ინის, ანუ ენისქვეშა ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ინის, ანუ ენისქვეშა ძვალი (Os hyoideum; Hyoid bone)

ენისქვეშა (ინის) ძვალი – os hyoideum, კენტია, მოთავსებულია ქვედა ყბის ქვემო კიდის დონეზე, ენის სხეულის ქვეშ, აქვს ნალის ფორმა და გამხდარ ადამიანებში ისინჯება კანიდან.

ინის ძვალი

სხვა ძვლებს იგი უკავშირდება იოგებით. ინის ძვალი შედგება სხეულისა – corpus,  და ორი წყვილი, დიდი და მცირე რქისაგან – cornua majora et cornua minora. სხეულს აქვს ფირფიტის ფორმა  წინა ხორკლიანი, გამოდრეკილი და უკანა შედრეკილი სადა ზედაპირით. მასზე აღინიშნება განივი და ვერტიკალური ქედები. ფირფიტის ქვემო კიდე სქელია. სხეულის გვერდითი კიდეები უერთდება დიდ რქებს სასახსრე ზედაპირებით ან ბოჭკოვანი ან ჰიალინური ხრტილით. დიდი რქები – cornua majora მიიმართება ჰორიზონტალურად უკან და მთავრდება შემსხვილებით. მცირე რქები – cornua minora ნაკლებად განვითარებულია, ხშირად ხრტილოვანია. ისინი უკავშირდებიან სხეულს სახსრით ან შემაერთებელი ქსოვილით. მათ ბოლოებზე არის სადგის-ინის იოგი – lig. stylohyoide, რითაც ძვალი უკავშირდება საფეთქლის ძვლის სადგისისებრ მორჩს.

ინის ძვალი

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.