მხრის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მხრის სახსარი Articulatio humeri Humeral articulation (shoulder joint)

მხრის სახსარში – articulatio humeri მხრის ძვლის თავი – caput humeri ენაწევრება ბეჭის ძვლის სასახსრე ფოსოს – Cavitas glenoidalis. სასახსრე ზედაპირები დაფარულია ჰიალინური ხრტილით და ერთმანეთს არ შეესაბამებიან. სასახსრე ზედაპირების კონგრუენტულობა იზრდება სასახსრე ბაგის – labrum glenoidale ხარჯზე, რომელიც მდებარეობს სასახსრე ფოსოს კიდეზე. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ფიქსირებულია სასახსრე ფოსოსა და სასახსრე ხრტილის კიდეზე, და სასახსრე ბაგის გარეთა კიდეზე. მხრის ძვალს სასახსრე ჩანთა ემაგრება ანატომიურ ყელზე.

მხრის სახსარი

სასახსრე ჩანთა სუსტადა გაჭიმული. ქვემო მედიალურ ნაწილში იგი ნაზია, ხოლო დანარჩენ ნაწილში მისი ფიბროზული შრე გამაგრებულია მასში ჩაწნული კუნთების მყესებით –   ზემო უკანა და ლატერალურ ნაწილებში – ქედზედა, ქედქვედა და მცირე მრგვალი კუნთებით – mm. supraspinatus, infraspinatus et teres minor, და მედიალურ ნაწილში – ბეჭქვეშა კუნთით – m. subscapularis. მხრის სახსარში მოძრაობისას აღნიშნული კუნთები ჭიმავენ სასახსრე ჩანთას და ხელს უშლიან სასახსრე ზედაპირებს შორის მის ჩაჭედვას. სასახსრე ჩანთა მხრის ძვალზე გადაუვლის ბორცვთაშუა ღარს – sulcus intertubercularis ისე, რომ მათ შორის იქმნება ხვრელი; ამ ხვრელში გაივლის მხრის ორთავა კუნთის – m. biceps brachii გრძელი თავის მყესი, რომლიც იწყება ზედა სასახსრე ბორცვიდან – tuberculum supraglenoidale და სასახსრე ბაგის კიდიდან, გაივლის მხრის სასახსრე ღრუს და წვება ბორცვთაშუა ღარში. მხრის სასახსრე ღრუში მხრის ორთავა კუნთის მყესი დაფარულია სინოვიური გარსით, რომელიც გაყვება მას ბორცვთაშუა ღარში, ანატომიური ყელიდან 2 – 5 სმ-ით ქვემოთ. შემდეგ სინოვიური გარსი გადადის სასახსრე ჩანთის სინოვიურ გარსში. ამგვარად, ბორცვთაშუა ღარში მხრის ორთავა კუნთის მყესის ირგვლივ იქმნება ბორცვთაშუა სინოვიური ბუდე – Vagina synovialis intertubercularis.

მხრის სახსარი

სასახსრე ღრუ ხშირად უკავშირდება ბეჭქვეშა კუნთის აბგას – bursa m. subscapularis, რომელიც მდებარეობს ნისკარტისებრი მორჩის ფუძესთან. მხრის სახსარს აქვს მხოლოდ ერთი – ნისკარტ – მხრის იოგი – lig. coracohumerale, რომელიც გაჭიმულია ნისკარტისებრი მორჩის გარეთა კიდიდან მხრის ძვლის დიდ ბორცვამდე – Tuberculum majus. მხრის სახრის ზემოთ მდებარეობს ნისკარტ – აკრომიონის იოგი – lig. ñîràcoacromiale, რომელიც აკრომიონსა და ნისკარტისებრ მორჩთან ერთად ქმნის მხრის თაღს. მხრის თაღი იცავს მხრის სახსარს ზემოდან და ზღუდავს მხრის განზიდვასა და ხელის აწევას მხრის დონის ზემოთ. კიდურის შემდგომი მოძრაობა ზემოთ ხორციელდება მასთან ერთად ბეჭის მოძრაობის ხარჯზე. მხრის სახსარი თავისი ფორმით მიეკუთვნება სფერულ სახსრებს – articulatio spheroidea.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.