ამენორეა

ამენორეა – (გინეკ.) მენსტრუაციის არარსებობა. განარჩევენ ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ ამენორეას. ფიზიოლოგიური ამენორეა გვხვდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის და ბავშვის ძუძუთი კვების (ყოველთვის არა!) პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში მენოპაუზის პერიოდში. კრიპტომენორეა – ფარული (ცრუ) მენსტრუაცია. კლინიკურად გამოიხატება ცერვიკალური არხის შეხორცების, სასქესო ორგანოების განვითარების მანკების ან ერთიანი საქალწულე აპკის შედეგად განვითარებული ამენორეით. პათოლოგიური ამენორეა შესაძლოა განპირობებული იყოს ფუნქციური და ორგანული დაავადებებით. ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზ – საკვერცხეები – საშვილოსნოს სისტემაში დაზიანების დონის მიხედვით განარჩევენ ჰიპოთალამურ, ჰიპოფიზურ, საკვერცხეების და საშვილოსნოს ამენორეას. იგი აღინიშნება სასქესო ორგანოების განვითარების მანკების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებების, ინფანტილიზმის, ნერვულის სისტემის დაავადებების, ფსიქიური ტრამვების, სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის, ოპერაციის შემდეგ საშვილოსნოს ან საკვერცხეების არარსებობის, აბორტის დროს განმეორებითი გამოფხეკების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ზოგად განლევას (ტიფი, მალარია, სეფსისი, ფილტვების ტუბერკულოზი), ტყვიით, ფოსფორით, ვერცხლისწყლით და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის დროს, აგრეთვე საკვერცხეებზე მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. ამენორეის მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია, ჩვეულებრივ საჭიროა ავადმყოფის დეტალური გამოკვლევა სტაციონარის პირობებში. მკურნალობა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების განკურნებისკენ და მას უნდა ატარებდეს ექიმი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი