კისრის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის ვენები Veins of neck

კისრის ვენები – მხარ – თავის ვენები  სისხლს კრებენ თავიდან, კისრიდან და ზემო კიდურებიდან. თითოეული მხარ-თავის ვენა წარმოიქმნება ორი ვენისაგან >>>>

ლალი დათეშიძე

მხარ – თავის ვენები (მარჯვენა და მარცხენა) – Vv. brachicephalicae [dextra et sinistra] სისხლს კრებენ თავიდან, კისრიდან და ზემო კიდურებიდან. თითოეული მხარ-თავის ვენა წარმოიქმნება გულმკერდის ზემო შესავალში – apertura thoracis superior, შესაბამისი მკერდ – ლავიწის სახსრის უკან, ორი ვენისაგან: შიგნითა საუღლე ვენისა – v.jugularis interna, და ლავიწქვეშა ვენისაგან – v. subclavia.

კისრის ვენები

მარჯვენა მხარ – თავის ვენა – v. brachiocephalica dextra, რომელიც იქმნება მარჯვენა მკერდ – ლავიწის სახსრის უკან, ეშვება ქვემოთ, თითქმის ვერტიკალურად, პირველი ნეკნის მედიალური ბოლოსაკენ, სადაც ერწყმის მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ვენას. ვენის მარჯვენა ზედაპირი ესაზღვრება პარიეტულ პლევრას.

მარცხენა მხარ – თავის ვენა – v. brachiocephalica sinistra, ორჯერ უფრო გრძელია მარჯვენაზე. წარმოქმნის ადგილიდან იგი მიემართება ირიბად, ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, მკერდის ტარის – manubrium sterni უკან და თითქმის სწორი კუთხით ერთვის მარჯვენა მხარ – თავის ვენას. თავისი უკანა ზედაპირით ესაზღვრება აორტის რკალსა და მის ტოტებს. უკანა ზედაპირით ვენა ესაზღვრება ცდომილ და შუასაძგიდის ნერვებს.

მხარ – თავის ვენებს ერთვიან:
1. შუასაყარის ორგანოების ვენები: ა) მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის ) ვენები – Vv. thymicae; ბ) შუასაყარის ვენები – Vv. mediastinales; გ) პერიკარდიუმის ვენები – Vv. pericardiacae; დ) საყლაპავის მილის ვენები – vv. esophageae; ე) ბრონქული ვენები – Vv. bronchiales; ვ) სასულეს ვენები – Vv. tracheales; ზ) შუასაძგიდ – პერიკარდიუმის ვენები – Vv. pericardiacophrenicae.

2. ნეკნთაშუა ზემდებარე ვენები – Vv. intercostalis suprema, – მარცხენა და მარჯვენა, მარჯვენა მხრიდან კრებენ სისხლს ზემო 2 – 3 ნეკნთაშუა სივრციდან, მარცხნივ – ზემო 3 – 4 ნეკთნაშუა სივრციდან. მარჯვენა ნეკნთაშუა ზემდებარე ვენა ხშირად ერთვის უშუალოდ მარჯვენა მხარ – თავის ვენას, მარცხენა ნეკნთაშუა ზემდებარე ვენა – ერთვის მარცხენა მხარ – თავის ვენას, ან დამატებით ნახევრად კენტ ვენას; ამ შემხვევეაში იგი ყოველთვის დაკავშირებულია მხარ – თავის ვენასთან.

3. ფარისებრი ქვემო ვენა – V. thyroidea inferior, (1 – 3) იწყება ფარისებრი კენტი წნულიდან – Plexus thyroideus impar, რომელიც მდებარეობს სასულეს ზემო ნაწილისა და ფარისებრი ჯირკვლის ქვემო ნაწილის წინა ზედაპირზე. ეს წნული უერთდება ფარისებრ ზემო ვენებს, სასულეს, ხორხისა და საყლაპავი მილის ვენებს.

4. კისრის ღრმა ვენა – v. cervicalis profunda, წყვილია; იწყება ატლანტის უკანა რკალის მიდამოში. ქმნის ანასტომოზს კეფის ვენასთან – v. occipitalis, შემდეგ მიემართება ქვემოთ, კისრის მალების განივი მორჩების უკან; აგროვებს სისხლს კეფის კუნთებიდან და ზოგჯერ ერთვის მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica, უფრო ხშირად კი – ხერხემლის ვენას – v. vertebralis.

