მკერდ-ნეკნის სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდ-ნეკნის სახსრები –  Articulaciones sternocostales;  Sternocostal articulations

ნეკნების წინა ბოლოები მთავრდება ნეკნის ხრტილით – Cartilago costalis. პირველი (I) ნეკნის ხრტილი შეზრდილია მკერდის ძვალთან (სინქონდროზი). II-VII ნეკნების ხრტილები ენაწევრებიან მკერდის ძვლის სანეკნე ნაჭდევებს – Incisurae costales და წარმოქმნიან მკერდ – ნეკნის სახსრებს – articulationes sternocostales.

მკერდ-ნეკნის სახსარი

ამ სახსრების ღრუები წარმოადგენენ ვიწრო, ვეტიკალურ ნაპრალს, რომელსაც მეორე ნეკნის ხრტილის სასახსრე ღრუში აქვს მკერდ – ნეკნის სახსარშიგა იოგი – lig. sternocostale intraarticulare. ეს იოგი მეორე ნეკნის ხრტილიდან მიემართება მკერდის ძვლის სხეულისა და ტარის შეერთების ადგილისაკენ. აღნიშნული იოგი მკერდ – ნეკნის სხვა სახსრების სასახსრე ღრუში სუსტად, ან საერთოდ არ არის განვითარებული.  სახსრების სასახსრე ჩანთები გამაგრებულია მკერდ – ნეკნის სხივისებრი იოგებით – ligg. sternocostalia radiata; იოგები ნეკნის ხრტილიდან სხივისებურად მიემართებიან მკერდის ძვლის წინა და უკანა ზედაპირებისაკენ და მოპირდაპირე მხარის, ასევე ზემოთ და ქვემოთ მდებარე თანამოსახელე იოგებთან წარმოქმნიან ჯვრედინებსა და წნულებს; შედეგად იქმნება მკერდის მფარავი ფიბროზული შრე – მკერდის აპკი – membrana sterni. VI-VII ნეკნების ხრტილების წინა და უკანა ზედაპირებიდან გამომავალი ბოჭკოების კონა მიემართება ირიბად ქვემოთ და მედიალურად მახვილისებრი მორჩისკენ – Processus xiphoideus და წარმოქმნიან ნეკნ – მახვილისებრ იოგებს – ligg. costoxiphoidea. V – IX -მდე ნეკნების ხრტილები ერთმანეთს უერთდებიან ბოჭკოვანი ქსოვილითა და ხრტილთაშუა სახსრებით – articulationes interchondrales. მეათე ნეკნი ბოჭკოვანი ქსოვილით უკავშირდება მეცხრე ნეკნის ხრტილს, ხოლო XI და XII ნეკნები წინა ბოლოებით თავისუფლად მდებარეობენ მუცლის კუნთებში.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.