ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი

ქალას ფიბროზული შეერთებანი – junctura fibrosa
ხრტილოვანი შეერთებანი – Junctura cartilaginea

ქალას უწყვეტი შეერთებებია: ქალას ფიბროზული შეერთებანი (სინდესმოზები – Syndesmosis) და ქალას ხრტილოვანი შეერთებანი (სინქონდროზები – Synchondrosis). ფიბროზული ტიპის შეერთებით ერთმანეთს უკავშირდებიან ქალასარქვლის ძვლები და, ნაწილობრივ, სახის ძვლები; ხრტილოვანი ტიპის შეერთებით ერთმანეთს უკავშირდებიან ქალას ფუძის ძვლები.

ქალას ნაკერები

ქალას ფიბროზულ შეერთებებს მიეკუთვნება: ქალას ნაკერები – suturae cranii და აპკები (ყიფლიბანდები – fonticulus cranii).

თავის ქალას ძვლებს შორის სამი სახის ნაკერია: დაკბილული – Sutura serrata, ბრტყელი – Sutura plana და ქიცვისებრი – Sutura squamosa.

ქალას ნაკერები

ქალასარქვლის ნაკერებია:

1. გვირგვინოვანი ნაკერი – Sutura coronalis, – აკავშირებს შუბლის ქიცვსა და ორივე თხემის ძვლის წინა კიდეს;
2. საგიტალური ნაკერი – Sutura sagittalis, – მდებარეობს თხემის ძვლებს შუა;

3. ლამბდისებრი ნაკერი – Sutura lambdoidea, – ერთმანეთთან აკავშირებს კეფის ძვლის ქიცვსა და თხემის ძვლის უკანა კიდეებს;

4. ქიცვისებრი ნაკერი – Sutura squamosa, – თხემის, საფეთქლისა და სოლისებრი ძვლის ფრთებს შორისაა.

ქალას სახის ძვლებს შორის ძირითადად ბრტყელი ნაკერებია. ესენია:

ზედა ყბის ძვალთაშუა ნაკერი – Sutura intermaxillaris; ყვრიმალ – ზედა ყბის ნაკერი – Sutura zygomaticomaxillaris; სასის შუა ნაკერი – Sutura palatina mediana; ცხვირის ძვალთაშუა ნაკერი – Sutura internasalis.

ქალას აპკები ანუ ყიფლიბანდები – FONTICULI CRANII ქალასარქვლის ძვლებს შორის დარჩენილი გაუძვალებელი უბნებია. დროთა განმავლობაში ეს უბნები მთლიანად იცვლება ძვლოვანი ქსოვილით და ძვლებს შორის რჩება მხოლოდ ბოჭკოვანი ჩანაფენი.

ყიფლიბანდი

სულ 6 ყიფლიბანდია – ორი წყვილი და ორი კენტი; ესენია:
წინა ყიფლიბანდი – Fonticulus anterior, მოთავსებულია შუბლის ძვლის ქიცვსა და თხემის ძვლებს შორის; აქვს რომბისებრი ფორმა, ზომით სხვა ყიფლიბანდებზე დიდია, და შესაბამისად, ყველაზე გვიან იხურება ძვლოვანი ქსოვილით.
უკანა ყიფლიბანდი – Fonticulus posterior, მოთავსებულია თხემის ძვლებსა და კეფის ძვალს შორის; სამკუთხა ფორმისაა და შედარებით ძნელად ისინჯება.

ყიფლიბანდი

სოლისებრი ყიფლიბანდი – Fonticulus sphenoidalis, – წყვილია და მდებარეობს თხემის ძვლის სოლისებრ კუთხესთან; აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძეს ქმნის საფეთქლის ძვლის ქიცვი და სოლისებრი ძვლის დიდი ფრთა, უკანა ზედა გვერდს – თხემის ძვალი, წინა ზედა გვერდს – შუბლის ძვლის ქიცვი.
დვრილისებრი ყიფლიბანდი – Fonticulus mastoideus, – წყვილია და მდებარეობს თხემის ძვლის დვრილისებრ კუთხეს, კეფის ქიცვსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრ ნაწილს შორის.

ქალას ხრტილოვანი შეერთებებიდან – SYNCHONDROSES CRANII აღსანიშნავია:

1. სოლისებრ – კეფის სინქონდროზი – Synchondrosis sphenooccipitalis, – აკავშირებს კეფისა და სოლისებრ ძვლების სხეულებს;

2. სოლისებრ – კლდოვანი სინქონდროზი – Synchondrosis sphenopetrosa, – მოთავსებულია სოლისებრი ძვლის დიდ ფრთასა და საფეთქლის ძვლის პირამიდას შორის;
3. კეფა – კლდოვანი სინქონდროზი – Synchondrosis petrooccipitalis, – აკავშირებს კეფის ძვლის სხეულის გვერდებს საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის მედიალურ კიდესთან.
4. კეფისშიგა უკანა სინქონდროზი – Synchondrosis intraoccipitalis posterior;
5. კეფისშიგა წინა სინქონდროზი – Synchondrosis intraoccipitalis anterior.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.