ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. სხივ – იდაყვის დისტალური სახსარი Articulatio radioulnaris distalis Distal [inferior] radioulnar joint (cubitoradial articulation)
სხივისა და იდაყვის ძვლის დისტალური ბოლოები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან სხივ – იდაყვის დისტალურ სახსარს.
სხივ – იდაყვის დისტალურ, ანუ ქვემო სახსარში – articulatio radioulnaris distalis, იდაყვის ძვლის საბრუნებელი სასახსრე ზედაპირი – Circumferentia articularis ენაწევრება სხივის ძვლის იდაყვისეულ ნაჭდევს – Incisure ulnaris. იდაყვის თავის დისტალურად მდებარეობს სასახსრე დისკო – discus articularis. იგი წარმოადგენს სამკუთხა ფორმის ბოჭკოვან-ხრტილოვან ფირფიტას, რომელიც თავისი ფუძით ფიქსირებულია სხივის ძვლის იდაყვისეულ ნაჭდევთან, წვერით – იდაყვის ძვლის მედიალურ სადგისისებრ მორჩთან – Processus styloideus. დისკო ერთმანეთისაგან აცალკევებს სხივ – იდაყვის დისტალური სახსრის სასახსრე ღრუს სხივ – მაჯის სახსრის სასახსრე ღრუსაგან. სასახსრე ჩანთა – capsula articularis იდაყვისა და სხივის ძვლებს შორის წარმოქმნის პარკისებრ ჯიბეს – recessus sacciformis.
სხივ – იდაყვის დისტალური სახსარი მბრუნველი სახსარია. სხივ – იდაყვის პროქსიმალურ სახსართან ერთად იგი ქმნის კომბინირებულ სახსარს და უზრუნველყოფს სხივის ძვლის ბრუნვას იდაყვის ძვლის ირგვლივ.

Viewed 1155 times by 455 viewers


