ლავიწი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ჩონჩხი. ლავიწი Clavicula;  Collar bone, clavicle

ლავიწი – clavicula, წყვილი ლულოვანი, S-ისებრი ფორმის ძვალია; აქვს სხეული და ორი ბოლო – სამკერდე ბოლო – Extremitas sternalis და აკრომიული (სამხრე) ბოლო – Extremitas acromialis.

ლავიწის ძვალი

ლავიწის სამკერდე ბოლო მომრგვალებული, გასქელებულია და აქვს სამკერდე სასახსრე ზედაპირი – facies articularis sternalis, რითაც იგი ენაწევრება მკერდის ტარს. აკრომიული სასახსრე ზედაპირით – facies articularis acromialis კი ლავიწი ენაწევრება ბეჭის აკრომიონს.  ლავიწის ზედა ზედაპირი სადაა; ქვედა ზედაპირზე მდებარეობს მკვებავი ხვრელი. ამავე ზედაპირზე, სამკერდე ბოლოსთან აღინიშნება ნეკნ-ლავიწის იოგის ჩანაჭდევი – impressio lig. costoclavicularis, ხოლო სამხრე ბოლოსთან – კონუსისებრი ბორცვი – tuberculum соnoideum და ტრაპეციული ხაზი – linea trapezoidea (ნისკარტ-ლავიწის იოგის კონუსური და ტრაპეციული ნაწილების მიმაგრების ადგილი).

ლავიწი

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.