5. ხერხემლის ვენა – v. vertebralis წყვილია; იწყება კეფის ძვალთან, კეფის დიდი ხვრელის უკანა პერიფერიის მიდამოში, სადაც იგი ქმნის ანასტომოზს კეფის ვენასთან. ხერხემლის ვენა ხერხემლის არტერიასთან ერთად წარმოქმნის წნულს და მთელს გაყოლებაზე ღებულობს ვენებს ხერხემლის სვეტის ვენური წნულიდან და კისრის ღრმა ვენებიდან. ხერხემლის ვენის ქვემო ბოლო გამოდის კისრის VI ზოგჯერ VII მალების განივი ხვრელიდან – foramen transversarium, მიემართება წინ, წვება ლავიწქვეშა არტერიის წინ და ერთვის მხარ – თავის ვენას დასაწყის ნაწილში.

6. გულმკერდის შიგნითა ვენები – vv. thoracicae internae, ორ – ორი ორივე მხარეზე, მიყვებიან თანამოსახელე არტერიებს. ეს ვენების იწყება მუცლის კედელში ზემო ეპიგასტრული ვენების – vv. epigastricae superiores სახელწოდებით. მათ აქვთ სარქველები, აგროვებენ სისხლს მუცლის წინა კედლის ზემო ნაწილიდან და ქმნიან ანასოტომოზურ კავშირს ქვემო ეპიგასტრულ ვენასთან – v. epigastrica inferior, რომელიც მიეკუთვნებს ქვემო ღრუ ვენის – v. cava inferior  სისტემას. ზემო ეპიგასტრული ვენები მიემართებიან ზემოთ, შემოუვლიან ნეკნთა რკალის უკანა ზედაპირს, შედიან გულმკერდის ღრუში და  აქედან მათ ეწოდებათ გულმკერდის შიგნითა ვენები – vv. thoracicae internae. გულმკერდის შიგნითა ვენები ღებულობენ წყვილ კუნთ – შუასაძგიდის ვენებს – Vv. musculophrenicae და ნეკნთაშუა წინა ვენების – vv. intercostales anteriores წინა ბოლოებს ზემო 9 – 10 ნეკნათაშუა სივრციდან, ასევე გამგმირავ ვენებს – vv. perforantes (მათ შორის სარძევე ჯირკვლის ვენებს). თავის გზაზე გულმკერდის შიგნითა ვენები ამყარებენ ერთმანეთთან ანასტომოზურ კავშირს. თითოეულ მხარეზე ისინი ერწყმიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ერთ ღეროს. მარცხენა გულმკერდის შიგნითა ვენა ერთვის მარცხენა მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica sinistra. მარჯვენა გულმკერიდის შიგნითა ვენა ერთვის მარჯვენა მხარ – თავის ვენას ან უშუალოდ ზემო ღრუ ვენას.

გარეთა და შიგნითა საუღლე ვენები

1. შიგნითა საუღლე ვენა – v. jugularis interna წარმოადგენს მთავარ ვენურ კოლექტორს, რომელშიც იკრიბება თავისა და კისრის ვენური სისხლი. ქალას ფუძედან იგი ვრცელდება ლავიწზედა ფოსომდე, სადაც ჩაერთვება ლავიწქვეშა ვენას – v. subclavia, და წარმოქმნის მხარ – თავის ვენას – v. brachicephalica. შიგნითა საუღლე ვენა აგროვებს ვენური სისხლის უდიდეს ნაწილს ქალას ღრუდან და თავისა და კისრის რბილის ქსოვილებიდან. გარდა შიგნითა საუღლე ვენისა, თავისა და კისრის რბილი ქსოვილებიდან სისხლს კრებს ასევე გარეთა საუღლე ვენა – v. jugularis externa.

2. გარეთა საუღლე ვენა – v. jugularis externa წარმოიქმნება ქვედა ყბის კუთხის დონეზე, ყურის ნიჟარის ქვეშ, ორი ვენური ღეროს შეერთებით: გარეთა საუღლე ვენასა და ქვედაყბისუკანა ვენას – v. retromandibularis, შორის არსებული ანასტომოზისა და ყურის უკანა ვენის – v. auricularis posterior შეერთებით. გარეთა საუღლე ვენა თავისი წარმოქმნის ადგილიდან ეშვება ქვემოთ, მიყვება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus გარეთა ზედაპირს, მოთავსებულია უშუალოდ პლატიზმას (კისრის კანქვეშა კუნთი) – platysma ქვეშ; აღწევს კუნთის უკანა კიდეს და მიყვება მას; არმისული ლავიწამდე, იგი გაივლის კისრის ფასციას – fascia cervicalis და ჩაერთვება ლავიწქვეშა ვენას – v. subclavia, ან შიგნითა საუღლე ვენას, ზოგჯერ კი – ვენურ კუთხეს, რომელიც წარმოადგენს შიგნითა საუღლე ვენისა და ლავიწქვეშა ვენის შეერთების ადგილს.

