით – arcus costalis, ცრუ ნეკნების ხრტილოვანი ბოლოებით, გვერდებიდან – XI და XII ნეკნების თავისუფალი ბოლოებითა და XII ნეკნების ქვემო კიდეებით, უკნიდან – გულმკერდის XII მალის სხეულით. ნეკნთა რკალი – arcus costalis, მახვილისებრ მორჩთან წარმოქმნის მკერდქვედა კუთხეს angulus infrasternalis. გულმკერდის მოყვანილობა და მისი ზომები სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია. გულმკერდი მამაკაცებში გრძელი, ფართო და შედარებით უფრო კონუსისებურია, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, გულმკერდის ფორმა იცვლება ასაკთან ერთად.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.