ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის მალები Vertebrae thoracicae Thoracic vertebrae
გულმკერდის მალები (12 მალა) – vertebrae thoracicae გაცილებით დიდია კისრის მალებთან შედარებით; მათი სხეულების ზომები თანდათანობით მატულობს დაწყებული 1-დან მე-12 მალამდე.

გულმკერდის I – IX მალის სხეულის ზედა და ქვედა კიდესთან შეიმჩნევა ზემო სანეკნე ღრმული – fovea costalis superior, და ქვემო სანეკნე ღრმული – fovea costalis inferior. ერთი მალის ქვემო ღრმული მის ქვემოთ მდებარე მალის ზემო სანეკნე ღრმულთან ქმნის მთლიან სასახსრე ზედაპირს, რომელსაც ენაწევრება ნეკნის თავი. გამონაკლისია მხოლოდ გულმკერდის პირველი მალის სხეული; მას აქვს მთლიანი სანეკნე ღრმული, რომელსაც ენაწევრება I ნეკნის თავი, და ნახევარღრმული, რომელსაც ენაწევრება II ნეკნის თავი; X მალაზე ერთი ნახევარღრმულია, ხოლო XI და XII მალებს მხოლოდ ერთი მთლიანი სანეკნე ღრმული – fovea costalis აქვთ.

გულმკერდის მალების რკალები ქმნიან მრგვალი ფორმის, მაგრამ კისრის მალებთან შედარებით უფრო მცირე ზომის ხვრელს. განივი მორჩი მიმართულია გარეთ და უკან; განივ მორჩებზე არსებობს განივი მორჩების სანეკნე ღრმულები – fovea costalis transversalis, რომლებსაც ნეკნების ბორცვები ენაწევრება. წვეტიანი მორჩები გრძელი, სამწახნაგიანი, წვეტიანი და ქვევით მიმართულია. გულმკერდის ქვედა მალები თავიანთი ფორმით უახლოვდებიან წელის მალებს.

Viewed 2438 times by 1358 viewers