კისრის ვენები

გარეთა საუღლე ვენას უერთდება შემდეგი ვენები:
1. ყურის უკანა ვენა – V. auricularis posterior, კრებს სისხლს ყურის ნიჟარის უკან მდებარე ზედაპირული წნულიდან; აქვს კავშირი დვრილისებრ გამოსაშვებ ვენასთან – V. emissaria mastoidea.

2. კეფის ვენა – v. occipitalis, კრებს ვენურ სისხლს კეფის ვენური წნულიდან, რომელიც იკვებება თანამოსახელე არტერიით. საუღლე ვენას იგი ერთვის გარეთა ყურის უკანა ვენაზე უფრო ქვემოთ. ზოგჯერ კეფის ვენა უერთდება შიგნითა საუღლე ვენას.3. ბეჭზედა ვენა – V. suprascapularis მიყვება თანამოსახელე არტერიას ორი ღეროს სახით; ღეროები ერთდებიან და წარმოქმნიან ერთ ღეროს, რომელიც ერთვის გარეთა საუღლე ვენას ან ლავიწქვეშა ვენას.

4. წინა საუღლე ვენა – v. jugularis anterior, წარმოიქმნება ნიკაპის მიდამოს კანის ვენებისაგან, საიდანაც მიემართება ქვემოთ, შუა ხაზთან ახლოს; თავდაპირველად მოთავსებულია ყბა – ინის კუნთის – m. sternohyoideus წინა ზედაპირზე, შემდეგ კი – მკერდ – ინის კუნთის – m. sternohyoideus წინა ზედაპირზე. მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევის – Incisura jugularis ზემოთ ორივე მხარის წინა საუღლე ვენები შედიან ფასციებშუა მკერდზედა სივრცეში და ერთმანეთს უკავშირდებიან კარგად განვითარებული ანასოტმოზით, რომელსაც საუღლე ვენური რკალი – arcus venosus juguli ეწოდება. შემდეგ საუღლე ვენა იხრება გარეთ, გაივლის მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus უკან და ერთვის გარეთა საუღლე ვენას. ზოგჯერ ორივე მხარის წინა საუღლე ვენები ერთდებიან და წარმოქმნიან კისრის შუა ვენას.

შიგნითა საუღლე ვენა – v. jugularis interna იწყება ქალას საუღლე ხვრელში – Foramen jugulare და იკავებს მის უკანა, უდიდეს ნაწილს. ვენის საწყისი ნაწილი გაფართოებულია და ეწოდება საუღლე ვენის ზემო ბოლქვი – bulbus jugularis superior. ბოლქვიდან ვენის ძირითადი ღერო მიემართება ქვემოთ, თავდაპირველად ესაზღვრება შიგნითა საძილე არტერიის – a. carotis interna უკანა ზედაპირს, შემდეგ კი გარეთა საძილე არტერიის – a. carotis externa წინა ზედაპირს. ხორხის ზემო კიდის დონიდან შიგნითა საუღლე ვენა საერთო საძილე არტერიასთან – a. carotis communis და ცდომილ ნერვთან – n. vagus ერთად, მოთავსებულია კისრის ღრმა კუნთებზე, მკერ – ლავიწ-დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus უკან, საერთო შემაერთებელქსოვილოვან ბუდეში და წარმოქმნის კისრის ნერვულ – სისხლძარღვოვან კონას, სადაც შიგნითა საუღლე ვენა – v. jugularis interna ძევს ლატერალურად, საერთო საძილე არტერია – a. carotis communis – მედიალურად, ცდომილი ნერვი – n. vagus კი მოქცეულია მათ შორის და უკან. მკერდ – ლავიწის სახსრის ზემოთ, შიგნითა საუღლე ვენის ქვემო ბოლოსთან, ლავიწქვეშა ვენასთან მის შეერთებამდე, აღინიშნება გაფართოება – საუღლე ვენის ქვემო ბოლქვი – bulbus jugularis inferior, რომელსაც ზემო ნაწილში, ლავიწქვეშა ვენასთან შეერთების ადგილზე აქვს სარქველები. მკერდ – ლავიწის სახსრის უკან შიგნითა საუღლე ვენა უერთდება ლავიწქვეშა ვენას და წარმოქმნის მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica. მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენა ხშირად უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე მარცხენა. შიგნითა საუღლე ვენის ყველა ტოტი იყოფა ქალაშიდა და ქალას გარეთა ტოტებად.

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.