გავა – თეძოს სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გავა – თეძოს სახსარი Articulatio sacroiliaca Sacroiliac [ileosacral] articulation

გავა – თეძოს სახსარი – articulatio sacroiliaca, – წყვილი სახსარია; იქმნება თეძოს ძვლისა და გავის შენაწევრებით. გავის ძვლისა და თეძოს ძვლის ყურისებრი სასახსრე ზედაპირები – facies auriculares ბრტყელია, დაფარულია ბოჭკოვანი ხრტილით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis დამაგრებულია სასახსრე ზედაპირების კიდეებზე და გაჭიმულია.

გავა-თეძოს სახსარი

გავა – თეძოს სახსრის იოგოვანი აპარატი წარმოდგენილია სახსრის წინა და უკანა ზედაპირებზე განლაგებული მტკიცე და ძლიერად გაჭიმული ფიბროზული კონებით. სახსრის წინა ზედაპირზე მდებარეობს გავა – თეძოს ვენტრალური იოგები – ligg. sacroiliaca ventralia, რომელთა ბოჭკოების მოკლე კონები მიემართებიან გავის მენჯისმხრივი ზედაპირიდან თეძოს ძვლისაკენ.

სახსრის უკანა ზედაპირზე განლაგებულია შემდეგი იოგები:

1. გავა – თეძოს ძვალთაშუა იოგები – ligg. sacroiliaca inlerossea, – მდებარეობენ გავა- თეძოს სახსრის უკან, გავისა და თეძოს ძვლებს შორის შუალედში, და თავიანთი ბოლოებით ემაგრებიან თეძოს ხორკლსა – Tuberositas iliaca და გავის ხორკლს – Tuberositas sacralis;

2. გავა – თეძოს დორსალური იოგები – ligg. sacroiliaca dorsalia, – ნაწილი კონებისა იწყება თეძოს ძვლის უკანა ქვემო წვეტიდან – Spina iliaca posterior inferior, ემაგრება გავის ლატერალურ ქედს, გავის II-III ხვრელების გაყოლებაზე. დანარჩენი კონები თეძოს ძვლის უკანა ზემო წვეტიდან – Spina iliaca posterior superior მიემართებიან ქვემოთ და მცირედ მედიალურად, ემაგრებიან გავის უკანა ზედაპირს, გავის მეოთხე მალის დონეზე. გავა – თეძოს სახსარი მიეკუთვნება ნაკლებად მოძრავ სახსრების ჯგუფს.

გავა-თეძოს სახსარი

მენჯის ძვალი, გარდა გავა – თეძოს სახსრისა, ხერხემლის სვეტს უკავშირდება შემდეგი იოგებით:
1. გავა-კუკუხოს იოგი – Lig. sacrotuberale, – იწყება საჯდომი ბორცვის (კუკუხოს) მედიალური ზედაპირიდან, მიემართება ზემოთ და მედიალურად, იშლება მარაოსებურად და ფიქსირდება გავისა და კუდუსუნის გარეთა კიდეზე. ბოჭკოების ერთი ნაწილი გადადის საჯდომი ძვლის ტოტის – Ramus ossis ischii ქვემო ნაწილზე, გრძელდება მასზე და წარმოქმნის ნამგლისებრ მორჩს – processus falciformis.

2. გავა – წვეტიანი იოგები – lig. sacrospinale, – იწყება საჯდომი წვეტიდან – spina ischiadica, მიემართება მედიალურად და უკან, ემაგრება გავის ძვლისა და, ნაწილობრივ, კუდუსუნის კიდეებს.

ორივე იოგი დიდ და მცირე საჯდომ ნაჭდევებთან – Incisura ischiadica major et minor ერთად შემოსაზღვრავს ორ ხვრელს: დიდ საჯდომ ხვრელს – foramen ischiadicum majus, და მცირე საჯდომ ხვრელს – Foramen ischiadicum minus. ამ ხვრელებში გაივლის მენჯიდან გამომავალი კუნთები, ასევე სისხლძარღვები და ნერვები.

3. თეძო – წელის იოგი – lig. iliolumbale, – იწყება წელის IV და V მალების განივი მორჩების წინა ზედაპირებიდან, მიემართებიან ლატერალურად, და ემაგრებიან თეძოს ქედის – crista iliaca უკანა ნაწილებსა და თეძოს ძვლის ფრთის მედიალურ ზედაპირს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.