ქალას ფუძე

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალას ფუძე   Basis cranii   Skull base

ქალას გარეთა ფუძის – basis cranii externa განხილვისას განსაკუთრებით საყურადღებოა ის წარმონაქმნები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ქალას რამდენიმე ძვალი. მაგალითად, კეფის ძვლის საუღლე ფოსო საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ფოსოსთან ერთად ქმნის საუღლე ხვრელს – foramen jugulare.

ქალას ფუძე

თითოეული პირამიდის მწვერვალთან ახლოს, მასა და კეფისა და სოლისებრ ძვლებთან ერთად მდებარეობს უსწორმასწორო კიდეებიანი ფართო ხვრელი, ე. წ. დაფლეთილი ხვრელი – foramen lacerum; მისგან წინ და ქვემოთ მიემართებიან სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩები, რომლებიც სასის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტებთან და სახნისთან ერთად შემოფარგლავენ ცხვირის ღრუს უკანა ხვრელებს – ქოანებს – choana. ფრთისებრი მორჩის გარეთა მხარეზე, მის გარეთა ფირფიტასა და სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ქვემო ზედაპირს შორის, მდებარეობს საფეთქელქვედა ფოსო – fossa infralemporalis.

ქალას ფუძე

ქალას ფუძის სატვინე ზედაპირი, ანუ ქალას შიგნითა ფუძე – basis cranii interna, იმეორებს მასთან მოსაზღვრე ტვინის რელიეფს. ზედაპირს აქვს სამი ჩაღრმავება: ქალას წინა, შუა და უკანა ფოსოები. ქალას წინა ფოსო შუასაგან გამოყოფილია სოლისებრი ძვლის მცირე ფრთების უკანა კიდეებით. ქალას შუა ფოსო უკანა ფოსოსაგან გამოცალკევებულია თურქული კეხის ზურგით და საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის ზემო კიდეებით.
ქალას წინა ფოსო – fossa cranii anterior, მდებარეობს შუბლისა და ცხავისებრი ძვლების მიდამოში და ცხავისებრი ფირფიტის ხვრელებით უკავშირდება ცხვირის ღრუს.
ქალას შუა ფოსო – fossa cranii media, მდებარეობს თურქული კკეხის მიდამოში და მხედველობის არხებითა და თვალბუდის ზემო ნაპრალებით უკავშირდება თვალბუდეს.
ქალას უკანა ფოსო – fossa cranii posterior მდებარეობს კეფისა და საფეთქლის ძვლების მიდამოში და კეფის დიდი ხვრელით უკავშირდება ხერხემლის არხს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.