მუცლის წინა კედლის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის წინა კუნთები Anterior muscles of abdomen

მუცლის წინა კედლის კუნთებია: მუცლის სწორი კუნთი – m. rectus abdominis და პირამიდული კუნთი – m. pyramidalis

მუცლის კუნთები
1. მუცლის სწორი კუნთი – m. rectus abdominis წყვილი, ბრტყელი კუნთია, მიეკუთვნება მუცლის გრძელ კუნთებს; მდებარეობს მუცლის კედლის წინა ნაწილში, მუცლის თეთრი ხაზის – linea alba პარალელურად, რომელიც მიემართება შუა ხაზზე მახვილისები მორჩიდან – processus xiphoideus ბოქვენი სიმფიზამდე. მუცლის სწორი კუნთი იწყება V- VII ნეკნების ხრტილებიდან და მახვილისებრი მორჩიდან – processus xiphoideus, მიემართება ქვემოთ, ვიწროვდება და უმაგრდება ბოქვენის ძვალს, სიმფიზსა – symphysis და ბოქვენის ბორცვს – tuberculum pubicum. შორის შუალედში. მუცლის სწორი კუნთის კუნთოვანი კონები წყდებიან განივად მიმავალი 3-4 მყესოვანი ძგიდეებით – intersecliones tendineae. მათგან ორი მდებარეობს ჭიპის ზემოთ, ერთი – ჭიპის დონეზე, შედარებით სუსტად განვთარებული მეოთხე ძგიდე – ჭიპის ქვემოთ.

2. პირამიდული კუნთი – m. pyramidalis წყვილი, სამკუთხა ფორმის კუნთია; იწყება ბოქვენის ძვლიდან; მისი კონები მიემართებიან ზემოთ და მთავრდებიან თეთრი ხაზის ქვემო ნაწილის სხვადასხვა დონეებზე.
ორივე კუნთი, როგორც სწორი, ასევე პირამიდული, მოთავსებულია მუცლის სწორი კუნთის ბუდეში – vagina m. recti abdominis, რომელიც წარმოქმნილია მუცლის განიერი კუნთების აპონევროზით.

მოქმედება: წარმოადგენენ მუცლის პრესის ნაწილს; ხრიან ტანს წინისაკენ; პირამიდული კუნთები ჭიმავენ მუცლის თეთრ ხაზს.
ინერვაცია: nn. intereostales, n. lumbalis

სისხლმომარაგება: მუცლის სწორი კუნთი – aa. epigastricae superior et inferior, პირამიდული კუნთი – aa. cremasterica, epigastrica inferior.

მუცლის კუნთები

მუცლის კედლის კუნთები მონაწილეობენ სუნთქვის აქტში, მდებარეობას უცვლიან ხერხემლის სვეტს; ყველა კუნთის შეკუმშვა (გარდა განივისა) სწევს გულმკერდს ქვემოთ – და ხერხემლის სვეტი იხრება წინ; ერთ მხარეზე შეკუმშვისას ხდება ხერხემლის სვეტის გვერდით მხარეზე გადახრა. გარეთა ირიბი კუნთის ცალმხრივი შეკუმშვისას ხდება ხერხემლის სვეტის ბრუნვა შეკუმშული კუნთის მოპირდაპირე მხარეზე, ხოლო შიგნითა ირიბი კუნთის შეკუმშვისას ხერხემლის სვეტი მიტრიალდება მის შესაბამის მხარეზე.

მუცლის კედლის კუნთები და დიაფრაგმა, თავიანთი ტონუსით, საჭირო დონეზე ინარჩუნებენ მუცელშიგა წნევას, რასაც მნიშვნელობა აქვს მუცლის ღრუს ორგანოების გარკვეულ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. მუცლის კედლის კუნთების ტონუსის მოდუნებისას (ატონია) ხდება მუცელშიგა წნევის დაქვეითება და შედეგად, ორგანოთა დაწევა (პტოზი). მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვისას მცირდება მუცლის ღრუს მოცულობა, ორგანოები განიცდიან ზეწოლას და ხდება მათი გამოთავისუფლება (დეფეკაციის, მოშარდვის, მშობიარობის აქტები). გამომდინარე აქეედან, მუცლის კედლის კუნთებს მუცლის პრესის კუნთები – prelum abdominale ეწოდება.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.