ლავიწ-აკრომიონის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ლავიწ-აკრომიონის სახსარი Articulatio acromioclavicularis   Acromioclavicular joint

ლავიწ – აკრომიონის სახსარი – articulatio acromioclavicularis, – იქმნება ლავიწის ძვლის აკრომიალური სასახსრე ზედაპირისა და ბეჭის ძვლის აკრომიონის სასახსრე ზედაპირისაგან. მიეკუთვნება მარტივ სახსართა ჯგუფს. სასახსრე ზედაპირები ბტყელია; ზოგჯერ სასახსრე ღრუში არის სასახსრე დისკო – discus articularis. სახსარი მრავალღერძიანია, მაგრამ მოძრაობის დიაპაზონი მეტად შეზღუდულია, რის გამოც მიეკუთვნება ბრტყელი სახსრების – articulatio plana ჯგუფს. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ფიქსირებულია სასახსრე ზედაპირების კიდეებზე და გამაგრებულია შემდეგი იოგებით:

1. ლავიწ-აკრომიონის იოგი – lig. acromioclaviculare, – გაჭიმულია ლავიწის სამხრე ბოლოსა – Extremitas acromialis და ბეჭის აკრომიონს (სამხრე მორჩს) – Acromion შორის;
2. ნისკარტ – ლავიწის იოგი – lig. coracoclaviculare, – გაჭიმულია ლავიწის სამხრე ბოლოს ქვემო ზედაპირსა და ბეჭის ძვლის ნისკარტისებრ მორჩს – Processus coracoideus შორის.

ლავიწ-აკრომიონის სახსარი

ნისკარტ – ლავიწის იოგში არჩევენ ორ ნაწილს: ა) ტრაპეციულ იოგს – lig. trapezoideum, – რომელიც ლატერალურად მდებარეობს და გაჭიმულია ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს ტრაპეციულ ხაზსა – Linea trapezoidea და ბეჭის ძვლის ნისკარტისებურ მორჩს – processus coracoideus scapulae შორის და აქვს ოთხკუთხა ფორმა; ბ) კონუსისებრი იოგი – lig. conoideum, – მდებარეობს მედიალურად; გაჭიმულია ლავიწის სამხრე ბოლოს კონუსისებრ ბორცვსა – Tuberculum conoideum და ბეჭის ძვლის ნისკარტისებრ მორჩს – processus coracoideus scapulae შორის; აქვს სამკუთხა ფორმა.
ორივე იოგი ნისკარტისებრ მორჩთან ხვდებიან ერთმანეთს კუთხით და შემოსაზღვრავენ ჩაღრმავებას რომელიც ზემოდან იქმნება ლავიწით და ამოვსებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.