ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდ – ლავიწის სახსარი Articulatio sternoclavicularis Sternoclavicular joint
მკერდ – ლავიწის სახსარი – articulatio sternoclavicularis, – იქმნება მკერდის ძვლის ლავიწისეული ნაჭდევისა – Incisura clavicularis და ლავიწის სამკერდე ბოლოს – Extremitas sternalis შენაწევრებით. სახსარი მიეკუთვნება მარტივ სახსრებს (articulatio simplex); სასახსრე ზედაპირები დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი ხრტილით. სასახსრე ზედაპირებს შორის შეუსაბამობას ათანაბრებს სასახსრე ღრუში მოთავსებული სასახსრე დისკო – discus articularis. მკერდ – ლავიწის სახსრის სასახსრე ჩანთა – capsula articularis, საკმაოდ მტკიცეა და ემაგრება ძვლების სასახრე ზედაპირების კიდეებს. სასახსრე დისკო სასახსრე ღრუს ყოფს ორ ნაწილად: ქვემო მედიალურ და ზემო ლატერალურ ნაწილებად. ზოგჯერ სასახსრე დისკოს შუაში აქვს ხვრელი და ასეთ დროს სახსრის ორივე ღრუ უკავშირდება ერთმანეთს.
მკერ – ლავიწის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. წინა და უკანა მკერდ – ლავიწის იოგები – lig. sternoclaviculare anterius et posterius, – მდებარეობენ სასახსრე ჩანთის წინა, ზემო და უკანა ზედაპირებზე და ამაგრებენ მას;
2. ნეკნ – ლავიწის იოგი – lig. costoclaviculare, – მიემართება პირველი ნეკნის ზემო კიდიდან ზემოთ, ლავიწისაკენ და ზღუდავს მის მოძრაობას ზემოთ;
3. ლავიწთაშუა იოგი – lig. interclaviculare, – გაჭიმულია ლავიწის სამკერდე ბოლოსა და მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევს შორის; ეს იოგი ზღუდავს ლავიწის მოძრაობას ქვემოთ.
მკერდ – ლავიწის სახსარში შესაძლებელია სამივე მიმართულებით მოძრაობა (მცირე დიაპაზონით) და ამიტომ იგი უახლოვდება სფერული სახსრების – articulatio spheroidea ტიპს.
Viewed 1471 times by 599 viewers


