ბარძაყის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ბარძაყის ძვალი Femur Femoral [thigh] bone

ბარძაყის ძვალი – femur ყველაზე გრძელი და მსხვილია ადამიანის ჩონჩხის  ლულისებრ ძვლებს შორის. მასში განარჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. ბარძაყის ძვლის სხეული – corpus femoris, ცილინდრული ფორმისაა. სხეულის წინა ზედაპირი სადაა. ძვლის უკანა ზედაპირზე მდებარეობს ხორკლიანი ხაზი – tinea aspera, რომელიცბარძაყის ძვალი იყოფა ლატერალურ და მედიალურ ბაგეებად.   ლატერალური (გარეთა) ბაგე – labium laterals,  ძვლის ქვედა მესამედში იხრება და მიემართება  ლატერალური როკისაკენ, ხოლო ზედა მეასამედში  გადადის დუნდულოვან ხორკლში – tuberositas  glutea. მედიალური ბაგე – labium mediale,  ბარძაყის ქვედა მესამედში იხრება მედიალური  როკისაკენ და ლატერალურ ბაგესთან ერთად  მოსაზღვრავს სამკუთხა ფორმის მუხლქვეშა  ზედაპირს – facies poplitea. მედიალური ბაგე  ზედა ნაწილში გრძელდება ქედის ხაზში – linea  pectinea. სხეულის დაახლოებით შუა ნაწილში,  ხორკლიანი ხაზის გვერდით მდებარეობს  მასაზრდოებელი ხვრელი – foramen  nutricium, რომელიც გრძელდება  პროქსიმალურად  მიმართულ მასაზრდოებელ  არხში – canalis nutricius. ბარძაყის ძვლის ზემო, ანუ პროქსიმალურ ბოლოსა – extremitas  superior, s. epiphysis proximalis femoris და  სხეულის საზღვარზე მდებარეობს ორი ბორცვი –  დიდი და მცირე ციბრუტები.

დიდი ციბრუტი – trochanter major, მიმართულია გარეთ და ზევით; იგი იკავებს ძვლის ზედა ბოლოს ლატერალურ ნაწილს. მისი გარეთა ზედაპირი კარგად ისინჯება კანიდან, ხოლო შიგნითა ზედაპირზე მდებარეობს ციბრუტის ფოსო – fossa trochanterica. ბარძაყის ძვლის წინა ზედაპირზე დიდი ციბრუტის მწვერვალიდან ქვევით და მედიალურად მიემართება ციბრუტთაშუა ხაზი – linea intertrochanterica, რომელიც ქვედა ნაწილში გადადის ქედის ხაზში – linea pectinea. ბარძაყის ძვლის ზემო ბოლოს უკანა ზედაპირზე იმავე მიმართულებით მდებარეობს ციბრუტთაშუა ქედი – crista intertrochanterica; ქედი მთავრდება მცირე ციბრუტთან – trochanter minor, რომელიც მდებარეობს ძვლის ზემო ბოლოს უკანა მედიალურ ზედაპირზე. ძვლის ზემო ბოლოს დანარჩენი ნაწილი მიმართულია ზევით და მედიალურად და ეწოდება ბარძაყის ძვლის ყელი – collum femoris, ყელი მთავრდება სფერული ფორმის ბარძაყის თავით – caput femoris. ბარძაყის ყელი ბარძაყის ღერძთან წარმოქმნის კუთხეს, რომელიც ქალებში უახლოვდება სწორ კუთხეს, ხოლო მამაკაცებში შედარებით ბლაგვია. ბარძაყის თავზე აღინიშნება ხორკლიანი ბარძაყის თავის ფოსო – fovea capitis femoris; დანარჩენი ზედაპირი თავს სადა აქვს.

ბარძაყის ძვალი და კვირისტავი

ბარძაყის ძვლის ქვემო, დისტალური ბოლო – extremitas inferior, s. epiphysis distalis jemoris გასქელებული და გაფართოებულია განივად და მთავრდება ორი როკით – მედიალური – condylus medialis და ლატერალური – condylus lateralis როკებით. ბარძაყის მედიალური როკი დიდია ლატერალურზე. ლატერალური როკის გარეთა ზედაპირზე და მედიალური როკის შიგნითა ზედაპირზე მდებარეობენ შესაბამისად ლატერალური და მედიალური ზედაროკები- epicondylus lateralis et epicondylus medialis. როკების ზედაპირები გაყოფილია ღრმა როკთაშუა ფოსოთი – fossa intercondylaris, რომელიც ზევით მუხლქვეშა ზედაპირისაგან – facies poplitea გამოყოფილია როკთაშუა ხაზით – linea intercondylaris. თითოეული როკის ზედაპირი სადაა. წინიდან როკების ორივე ზედაპირი გადადის ერთიმეორეში და წარმოქმნიან კვირისტავისმხრივ ზედაპირს – facies patellaris, ანუ ადგილი სადაც კვირისტავი ესახსრება ბარძაყის ძვალს.

კვირისტავი – patella ბრტყელი ძვალია; აქვს ორი ზედაპირი: წინა ზედაპირი – facies anterior და უკანა სადა სასახსრე ზედაპირი – facies articularis, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად – გარეთა, შედარებით დიდ და შიგნითა მცირე ნაწილად. კვირისტავის ზემო განიერ ბოლოს ეწოდება კვირისტავის ფუძე – basis patellae, ქვემო ბოლო კი წვეტიანია და ქმნის კვირისტავის მწვერვალს – apex patallae. კვირისტავი მიეკუთვნება სესამოიდურ ძვლებს; იგი მოთავსებულია ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის სისქეში და იცავს და აფიქსირებს მუხლის სახსარს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.