მენჯი მთლიანად

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯი მთლიანად Pelvis

მენჯი – pelvis, შედგება მენჯის ორი ძვლისაგან, გავისა და კუდუსუნისაგან ასევე ბოქვენის ძვალთაშუა ხრტილისაგან, რომლებიც უკავშირდებიან რა ერთმანეთს სახსრებით, იოგებითა და ორი დამხურავი აპკით – Membrana obturatoria, ქმნიან ერთ მთლიან ძვლოვან რგოლს. მენჯს ყოფენ ორ ნაწილად: ზედა, შედარებით ფართო ნაწილად – დიდ მენჯად – pelvis major, და ქვედა, შედარებით ვიწრო – მცირე მენჯად – pelvis minor.

მენჯი

დიდი მენჯი გვერდებიდან მოსაზღვრულია თეძოს ძვლის ფრთებით, უკანა მხრიდან – წელის ქვედა მალებით და გავის ფუძით. დიდი მენჯის ქვედა საზღვარს წარმოადგენს სასაზღვრო ხაზი – linea terminalis, რომელიც გაივლის ბოქვენის ძვლის ქედზე, შემდეგ თეძოს ძვლის რკალოვანი ხაზით გადადის გავის ძვლის კონცხზე და გრძელდება იმავე გზით მოპირდაპირე მხარეზე.  მცირე მენჯი მდებარეობს სასაზღვრო ხაზის ქვევით. მისი გვერდით კედლებს ქმნიან თეძოს ძვლის სხეულის ქვედა ნაწილი და საჯდომი ძვლები, უკანა კედელს – გავის ძვალი და კუდუსუნი, წინას – ბოქვენის ძვლები. ბოქვენის ძვლების ქვედა ტოტები ერთმანეთს უერთდებიან ისე, რომ მამაკაცებში იქმნება ბოქვენქვედა კუთხე – angulus subpubicus, ქალებთან კი – ბოქვენის რკალი – arcus pubis. დიდი მენჯის მცირე მენჯში გადასვლის ადგილი, მოსაზღვრული linea terminalis, წარმოადგენს მენჯის ზემო შესავალს – apertura pelvis superior. მენჯის ქვედა შესავალი – apertura pelvis inferior, გვერდებიდან შემოსაზღვრულია საჯდომი ბორცვებით (კუკუხოებით), უკანა მხრიდან – კუდუსუნით, წინიდან ბოქვენის შეერთებით და ბოქვენის ძვლის ქვედა ტოტებით.

მენჯი

მენჯი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი და შარდსასქესო ორგანოების, მსხვილი სისხლძარღვებისა და ნერვების სათავსს. მენჯის ფორმა და ზომები ხასიათდება როგორც ინდივიდუალური, ასევე სქესობრივი განმასხვავებელი თავისებურებებით. ხაზი, რომელიც აერთებს მცირე მენჯის შესავლისა და გამოსასვლელის პირდაპირი დიამეტრების შუა ნაწილს, ეწოდება მენჯის ღერძი – axis pelvis. იგი წარმოადგენს წინიდან შედრეკილ ხაზს და მიჰყვება გავის ძვლის მენჯისმხრივ ზედაპირს პარალელურად.

ციტატა პროფ.რამაზ ხეცურიანის წიგნიდან ”ადამიანის ნორმალური ანატომია”. თბ., 2006.
“ადამიანის მენჯში საკმაოდ კარგად შეიმჩნევა სქესობრივი განმასხვავებელი ნიშნები. მამაკაცის მენჯი მაღალი და ვიწროა,მცირე მენჯს ძაბრისებრი ფორმა აქვს.ქალის მენჯი უფრო დაბალი და განიერია. ქალის თეძოს ძვლის ფრთები უფრო გადაშლილია,ხოლო მამაკაცისას თითქმის ვერტიკალური მდგომარეობა უჭირავს.მამაკაცის მცირე მენჯის შესავალი ოვალურია, ხოლო ქალის–მრგვალი,ქალის მენჯის გასავალი თითქმის იგივე ზომისაა,როგორც მცირე მენჯის შესავალი,ე.ი. ქალის მცირე მენჯის ღრუ ცილინდრულია, მამაკაცის კი–ზემოდან ქვემო მიმართულებით ვიწროვდება.ბოქვენის კუთხე,რომელიც ბოქვენის ძვალთა შეერთების ქვემოთ იქმნება ბოქვენის ტოტებს შორის,მამაკაცებში არ აღემატება 60 %, ხოლო ქალებში–90%–ს და ზოგჯერ ჭარბობს კიდეც მას,ე.ი.უფრო ბლაგვი კუთხეა. ქალის მცირე მენჯის კედლებზე არსებული ძვლოვანი წარმონაქმნები უფრო ნაზი და სუსტია, მამაკაცის მენჯთან შედარებით ქალის მენჯი უფრო დახრილია.”

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.