ბეჭის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ჩონჩხი. ბეჭის ძვალი Scapula Scapula, blade bone

ბეჭი – scapula, ბრტყელი ძვალია, რომელიც მდებარეობს ზურგის კუნთებს შორის II – VIII ნეკნების დონეზე. ბეჭის ძვალს აქვს სამკუთხედის ფორმა და შესაბამისად მასზე განარჩევენ სამ კიდეს: ზემოს, მედიალურსა და ლატერალურს.

ბეჭი

ბეჭის ზემო კიდეს – margo superior scapulae აქვს ბეჭის ნაჭდევი – incisura scapulae; მასზე გადაჭიმულია ბეჭის ზემო განივი იოგი – lig. transversum scapulae superius; ნაჭდევთან ერთად იგი  წარმოქმნის ხვრელს, რომელშიც გაივლის ბეჭზედა ნერვი – nervus suprascapularis. ბეჭის ზემო კიდის გარეთა ნაწილი გადადის ნისკარტისებრ მორჩში – processus coracoideus. ეს მორჩი ჯერ მიემართება წინ, შემდეგ კი მკვეთრად უხვევს გარეთ და თავდება მომრგვალებული ბოლოთი.

ბეჭი

ბეჭის მედიალური კიდე – margo medialis scapulae, შედარებით გრძელი და თხელია. იგი მიმართულია ხერხემლის სვეტისაკენ და კარგად ისინჯება კანიდან. ბეჭის ლატერალური კიდე – margo lateralis scapulae, სქელია, მიმართულია იღლიისაკენ. ზემო კუთხე – angylus superior, მომრგვალებულია, მიმართულია ზემოთ და მედიალურად. ქვემო კუთხე –  ხორკლიანი, გასქელებული და ქვევითაა მიმართული. ლატერალური კუთხის – angulus lateralis გარეთა ზედაპირზე მდებარეობს სასახსრე ფოსო – cavitas glenoidalis, რომელსაც ენაწევრება მხრის ძვლის თავი.

ბეჭი

ბეჭის ლატერალური კუთხე გამოყოფილია ბეჭის ყელით – collum scapulae. ყელის მიდამოში სასახსრე ფოსოს ზევით და ქვევით მხრის კუნთების მყესების მისამაგრებლად მოთავსებულია ორი ხორკლიანი მაღლობი: სასახსრე ზედა ბორცვი – tuberculum supraglenoidale,  – მხრის ორთავა კუნთის მყესისათვის, და  სასახსრე ქვედა ბორცვი – tuberculum infraglenoidale, მხრის სამთავა კუნთის მყესისათვის. ბეჭის ძვალს აქვს ორი ზედაპირი: წინა, სანეკნე ზედაპირი – facies costalis შედრეკილია და ეწოდება ბეჭქვეშა ფოსო – fossa subscapularis; უკანა, დორსალური ზედაპირი – facies dorsalis ბეჭის ქედით – , იყოფა ორ ნაწილად: ზედა პატარა ქედზედა ფოსო – fossa supraspinata და ქვედა დიდი ქედქვედა ფოსო – fossa infraspinata. ბეჭის ქედი – spina scapulae, წარმოადგენს კარგად განვითარებულ ქედს, რომლის ბოლო მიემართება გარეთ, სქელდება და ქმნის მორჩს, ე. წ. აკრომიონს – acromion. აკრომიონს აქვს სასახსრე ზედაპირი – facies articularis acromii ლავიწთან შესაერთებლად.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.