მხრის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ჩონჩხი. მხრის ძვალი Humerus Humerus, humeral bone

მხრის ძვალი – humerus გრძელი ლულისებრი ძვალია; მასში არჩევენ სხეულსა (ეპიფიზი) და ორ ბოლოს – ზემო (პროქსიმალური ეპიფიზი) და ქვემო (დისტალური ეპიფიზი) ბოლოებს.

მხრის ძვალი

მხრის ძვლის სხეული – corpus humeri ზემო ნაწილში მომრგვალებულია, ქვემოთ გაგანიერებულია და სამწახნაგა ფორმა აქვს. სხეულის ქვემო ნაწილში არჩევენ უკანა ზედაპირს – facies posterior, რომელიც პერიფერიაზე მოსაზღვრულია ლატერალური და მედიალური კიდეებით – margo lateralis et margo medialis, და წინა ზედაპირს, რომელიც მცირედ გამოხატული კიდით იყოფა ორ ზედაპირად: წინა მედიალურ ზედაპირად – facies medialis anterior და წინა ლატერალურ ზედაპირად – facies lateralis anterior.
მხრის ძვლის სხეულის წინა მედიალურ ზედაპირზე მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutricium, რომელიც გადის მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius. ამ ხვრელის ზემოთ, სხეულის წინა ლატერალურ ზედაპირზე მდებარეობს დელტისებრი ხორკლი – tuberosilas deltoidea, რომელიც წარმოადგენს დელტისებრი კუნთის – m. deltoideus მიმაგრების ადგილს. მხრის ძვლის სხეულის უკანა ზედაპირზე, დელტისებრი ხორკლის უკან, ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთა მხარეზე, სპირალისებურად მიემართება სხივის ნერვის ღარი – sulcus nervi radialis.
მხრის ძვლის ზემო ბოლოზე, ანუ პროქსიმალური ეპიფიზზე – extremitas superior s. epiphysis proximalis, ნახევარსფერული ფორმის მხრის ძვლის თავია – caput humeri, რომლითაც იგი ბეჭის სასახსრე ფოსოს ენაწევრება. მხრის ძვლის თავის პერიფერია ძვლის დანარჩენი ნაწილისაგან შემოფარგლულია რგოლისებური შევიწროებით, ე. წ. ანატომიური ყელით – collum anatomicum.  ანატომიური ყელის ქვემოთ, ძვლის წინა გარეთა ზედაპირზე მდებარეობს ორი ბორცვი – გარეთა – დიდი ბორცვი – tuberculum majus და შიგნითა – მცირე ბორცვი – tuberculum minus. თითოეული ბორცვის ქვემო პერიფერია გადადის თანამოსახელე ქედში – დიდი ბორცვის ქედში – crista tuberculi majoris და მცირე ბორცვის ქედში – crista tuberculiminoris. ორივე ქედი მიემართება ქვემოთ, აღწევენ სხეულის ზემო ნაწილს და ბორცვებთან ერთად შემოსაზღვრავენ კარგად გამოხატულ ბორცვთაშუა ღარს – sulcus intertubercularis, რომელშიც მოთავსებულია მხრის ორთავა კუნთის გრძელი თავის მყესი – tendo capitis longi m. bicipitis brachii. ბორცვების ქვემოთ, სხეულისა და ზემო ბოლოს საზღვარზე, მდებარეობს მცირე ზომის შევიწროება, ე. წ. ქირურგიული ყელი – collum chirurgicum, რომელიც შეესაბამება ეპიფიზური ხრტილის ზონას.

მხრის ძვალი

მხრის ძვლის ქვემო ბოლო, ანუ დისტალური ეპიფიზი – extremitas inferior, s. epiphysis distalis გაგანიერებულია და მას მხრის ძვლის როკი – condylus humeri ეწოდება; როკს დართული აქვს ორი სასახსრე ზედაპირი: გარეთა მხრის ძვლის მცირე თავი – capitalum humeri, რომელსაც ენაწევრება სხივის ძვლის თავი, და შიგნითა ე. წ. მხრის ძვლის ჭაღი – trochlea humeri, რომელიც ენაწევრება იდაყვის ძვლის ჭაღისებრ ნაჭდევს – Incisura throchlearis. მხრის ძვლის ქვემო ბოლოს წინა ზედაპირზე, ჭაღს ზემოთ მოთავსებულია გვირგვინოვანი ფოსო – fossa coronoidea იდაყვის ძვლის გვირგვინოვანი მორჩისათვის, მხრის ძვლის მცირე თავის ზემოთ – სხივის ფოსოა – fossa radialis – სხივის ძვლის თავისათვის, უკანა ზედაპირზე – იდაყვის ფოსო – fossa olecrani იდაყვის მორჩისათვის. მხრის ძვლის ქვემო ბოლოს პერიფერიული ნაწილი მთავრდება ლატერალური და მედიალური ზედაროკებით – epicondylus lateralis et epicondylus medialis. მედიალური ზედაროკი უკეთაა განვითარებული, ვიდრე ლატერალური; მის უკანა ზედაპირზე მდებარეობს იდაყვის ნერვის ღარი – sulcus nervi ulnaris. იდაყვის ნერვის ღარი და ზედაროკები კარგად ისინჯება კანქვეშ.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.