კოჭ-წვივის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კოჭ-წვივის სახსარი   Articulatio tolocruralis;   Ankle [talocrural] joint

კოჭ – წვივის სახსარი – Articulatio talocruralis, – წარმოქმნილია კანჭის ორივე ძვლის დისტალური ეპიფიზებისა და კოჭის ძვლის სხეულის შენაწევრებით.

კოჭ-წვივის სახსარი

კოჭის ძვლის სასახსრე ზედაპირს ზემოდან აქვს ჭაღის ფორმა და ებჯინება დიდი წვივის ქვედა სასახსრე ზედაპირს, გვერდებზე კი აქვს ბრტყელი სასახსრე ზედაპირები – ლატერალური გოჯისმხრივი ზედაპირი – Facies malleolaris lateralis და მედიალური გოჯისმხრივი ზედაპირი – Facies malleolaris medialis, რომლებითაც უკავშირდება კანჭის ძვლების გოჯებს. კანჭის ძვლები ჩანგლისებურად ერგებიან კოჭის ძვლის ჭაღს.
სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ფიქსირებულია სასახსრე ხრტილის კიდეზე და მხოლოდ კოჭის ძვლის სხეულის წინა ზედაპირზე სცილდება მას და ემაგრება კოჭის ყელს. სასახსრე ჩანთის წინა და უკანა ზედაპირები სუსტადაა დაჭიმული.

კოჭ-წვივის სახსარი

კოჭ-წვივის სახსრის იოგები განლაგებულია მის ორივე გვერდით ზედაპირებზე:
1. მედიალური (დელტისებრი) იოგი – lig. mediale (deltoideum), – იყოფა შემდეგ ნაწილებად:
ა) დიდწვივ-კოჭის წინა ნაწილი – Pars tibiotalaris anterior მიემართება მედიალური გოჯის წინა ზედაპირის წინა კიდიდან ქვემოთ და წინ და ემაგრება კოჭის ძვლის უკანა მედიალურ ზედაპირს; ბ) დიდწვივ – ნავისებრი ნაწილი – Pars tibionavicularis, – უფრო გრძელია, იწყება მედიალური გოჯიდან და აღწევს ნავისებრი ძვლის დორსალურ ზედაპირს; გ) დიდწვივ – ქუსლის ნაწილი – Pars tibiocalcanea, – გაჭიმულია მედიალურ გოჯსა და კოჭის საბჯენს – Sustentaculum tali შორის; დ) დიდწვივ – კოჭის უკანა ნაწილი – Pars tibiotalaris posterior, – მიემართება მედიალური გოჯის უკანა კიდიდან ქვემოთ და ლატერალურად და ემაგრება კოჭის ძვლის სხეულის უკანა მედიალურ ნაწილებს.

2. კოჭ – მცირე წვივის წინა იოგი – Lig. talofibulare anterius, – მიემართება ლატერალური გოჯის წინა კიდიდან კოჭის ძვლის ყელის გვერდითი ზედაპირისაკენ;

3. ქუსლ – მცირე წვივის იოგი – Lig. calcaneofibulare, – იწყება ლატერალური გოჯის გარეთა ზედაპირიდან, მიემართება ქვემოთ და უკან, ფიქსირდება  ქუსლის ძვლის ლატერალურ ზედაპირზე;

4. კოჭ – მცირე წვივის უკანა იოგი – Lig. talofibulare posterius, – მიემართება ლატერალური გოჯის უკანა კიდიდან, თითქმის ჰორიზონტალურად, კოჭის ძვლის უკანა მორჩის ლატერალური ბორცვისაკენ.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.