ცრემლის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცრემლის ძვალი

ცრემლის ძვალი – os lacrimale (Lacrimal bone) წყვილი ძვალია; მდებარეობს თვალბუდის მედიალური კედლის წინა ნაწილში და აქვს მოგრძო ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა.

ცრემლის ძვალი

მისი ზედა კიდე უერთდება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილს შუბლ-ცრემლის ნაკერით – sutura frontolacrimalis, უკანა კიდე – ცხავის ძვლის თვალბუდის ფირფიტის წინა კიდეს, ქვედა კიდე – უკნიდან ზედა ყბის თვალბუდის ზედაპირს ცრემლ-ზედაყბის ნაკერით – sutura lacrimomaxillaris, წინიდან – ქვემო ნიჟარის საცრემლე მორჩს ცრემლ-ნიჟარის ნაკერით – sutura lacrimoconchalis.  წინიდან ძვალი უერთდება ზედა ყბის შუბლისეულ მორჩს – processus frontalis maxillae ცრემლ-ზედაყბის ნაკერით – sutura lacrimomaxillaris. ძვალი ფარავს ცხავის ძვლის წინა უჯრედებს და ლატერალურ ზედაპირზე აქვს უკანა საცრემლე ქედი – crista lacrimalis posterior, რომელიც მას ყოფს უკანა, დიდ და წინა, პატარა ნაწილებად. ქედი მთავრდება გამონაშვერით – საცრემლე კავით – hamulus lacrimalis. აღნიშნული ქედის წინ მოთავსებულია ცრემლის ღარი – sulcus lacrimalis., რომელიც შუბლის ძვლის თანამოსახელე ღართან ერთად ქმნის საცრემლე პარკის ფოსოს – fossa sacci lacrimalis. ეს უკანასკნელი ქვევით გადადის ცხვირ-ცრემლის არხში – canalis nasolacrimalis, რომელიც იხსნება ცხვირის ქვემო გასავალში – meatus nasi inferior.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.