სხივ – მაჯის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სხივ – მაჯის სახსარი Articulatio radiocarpea Radiocarpal articulation

წინამხრისა და მაჯის ძვლები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან რთულ სხივ – მაჯის სახსარს – articulatio radiocarpea.
სხივ – მაჯის სახსარი – articulatio radiocarpea, იქმნება სხივის ძვლის მაჯისეული სასახსრე ზედაპირისა – Facies articularis carpea და სასახსრე დისკოს დისტალური ზედაპირისაგან, რომელიც მცირედ ჩაზნექილი სასახსრე ზედაპირით ენაწევრება მაჯის პროქსიმალური რიგის – ნავისებრი, მთვარისებრი და სამწახნაგა ძვლების ძვლების ამოზნექილ სასახსრე ზედაპირებს. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ნაზია და ფიქსირებულია სახსრის წარმოქმნაში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირების კიდეებზე.

სხივ-მაჯის სახსარი

სხივ – მაჯის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. მაჯის სხივისმხრივი გვერდითი იოგი – lig. collaterale carpi radiate, – გაჭიმულია ლატერალურ სადგისისებურ მორჩსა – Processus styloideus და ნავისებრ ძვალს – Os scaphoideum შორის. ამ იოგის კონების ერთი ნაწილი აღწევს ტრაპეციულ ძვალს – Os trapezium; იოგი ზღუდავს მტევნის მოზიდვას.
2. მაჯის იდაყვისმხრივი გვერდითი იოგი – lig. collaterale carpi ulnare, – იწყება მედიალური სადგისისებრი მორჩიდან და ფიქსირებულია სამწახნაგა ძვალზე – Os triquetrum და, ნაწილობრივ, ცერცვისებრ ძვალზე – Os pisiforme; იოგი ზღუდავს მტევნის განზიდვას.
3. სხივ – მაჯის დორსალური იოგი – lig. radiocarpeum dorsale, – მიემართება სხივის ძვლის დისტალური ბოლოს დორსალური ზედაპირიდან მაჯისაკენ, სადაც ემაგრება ნავისებრი, მთვარისებრი და სამწახნაგა ძვლების დორსალურ ზედაპირებს; იოგი ზღუდავს მტევნის მოხრას;
4. სხივ – მაჯის პალმარული იოგი – lig radiocarpeum palmare, – იწყება სხივის ძვლის ლატერალური სადგისისებრი მორჩიდან და ამავე ძვლის მაჯისეული სასახსრე ზედაპირის – Facies articularis carpea კიდიდან, მიემართება ქვემოთ და მედიალურად, ემაგრება მაჯის პირველი და მეორე რიგის ძვლებს – ნავისებრ, მთვარისებრ, სამწახნაგა და თავდიდა ძვლებს; იოგი ზღუდავს მტევნის გაშლას.

სხივ-მაჯის სახსარი

გარდა აღნიშნული იოგებისა, აღსანიშნავია ასევე მაჯის ძვალთაშუა იოგები – ligg. intercarpea interossea, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ მაჯის პირველი რიგის ძვლებს; მაჯის ძვლის ცალკეული ძვლები ენაწევრებიან ერთმანეთს და ქმნიან მაჯის ძვალთა სახსრებს – articulationes intercarpeae.
სხივ – მაჯის სახსარი მიეკუთვნება ელიფსური ფორმის ორღერძიანი სახსრებს – articulatio ellipsoidea. სახსარში სრულდება შემდეგი მოძრაობები: მოხრა, გაშლა, მოზიდვა, განზიდვა, ასევე circumductio.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.