წინა ტერფის სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. წინა ტერფის სახსრები Articulationes metatarsea

1. წინა ტერფის ძვალთაშუა სახსრები – Articulationes intermetatarseae, – განლაგებულნი არიან წინა ტერფის ძვლების ფუძეთა შორის. სახსრებში მოძრაობა შეზღუდულია
სახსრები გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
ა)  წინა ტერფის ძვალთაშუა იოგები – ligg. metatarsea interossea
ბ) წინა ტერფის დორსალური იოგები – ligg. metatarsea dorsalia
გ) წინა ტერფის პლანტარული იოგები – ligg. metatarsea plantaria

წინა ტერფის ძვლებს შორის შუალედებს წინა ტერფის ძვალთაშუა სივრცეები ეწოდება – spatia interossea metatarsi.

წინა ტერფის სახსრები

2. წინატერფ – ფალანგთა სახსრები – articulationes metatarsophalangeae, – წარმოქმნილია პროქსიმალური ფალანგების ფუძეებისა და წინა ტერფის ძვლების თავების სასახსრე ზედაპირების დაკავშირებით. წინა ტერფის II-III ძვლების თავებს აქვთ სფერული ფორმა, დორსალური ზედაპირი კი რამდენადმე შევიწროებულია. სასახსრე ჩანთები – capsulae articulares, დამაგრებულია სასახსრე ხრტილების კიდეებზე და სუსტადაა დაჭიმული. სასახსრე ჩანთას ზედა მხარეზე (ტერფზურგის მხარეზე) იოგები არა აქვს, ტერფძირის მხრიდან გამაგრებულია პლანტარული იოგებით – ligg. plantaria, გვერდებიდან კი – გვერდითი იოგებით – ligg. collateralia.
გარდა ამისა, წინა ტერფის ძვლების თავებს შორის გაჭიმულია წინა ტერფის ღრმა განივი იოგი – lig. metatarseum transversum profundum. წინატერფ – ფალანგთა სახსრები მიეკუთვნებიან სფერულ სახსრთა  ჯგუფს – articulatio spheroidea.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.