გაუპატიურება

დანაშაული ქალის სქესობრივი ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ. გაუპატიურების შემთხვევაში მამაკაცი იჭერს ქალთან სქესობრივ კავშირს მისი თანხმობის გარეშე, რისთვისაც იგი მიმართავს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას (ცემა, შეკვრა, მკვლელობისა თუ დამახინჯების მუქარა და სხვ.) ანდა სარგებლობს ქალის უმწეო მდგომარეობით (როცა დაზარალებულს არ ესმის მის მიმართ ჩადენილი ქმედობის ხასიათი და მნიშვნელობა, მაგ. მცირეწლოვანობის, ჭკუასუსტობის გამო; ან როცა მას ფიზიკურად არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს ავადმყოფური მდგომარეობის – დამბლის გულის წასვლის, ძლიერი სიმთვრალის გამო და სხვ.). გაუპატიურებად არ ითვლება ქალთან სქესობრივი კავშირი მისი თანხმობით, თუნდაც მამაკაცმა მოტყუებით შეაცდინოს იგი ან ბოროტად გამოიყენოს მინი ნდობა (მაგ., დაპირდეს, რომ ცოლად შეირთავს). გაუპატიურებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა მამაკაცი 14 წლის ასაკიდან. ამ დანაშაულისათვის კანონით დაწესებულია მკაცრი სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3-იდან 7 წლამდე; ან თუ დამნაშავეს ადრეც ჰქონდა ჩადენილი ასეთივე დანაშაული, – 5-იდან 10 წლამდე; პირთა ჯგუფის ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ჩადენილი გაუპატიურება, ანდა ისეთივე გაუპატიურება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ასევე არასრულწლოვანის გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 15 წლამდე, ან სიკვდილით (საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 117). საქმე გაუპატიურების შესახებ, თუ მას არ ახლავს დამამძიმებელი გარემოება, აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, მაგრამ არ შეიძლება შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო.

ვ. მაყაშვილი, ,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ , ტ. 3., 1977 წ.